კომენტარი

რამდენად სამართლიანია კომუნალური გადასახადები

25 აგვისტო, 2011 • 1349
რამდენად სამართლიანია კომუნალური გადასახადები

ბატონო ვარლამ, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველს, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ დასუფთავების გადასახადის მიბმა ელექტროენერგიის გადასახადთან, რაც თბილისში განხორციელდა დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით? უფრო ადრე კი წყლის ტარიფი მიაბეს ელექტროენერგიას…

– ეს განხორციელდა იქ, სადაც პრობლემა არსებობდა. ეს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებაა. ჩვენ, სანამ ის განხორციელდებოდა, გვქონდა საუბარი პარლამენტარებთან. მათ გარკვეული საფუძველი და მოტივაცია გააჩნდათ. თავიდან არ დავეთანხმე, მაგრამ მათი არგუმენტაცია იყო ის, რომ გადახდის კულტურა სასმელი წყლის და დასუფთავების მომსახურებისთვის არ არსებობდა. შესაბამისად, ეს პრობლემას უქმნიდა კომპანიას.

ეს არგუმენტი თქვენთვის, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველისთვის, მისაღებია?

– ჩემთვის მისაღებია იმდენად, რამდენადაც კომპანიას არ უნდა შეექმნას ფინანსური პრობლემები. გადასახადი უნდა გადაიხადონ, სხვა შემთხვევაში, გაუარესდება ხარისხი და კომპანია შეიძლება გაკოტრდეს. მერე საერთოდ ვეღარ გაწევს ვერანაირ მომსახურებას და ვეღარ დავიცავთ ვერც გადამხდელს და ვერც არგადამხდელს. არ შეიძლება ამას მივუდგეთ მხოლოდ ერთი, უფლებების დარღვევის კუთხით. ომბუდსმენმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთი მომხმარებლის გამო არ გაუარესდეს მეორე მომხმარებლის მდგომარეობა.

– რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, ის ძალიან მაღალია საქართველოში და ბევრად აღემატება ელექტროენერგიის თვითღირებულებას…

– ტარიფი, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიაზეა, სამართლიანია და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით დადგინდა. ელექტროენერგიის ტარიფში განსაკუთრებით დიდი წილი აქვს განაწილების მარჟას. რაც შეეხება წარმოების ტარიფს, ის საკმაოდ მცირეა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იაფია, მაგრამ განაწილების – მაღალი. ტარიფში აისახა ის ინვესტიცია და ხარჯები, რაც კომპანიებმა ქსელების რეაბილიტაციისთვის გაწიეს. ძველი სისტემიდან ახალზე გადასვლამ დიდი ინვესტიციები მოითხოვა.

თქვენთვის ცნობილია რა თანხა დახარჯეს გამანაწილებელმა კომპანიებმა და რამდენი აქვ მოგების მარჟა?

– ეგ ინფორმაცია უფრო დეტალურად ტარიფების დეპარტამენტს აქვს. არსებობს ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს ამ ინფორმაციას. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაიგოს, როგორ დგინდება ფასი, რამდენი აქვს კომპანიას ხარჯი და რამხელაა მისი მოგების მარჟა.

თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია?

– გარკვეული ინფორმაცია ჩვენც გვაქვს. თუ ვინმეს ეს აინტერესებს, შეუძლია მარეგულირებელ კომისიას მიმართოს, თუმცა შეიძლება, ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება კომერციულ საიდუმლოებას, ვერ მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა კომისიამ ტარიფის დადგენის დროს და რა კონკრეტული მოგების ზომა ჩაუდო.

რამდენია მოგების ზომა?

– როგორც ვიცი, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაზე 5 პროცენტია.

მარეგულირებელმა მაქსიმალური ზღვრული ნორმა დააწესა: 100 კილოვატამდე – 13 თეთრი. თუმცა 100 კილოვატს ზემოთ უკვე 17 თეთრია. კომპანიებმა სწორედ ეს მაქსიმალური ზღვარი აიღეს. ასეთი ფასი იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ ეს ბაზარი საქართველოში მონოპილიზებულია?

– გეთანხმებით იმაში, რომ დადგენილი ზღვრული ტარიფით კომპანიები დღეს მაქსიმალურ ზღვარს იყენებენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ სექტორში კონკურენცია იქნება, ფასები ელექტროენერგიაზე შემცირდეს. სწორედ კონკურენცია შექმნის აუცილებლობას, კომპანიებმა ტარიფს გადახედონ.

გვაქვს სამი ტარიფი: 100 კილოვატამდე, 101-დან 300-მდე და 301-დან ზემოთ. ყველაზე დაბალი ტარიფი 100 კილოვატამდე – 13 თეთრია. მისი მიღების მიზეზი ელექტროენერგიის ეკონომიაა. ჩემი აზრით, მოსახლეობის სოციალური დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, ვინც ცოტას მოიხმარს, ნაკლები გადასახადი გადაიხადოს, სამართლიანია. ასე რომ არ იყოს, შესაძლებელია იგივე მივიღოთ, რაც ხდებოდა წინა წლებში, როცა ძალიან დიდი დავალიანება გროვდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი