კომენტარი

მეზობლების ურთიერთობის პერსპექტივა პუტინის რეინკარნაციის შემთხვევაში

26 სექტემბერი, 2011 • 1082
მეზობლების ურთიერთობის პერსპექტივა პუტინის რეინკარნაციის შემთხვევაში

რა შეიცვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმ შემთხვევაში, თუკი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რუსეთს კვლავ ვლადიმერ პუტინი ჩაუდგება სათავეში?

“რუსეთმა თავისი დამოკიდებულებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები და ყველა ის კეთილმეზობლობის აქტი დაარღვია საქართველოს მიმართ, რაც კი არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინი იქნება თუ მედვედევი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება – არსებული პოლიტიკა უცვლელი დარჩება, უარესი აღარ მოხდება,” – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ”ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ერთგვარი გარდამტეხი როლი დაეკისრება  11-12 დეკემბერს დაგეგმილ გეგმურ სხდომას, რომელზეც რუსეთის მსოფლიო სავაჭო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი განიხილება. ამ დროისთვის რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას სწორედ საქართველოს თანხმობა აბრკოლებს, რომელიც სანაცვლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, საერთაშორისო საბაჟო კონტროლის დაწესებას მოითხოვს.

”თუ ამ პერიოდში გარკვეული კომპრომისი მოინახა რუსეთისთვის, მაშინ შესაძლოა, რუსეთმა, პუტინის პირობებში, რაღაც კოსმეტიკური ცვლილება განახორციელოს დადებითისკენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის კომპრომისი არ მოიძებნა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე, მაშინ რუსეთი უფრო გაამწვავებს თავის საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, _ ამბობს სოსო ცინცაძე.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს უნდა გაიმართოს. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 24 სექტემბერს მმართველი პარტიის, ”ედინაია რასიას” ყრილობაზე დაასახელა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად პირველად 2000 წელს აირჩიეს. იგი ორი ვადით 2008 წლამდე მართავდა ქვეყანას, რის შემდეგაც მან რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა, თუმცა რეალურად ქვეყნის მმართველობას კვლავაც ის ედგა სათავეში.

”მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პუტინი რანგით უფრო დაბალ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, რუსულ პოლიტიკაში ყველაზე ძლევამოსილ ფიგურად რჩებოდა. მედვედევმა არაერთხელ გაუცრუა იმედი მათ, ვისაც სჯეროდა, რომ ის რუსეთში დამოუკიდებელი, რეფორმატორული ტენდენციის მებაირაღედ დარჩებოდა”, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანულმა ”The Economist”-მა გამოაქვეყნა სახელწოდებით – ”იმ კაცის დაბრუნება, რომელიც არასდროს წასულა”.

პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თანდათან გაუარესდა და განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა საგრძნობლად, რაც საქართველოში ”ვარდების რევოლუციის” გზით ახალი ხელისუფლება მოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი