კომენტარი

წერეთლის “მიმინო” – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

16 სექტემბერი, 2011 •
წერეთლის “მიმინო” – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?
ლაშა ბაქარაძე
ლაშა ბაქარაძე

“ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა, რომ ამ ძეგლის დადგმა არის ერთგვარი ნოსტალგია საბჭოთა კავშირის. ფილმი “მიმინო” ჩემთვის საბჭოური მოვლენაა და სწორედ იმიტომ, რომ თავად ფილმი პოპულარული და ციტირებადია, მგონია, რომ მისთვის ძეგლის დადგმა უფრო ნოსტალგიური მომენტია, ვიდრე დაცინვა,  ან ირონია  თავსმოხვეული “დრუჟბა ნაროდას” – ძალადობრივი მეგობრობის, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია”.

ძიაპშიპა ამბობს, რომ ასეთი “მეგობრობისადმი” ერთგვარი ირონია არის კიდეც ფილმში, თუმცა ამ ირონიის გადატანა ისეთი სწორხაზოვანი მოქანდაკის ქანდაკებაში, როგორც ზურაბ წერეთელია, შეუძლებელია.

“თორემ ამაზე შეიძლება ისეთი კიჩიც გააკეთო, დასცინო ამ ნოსტალგიასაც , მაგრამ ამ შემთხვევაში, იმდენად ტიპურია წერეთლის ძეგლი…”

ქართველი, რუსი და სომეხი ხალხის მეგობრობისადმი ძეგლის დადგმა არმენოფობური და, ზოგადად, მომძლავრებული ქსენოფობიის ფონზე სასაცილოა და სიყალბეა, – ამბობს ძიაპშიპა და  კითხვაზე, ხომ შეიძლება ხელისუფლებამ თქვას, რომ სწორედ ეს ძეგლია ხელისუფლების პასუხი არმენოფობიაზე, პასუხობს, რომ ეს შეიძლება იყოს მთავარი სურვილი:

“არჩევნები მოდის და შეიძლება ვიღაცის სურვილზე თამაშობენ, რადგან  ეს ფილმი ბევრი ადამიანისთვის საყვარელია, ნოსტალგიაა იმ დროზე,  როცა კარგად იყვნენ და რუსეთში დადიოდნენ 30 მანეთად. შეიძლება ამ ტიპის ამომრჩევლის სურვილების დაკმაყოფილების მცდელობაა. არ ვიცი, ვერ ვხდები. მე მაინტერესებს იმის კომენტარი, ვინც გადაწყვიტა ამის დადგმა. ამ ქვეყანაში და ამ დროს”.

ვინ და რატომ გადაწყვიტა ამ ძეგლის დადგმა, ჯერჯერობით საზოგადოებას არავინ ეუბნება. ერთადერთი ხელისუფლებიდან, ვინც ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა, კულტურის მინისტრი ნიკა რურუაა.  სხვადასხვა ვებ–გვერდების ცნობით, ივლისში სომხეთში “მიმინოს” ძეგლის დადგმის შემდეგ რურუამ განაცხადა, რომ “ ეს ძეგლი [მიმინო] ადამიანთა გულწრფელ მეგობრობას უსვამს ხაზს”

ძიაპშიპასთვის ეს განმარტება გაუგებარია, რადგან “გულწრფელ მეგობრობაზე” ძეგლისთვის სხვა ქართული ფილმებიც შეეძლოთ ეპოვათ.

“მიმინო”, მისი აზრით,  გარდა “ძალადობრივი მეგობრობისა”, ასევე, იქნება ძეგლი ქართველ, რუს და სომეხ ხალხზე, ამ ფილმით შექმნილი სტერეოტიპებით.  

“იმის მიუხედავად, რომ “მიმინო”  ძალიან ციტირებადი ფილმია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან პოპულარული, პრინციპში, ჩემი აზრით, ძალიან სტეროტიპულადაა წარმოდგენილი ყველა ის ნაცია,  რომელთაც ფილმი ეხება. არის მათი ძალიან ზედაპირული სტეროტიპული ხატები და ამის ფონზე და ამის გამო იკარგება ის გულწრფელი მეგობრობის ელემენტები, რაც სხვა ფილმებში უფრო შეიძლება ნახო”.

რა სტეროტიპების ტირაჟირება ხდება ამ ფილმში და შემდეგ ამ ფილმისადმი ძეგლის დადგმით? სინამდვილეში რას ვუდგამთ ძეგლს ამ ხალხებზე?

“მიმინო, პრინციპში, ეს იყო ის, რამაც შექმნა ქართველი კაცის სტეროტიპი რუსეთში – ულვაშებიანი, “კეპკიანი”, აქცენტით, ცოტა დაბნეული, რუსი ქალების მოყვარული, მაგრამ არა ბოლომდე გახსნილი ამ ურთერთობისთვის. სტეროტიპია,  ასევე, რაღაცნაირი  შეჯიბრის მომენტი ქართველებსა და სომხებს შორის –  ძალიან სტერეოტიპულად და ძალიან სწორხაზოვნად გაკეთებული.

საინტერესო მესიჯია ჩემთვის ლეონოვის გმირი, რომელიც ეხმარება “მიმინოს”  წარმატების მიღწევაში – დაბნეული ქართველი რუსეთში, რომელსაც რუსი ეროვნების ადამიანი, “დიდი ძმა” ეხმარება წარმატების მიღწევაში და სომეხი, რომელიც ან მძღოლი არის, ან პარიკმახერი, მუშათა კლასი, რომელიც ნაკლები ინტელექტით გამოირჩევა, მაგრამ თავისი ეშმაკობით ეხმარება იდეალისტ ქართველს, რომელიც წასულია  წარმატების მისაღწევად – ასევე, სტეროტიპულადაა დანახული სომეხი ერიც.

და რუსი ქალის ხატი – ლარისა ივანოვნა, რომელიც  არის ქართველი მამაკაცებისთვის ქალის სახე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი