კომენტარი

სტურუას ახდენილი ოცნება

17 აგვისტო, 2011 • 1985
სტურუას ახდენილი ოცნება

რობერტ სტურუას ცნობილი ოცნება მისი რუსთაველის თეატრიდან გაგდება იყო. ამისთვის ის მორალურადაც ემზადებოდა. უფრო მეტიც, თავად ახდენდა პროვოცირებას ხან მსახიობების, ხანაც მმართველი ელიტის.

რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა

რა იქნება ხვალ?

რუსთაველის თეატრიდან რეჟისორების წასვლა, გაგდება (მთავრობის, თუ დასის მიერ), უცხო არ არის ქართული თეატრისთვის. ეს იქცა ისტორიულ კანონზომიერებად. ამ კანონზომიერებას მუდმივად აკრიტიკებდნენ ჩვენი წინაპრები, შემდეგ ჩემი მასწავლებელი პროფესორები და ვაკრიტიკებთ ჩვენც-ახალბედა თეატრის ისტორიკოსები. მაგრამ ამ „ცუდ“ და „არასახარბიელო“ ისტორიულ კანონზომიერებაშიც არის რაღაც დადებითი. მივყვეთ პერიოდულად:

  1. კოტე მარჯანიშვილის წასვლას რუსთაველის თეატრიდან მოჰყვა „მეორე სახელმწიფო აკადემიური დრამის“, ახლანდელი  კოტე მარჯანიშვილის თეატრის გახსნა და ჩამოყალიბება.
  2. გიგა ლორთქიფანიძის კონფლიქტით წასვლას მარჯანიშვილის თეატრიდან მოჰყვა რუსთავის თეატრის დაბადება.
  3. მიხეილ თუმანიშვილის გაძევებას რუსთაველის თეატრიდან კი მოჰყვა კინომსახიობთა თეატრის დაარსება.

დღეს თანამედროვე თეატრმცოდნეობაში  ეს არასასურველი და არასახარბიელო ტენდენციები შეფასებულია შემოქმედებისთვის დამახასიათებელ აუცილებელ და გარდუვალ შემოქმედებით პროცესად.

ცნობილია ამ „კანონზომიერების“ მიზეზებიც და შედეგებიც, მაგრამ არ ვიცი, რა მოჰყვება რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან წასვლას.  ამ ფაქტის მოვლენის შედეგებზე ფიქრი ორი ძირითადი მიმართულებით არის შესაძლებელი.  1. როგორ წარიმართება რობერტ სტურუას შემოქმედება და 2. რა მოხდება რუსთაველის თეატრის 2011-2012 წლების თეატრალურ სეზონში.

ჩემი ვარაუდის გამოთქმას მეორედან დავიწყებ, რადგან  „წასული კაცის“ ამბავი ნაკლებად გვაინტერესებს, რადგან ის მაინც „წასულია“ (ისტორიულადაც ასე იყო ჩვენდა საუბედუროდ), თანაც „რუსთაველის თეატრი“ მაინც კრებითი ცნებაა  (იქ ბევრი ადამინი მოღვაწეობს და მას აურაცხელი მომხმარებელი-ანუ მაყურებელი ჰყავს).  ამიტომ მე, როგორც მაყურებელს, მაინტერესებს, როგორ გავაგრძელებ რუსთაველის თეატრთან ჩემს ურთიერთობას. უკვე ვიცი, რომ

  1. ის რეჟისორები, რომლებიც  დიდ სცენაზე სპექტაკლებს ვერ დგამდნენ, ფართოდ გაეღებათ კარი. ოღონდ ყველას არა, მხოლოდ იმათ, ვინც სტურუას პირდაპირი თუ ირიბი ოპოზიცია იყო.
  2. მალე გაჩნდება აზრი, რომ სტურუას სპექტაკლები მოძველდა, მას მაყურებელი არ ჰყავს და ისინი რეპერტუარში არ უნდა იყოს. მერე რა, რომ ათეულ წელზე მეტია დადგმულ სპექტაკლებს– „კაცია-ადამიანი?!“, „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“ მაყურებელი ჰყავს, თეატრი განახლებას მოითხოვს და ეს სპექტაკლები ისტორიას უნდა ჩაბარდეს. რაკი ზემოთ აღნიშნული სპექტაკლები მოიხსნება მოქმედი რეპერტუარიდან, ვინღა დატოვებს „სტიქს“, „ჭალას ჩიტი მომკვდარიყოს…“, „მტრის ნიღაბს“ და, მით უმეტეს, „პრეზიდენტი, დაცვის ბიჭი და სიყვარული“-ს…
  3. გარდუვალია ისიც, რომ დაიწევს (მანამ, სანამ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჩაუდგება სათავეში, ოღონდ სტურუასავით, თუმანიშვილივით, ახმეტელივით ან მარჯანიშვილივით მასშტაბური მოაზროვნე) რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი დონეც და დისციპლინაც.
  4. სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი თეატრის რეპერტუარი გახდება ჭრელი, არათანმიმდევრული, კომერციალიზაციაზე ორიენტირებული (კი ბატონო, თეატრი შემოსავალზე და ბილეთების რეალიზაციაზეც უნდა ფიქრობდეს, მაგრამ არა ყველა, მით უმეტეს რუსთაველის თეატრი, რადგან მას  კანონი და წესდება შემოქმედებითი, საზოგადოებრივი პრობლემების მხატვრულად გადაჭრას ავალდებულებს და არა კომერციის წარმოებას ხელოვნების პროდუქციის შექმნის გზით)
  5. რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა, ესთეტიკა და „თეატრი განახლდება“, „ახალ სუნთქვას დაიწყებს“.
  6. დასრულდა რუსთაველის თეატრის ისტორიაში ერთი დიდი, ხანგრძლივი, წარმატებებით და გამარჯვებებით დატვირთული პერიოდი. აღმართს კი დაღმართი მოსდევს.
  7. რუსთაველის თეატრში დაიწყება გარდამავალი პერიოდი და დაუნდობელი ბრძოლა ტახტისთვის. ახლა დამდგმელი რეჟისორები შეეცდებიან მაყურებლის მოხიბვლვას, დასის და მთავრობის კეთილგანწყობის მოპოვებას.

ეროვნული ფასეულობის ან გარკვეული  ღირებულების მატარებელ-შემცვლელი ფენომენი, რუსთაველის თეატრის მსგავსად, რობერტ სტურუაცაა, ამასთანავე ის ერთდროულად კულტურული მემკვიდრეობაცაა და თანამედროვეობაც.  (მეუხერხულება ამ ვარაუდის დასასაბუთებლად არგუმენტების მოყვანა) ამიტომ მასზეც ვიფიქროთ, როგორი იქნება რეჟისორ რობერტ სტურუას მომავალი?

განვითარებული მოვლენების ფონზე, აღარ ვიცი, დაადგმევინებენ თუ არა რობერტ სტურუას შექსპირის „ქარიშხალს“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, როგორც ეს ახალი სეზონიდან იყო დაგეგმილი. ამ პროექტის განხორციელებაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა შანსი სტურუას დადგას სპექტაკლები საქართველოს სხვა თეატრებში.

რობერტ სტურუა სავარაუდოდ უკვე დგას დილემის წინაშე  – დათანხმდეს თუ არა იმ შემოთავაზებებს, რაც მას რუსული თეატრებიდან აქვს, მათ შორის, სამხატვრო თეატრიდანაც. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, თუ რატომ სთავაზობს რუსეთი მის საუკეთესო თეატრებს  ქართველ სტურუას სამოღვაწეოდ –  ალბათ, ჩვენს გასაღიზიანებლად (თქვენ ვერ უვლით და ჩვენ შევინახავთო) და ევროპისთვის დასანახად-ჩვენ უფრო ზნეობრივები და ჰუმანურები ვართო. არადა, რუსების დამოკიდებულება ყველამ კარგად იცის საკუთარი ხელოვანების, მწერლების თუ მუსიკოსების მიმართ. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა სტურუა რომელიმე პრესტიჟული თეატრის ხელმძღვანელობას. თუკი ეს მოხდა, მაშინ  საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა სტურუა მისთვის დამახასიათებელ პოლიტიკური თეატრალური აზროვნების პოლიტიკას რუსულ თეატრში?

მეორე ვარიანტი: სტურუას გამუდმებით აქვს მიწვევები ევროპის (და არა მარტო) ქვეყნების თეატრებიდან. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის გამო იგი წელიწადში მხოლოდ ორ დადგმას თანხმდებოდა. საინტერესოა, „გათავისუფლებული“ რობერტ სტურუა რამდენად ხშირად მიიღებს მოწვევას ევროპისაგან.

ისტორიული პარალელის ძიებაში…

რუსთაველის თეატრის ისტორიას ახსოვს გაგდებული რეჟისორები და სამხატვრო ხელმძღვანელები, მაგრამ არ ახსოვს თავისი ნებით წასული არც ერთი ხელმძღვანელი. მათ შორისაა აკაკი ვასაძეც, რომელმაც მიზანმიმართულად არ დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე. დაე, ისტორიას დარჩეს, რომ მე მომხსნესო… ახლა ვცადოთ ისტორიული პარალელის მოძიება რობერტ სტურუას მაგალითთან. თუ კოტე მარჯანიშვილს უთანხმოება ჰქონდა მის მოწაფე სანდრო ახმეტელთან და დასის რამდენიმე წევრთან, ანუ „დურუჯელებთან“, ალექსიძეს თუმანიშვილთან და მის „შვიდკაცასთან“ (მსახიობთა გაერთიანება იყო ასეთი),მიხეილ  თუმანიშვილს მისსავე მოწაფეებთან –თემურ ჩხეიძესთან და რობერტ სტურუასთან…

რობერტ სტურუას კი რუსთაველის თეატრის დღევანდელი დასი მოწინააღმდეგე არ ჰყოლია ბოლო წუთამდე. ყოველ შემთხვევაში დასის რომელიმე წევრს უარყოფითი აზრი თავის სამხატვრო ხელმძღვანელზე საჯაროდ არ გამოუთქვამს. პირიქით, უფროსი თაობის მსახიობებიც კი, რომლებიც შემოქმედებითად კარგა ხანია დაივიწყა სტურუამ (ვგულისხმობ, სპექტაკლებში რომ არ აკავებდა),  საჯაროდ აფიქსირებდნენ მყარ პოზიციას რობერტ სტურუას მხარდასაჭერად. სტურუას ოპონენტებმა დასის ხელით ვერ „გაუშვეს“ სტურუა. ამ მხრივ რობერტ სტურუას მაგალითი იდენტურია სანდრო ახმეტელის მაგალითისა. ვერც სანდრო ახმეტელი გააგდებინა ლავრენტი ბერიამ დასს. აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, რომლებიც 1936 წელს უკვე ახმეტელის რადიკალური ოპოზიციონერები იყვნენ, ერთ-ერთ დასის შეკრებაზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ამ მსახიობებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი ახმეტელის რუსთაველის თეატრის დარჩენას. გამწარებულმა ბერიამ ახმეტელი ჯერ მოხსნა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, შემდეგ კი დახვრიტა. ახმეტელი კი მალევე გახდა ეროვნული გმირი…

რობერტ სტურუაც ასე მოხსნეს, თუმცა მას, ახმეტელის მსგავსად, არც ფიზიკურად აწამებენ და, მით უმეტეს, არ დახვრეტენ. არ დახვრეტენ იმიტომ, რომ შესაბამისი კანონი არ გვაქვს. ახალი კანონის მიღებასაც არაფერი უნდა ჩვენში, მაგრამ მაინც, ცოტა განვვითარდით და ევროპისკენ ვისწრაფვით, ფორმალურად მაინც. თუმცა მენტალიტეტში რომ ბევრი ვერაფერი შევცვალეთ, ესეც ფაქტია. ვერ დავამარცხეთ სამარცხვინო სენი: არ ჩამოვაგდოთ ტახტიდან ჩვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი, არ ჩამოვიცილოთ და არ შევიძულოთ ჩვენი ოპონენტი და ის, ვისაც თუნდაც მცდარი, მაგრამ განსხვავებული აზრი აქვს, არ გავაგდოთ თეატრებიდან  სამხატვრო ხელმძღვანელები და ასე დაუსრულებლად…

 

სტურუას ახდენილი ოცნება და ვის არ ეყო ნებისყოფა გამარჯვებისთვის?

რობერტ სტურუას ცნობილი ოცნება მისი რუსთაველის თეატრიდან გაგდება იყო. ამისთვის ის მორალურადაც ემზადებოდა. უფრო მეტიც, თავად ახდენდა პროვოცირებას ხან მსახიობების, ხანაც მმართველი ელიტის.

მსახიობებს, (რომლისაც ნაპოლეონსაც კი ეშინოდა და ანგარიშს უწევდა) ვერაფერი „მოუხერხა“ სტურუამ, ვერაფრით ააბუნტა მის წინააღმდეგ. აი, მთავრობის გამოწვევას კი ჩაავლო. სტურუა საბჭოთა ინერციით მუდმივად იწვევდა ხელისუფალთ თავისი სპექტაკლებით. ჩვენ კი, თეატრის მკვლევარები, ამ გამოწვევებზე ასე ვფიქრობდით: დრო შეიცვალა, ახლა დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაც გინდა, ის თქვი სცენიდან, არავინ ყურადღებას არ გაქცევს, თეატრი არ აღელვებთ და ამ სტურუას რატომ ჰგონია საბჭოთა ეპოქა კიდევ-თქო. ჯერ იყო და ლაშა ბუღაძის „პრეზიდენტი, დაცვის ბიჭი და სიყვარული“ ატყდა მთელი აჟიოტაჟი, მას „სტიქსი“ მოჰყვა, სადაც მაყურებელმა (მათ შორის ჩინოვნიკმა თუ რიგითმა) პარალელები პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცულ სიკვდილთან გაავლო, შემდეგ იყო თამაზ ჭილაძის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ და ბოლოს „ნადირობის სეზონი“, სეზონის ბოლო პრემიერა, რომელიც განსაკუთრებულ დროს, საღამოს 10 საათზე დაინიშნა. დარბაზი სავსე იყო ნაცნობებით, თეატრის მოღვაწეებით და თეატრალებით. ყველანი ვგრძნობდით, რომ საგანგებო სპექტაკლს ვესწრებოდით და გვქონდა იმის შიშიც, ვნახავდით თუ არა მას მეორედ. სპექტაკლმა ანშლაგითაც ჩაიარა და ოვაციებითაც. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსთაველის თეატრის დარბაზი სავსე იყო სტურუას თაყვანისმცემლებით, მისი შემოქმედების მკვლევარებით და უბრალოდ ცნობისმოყვარეებით. ეს სპექტაკლიც ერთგვარი გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა, მმართველი ელიტის.

დავუბრუნდეთ სტურუას ოცნებას და იმ მთავარ ფაქტორს, თუ ვინ და რატომ წააგო მასთან თამაშსა თუ ბრძოლაში.

სტურუა ყოველგვარ პროვოკაციას თუ გამოწვევას მიმართავდა იმისთვის, რომ მისი ოცნება თეატრიდან გაგდების შესახებ  რეალობად ქცეულიყო. ეს ოცნება მას ხელისუფლებამ აუხდინა მის ოპონენტს, ხელისუფლებამ „აყოლას ჩაყოლა“ არ ამჯობინა, ნებისყოფა აღარ ეყო და თამაშიდან ასე მარტივად გამოეთიშა.  ამ გადაწყვეტილებით კი 21-ე საუკუნეში შეიქმნა პრეცედენტი, რომელზედაც მუდმივად ილაპარაკებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტობის გამო რობერტ სტურუა ქვეყნის პირველი თეატრის იდეოლოგიურ-შემოქმედებით ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს. იმ თეატრს, ვისი წყალობითაც იცნობენ ზოგადად ქართულ თეატრს ევროპაში. ის, რომელმაც მრავალი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ქართულ თეატრს.

ხელისუფლებამ უარი თქვა დაკვირვებაზე და სტურუას პროვოცირებებით გართობაზე. მუდამ კრიტიკის ობიექტი ტრადიცია კი არც ამჟერად დაირღვა. მსოფლიოში აღიარებულ მასშტაბს ანგარიში არ გაუწიეს, არ დაელოდნენ მოვლენების შემდგომ განვითარებას და რობერტ სტურუა მოტივაციის გარეშე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამით, მართალია, არ იღუპება ქართული თეატრი და ის აუცილებლად განვითარდება, მაგრამ როდის? სტურუა კი, მისი თუნდაც  არასასიამოვნო მოსაზრებების გამო, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, უნდა შეენახა მანამ, სანამ „ღამურები იფრენდნენ რუსთაველის თეატრში“ და დიდი რეჟისორი საკუთარი გამოწვევის ანაბარა დაეტოვებინა, მაგრამ მრჩეველთა შორის არავინ აღმოჩნდა უფრო გამჭრიახი და საინტერესო თამაშს უმალვე გამოეთიშა.

ახლა კი, რა?!  21-ე საუკუნის საქართველოს ისტორიას დარჩა მოვლენა– დიდი  რეჟისორის „დასჯის“ სამაგალითო ფაქტი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების,“ ქსენოფობური გამონათქვამებისა და მეტაფორების“ (ნიკოლოზ რურუა)  გამო. ხალხის თვალში კი მაინც ახალი, 21-ე საუკუნის გმირი…

მასალების გადაბეჭდვის წესი