“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტები ადასტურებს იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და საჭიროა ის საერთაშორისო მისიამ გამოიძიოს.
ანა ნაცვლიშვილის ამბობს, რომ ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, რომელიც ტოვებს რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს:
“ქართული ოცნების” ჯიბის პროკურატურა ვერ და არ გამოიძიებს ამას. პროკურატურას გამოძიების სურვილი და რეალური ნება რომ ჰქონოდა, მას არ დასჭირდებოდა საგამოძიებო სიუჟეტი და თავად მიიღებდა იმ ზომებს, რომელთა მიღებაც საქართველოს კანონმდებლობით ევალება. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, ამიტომ, ამას სჭირდება საგანგებო საგამოძიებო მექანიზმი საერთაშორისო მისია.”
ანა ნაცვლიშვილის აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და დაადგენს მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად მიუკერძოებლად, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების გარეშე.
ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართული ოცნება” თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს.
“ნოდარ მელაძის შაბათის” თანახმად, “ოცნების” ქოლ-ცენტრები საარჩევნო უბნებთან ახლოს მდებარეობდა, მათ შორის ჩუღურეთში საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტში, ასევე უფასო სასადილოში.
სიუჟეტის თანახმად, რომელიც გადაცემის ავტორების თანახმად, “ქართული ოცნებიდან” გამოჟონილ ჩანაწერებსა და დოკუმენტებს ეფუძნება, თითოეულ ასეთ ქოლ-ცენტრს ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდა, რომელსაც კაპიტანს ეძახიან. თითო ქოლ-ცენტრში, მინიმუმ 4 ადამიანი მუშაობდა – პარტიის დანიშნული კაპიტანი, კომპიუტერის ოპერატორი და ტელეფონის ორი ოპერატორი.
“ოცნება” თითოეულ უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს – TV PIRVELI