კომენტარი

ნაცვლიშვილი: კადრების გავრცელების შეჩერება ნაკლებად შემზღუდველი ფორმებით უნდა მოხდეს

12 აპრილი, 2016 • 1234
ნაცვლიშვილი: კადრების გავრცელების შეჩერება ნაკლებად შემზღუდველი ფორმებით უნდა მოხდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტრა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შესაჩერებლად, კრიზისულ ვითარებაში, შესაძლებელია ვებ-გვერდების მთლიანად დაბლოკვა, თუმცა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ვიდეოების გავრცელების შეჩერება ნაკლებად შემზღუდველი მეთოდებით მოხდეს.

ნეტგაზეთი საიას თავმჯდომარეს 12 აპრილს კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ დაწყებული ახალი კამპანიის”სამართალი ითხოვს” პრეზენტაციაზე ესაუბრა.

“როდესაც ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ კადრები იხილოს ფართო საზოგადოებამ და მათი გადამრავლება მოხდეს სულ რაღაც წუთებში, მოვუწოდოთ პროკურატურას, რომ არ დაბლოკოს საიტი, არ არის სწორი მოწოდება. თუმცა მოწოდება არის ჩვენი მხრიდან ის, რომ პროკურატურამ და შესაბამისმა უწყებებმა იმუშაონ იმისთვის, რომ ნაკლებად შემზღუდველი ფორმებით უზრუნველყონ იმ მიზნის მიღწევა, რასაც ემსახურება, ამ შემთხვევაში, დაბლოკვა. ანუ შესაძლებელია თუ არა სხვა მეთოდით, მაგალითად, უფრო სწრაფად დაკავშირება მოხდეს შესაბამის საიტთან და აღება ვიდეოსი, – ეს იქნება გაცილებით ნაკლები ჩარევა სხვა პირთა უფლებებში, ვიდრე ის, რომ რამდენიმე საათით მთლიანად გაითიშოს ვებ-საიტი.

თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს, მნიშვნელოვანია მოხდეს კადრების არგავრცელების უზრუნველყოფა და შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში დაბლოკვაც გარკვეულ კონტექსტში იყოს გამართლებული. მაგრამ იმაზე უნდა მუშაობდნენ და მზად უნდა იყვნენ შესაბამისი უწყებები ამ ტიპის სცენარებისთვის და მოფიქრებული უნდა ჰქონდეთ ზომები, რომლებიც ნაკლებ შემზღუდველია სხვა პირთა უფლებების, ვიდრე მთლიანად საიტის დაბლოკვა,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

2016 წლის 11 მარტს, როდესაც, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, youtube მომხმარებელთა ნაწილისთვის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო დაბლოკილი. ვიდეო სწორედ ამ სოციალურ ქსელზე აიტვირთა. youtube დაიბლოკა რამდენიმე დღის შემდეგ, 14 მარტსაც, როდესაც კვლავ გავრცელდა მსგავსი შინაარსის მქონე ვიდეო. დღეს, 12 აპრილსაც, დილით ერთ-ერთი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საიტზე, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდებოდა. ამ დრომდე ამ კონკრეტულ საიტზე წვდომა შეზღუდულია.

თუმცა, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გარკვეული კონტენტის შეზღუდვის მიზნით მთლიანად პლატფორმაზე შეიზღუდა წვდომა. 2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი