კომენტარი

დეპუტატების შეფასება პარლამენტის სხდომის ჩაშლაზე

30 მარტი, 2016 • 1354
დეპუტატების შეფასება პარლამენტის სხდომის ჩაშლაზე

დღეს, 30 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა ჩაიშალა.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი, ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენის თავიდან აცილება სურდა, რის გამოც “შატალოზე” წავიდა:

” ისინი წავიდნენ შატალოზე. ეს არის სპეციალურიად დაგეგმილი და დადგმულული სპექტაკლი. მათ სპეციალურად არ ჰყავდათ საკმარისი დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობამ ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევდათ, რომ გამოეყვანათ გომელაური, რომლის კომპეტენცია მხოლოდ არის ბატუტზე ხტომა და რომლის დამსახურება ის არის, რომ იყო ივანიშვილის დაცვის უფროსი,”- ამბობს ნადირაშვილი.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ სხდომის ჩაშლა ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს:

,,უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო თავისი დეპუტატების შეკრება იმისთვის,  ვახტანგ გომელაურისთვის მოგვესმინა პარლამენტში. ეს კიდევ ადასტურებს ამ ხელისუფლების უსუსურობას. ეს ხელისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს სამუშაო პირობების შექმნას იმისათვის, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მნიშვნელოვან საკითხებზე,”- განაცხადა აბაშიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩი” წევრი, პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა საკუთარი თავი ამოწურა:

“რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, სულ უფრო რთული გახდება კვორუმის შეკრება ამ მოწვევის პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ “ეროვნული ფორუმის” პოზიციას, “რესპუბლიკელების” პოზიციას, იმას, რომ კოალიცია რეალურად არის დაშლილი, მიუხედავად იმისა – ეტყვიან თუ არა ამას საზოგადეობას. ამ მოწვევის პარლამენტმა საკუთარი თავი ამოწურა,” – აღნიშნავს კუბლაშვილი.

პლენარული  სხდომა 1 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება.

“პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე უფლებემოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ჩაშლის თაობაზე. ვინაიდან დღის პირველ ნახევარში არ შედგა კვორუმი, მოსალოდნელი არ არის დეპუტატების რაოდენობის გაზრდა,”- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე მტკიებით, “ქართული ოცნების” დეპუტატები სხდომას საპატიო მიზეზის გამო არ ესწრებიან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი