კომენტარი

გიორგი აბდალაძის მეგობარი ფოტოგრაფების საქმეზე

29 ივლისი, 2011 • 1355
გიორგი აბდალაძის მეგობარი ფოტოგრაფების საქმეზე

დიტო, ითქვა, რომალია” მზადაა, გიორგი აბდალაძესთან თანამშრომლობა გააგრძელოს. ეს ასეა?

გიორგი ალბათ გააგრძელებს ჩვენთან მუშაობას, უბრალოდ, რეაბილიტაციის პერიოდი აქვს. თანაც განაჩენზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რისი უფლება ეძლევა და რისი _ არა. განაჩენის საბოლოო ვარიანტს როცა ავიღებთ, მაშინ ვნახავთ.  სავარაუდოდ, მას უნდა ჰქონდეს მუშაობის გაგრძელების უფლება. თვითონ პრობლემა არ აქვს და სიამოვნებით გააგრძელებს ჩვენთან მუშაობას. ჩვენც ასევე, დიდი სიამოვნებით დავიბრუნებთ ჩვენს ფოტორეპორტიორს.

თქვენ იყავით აქციების ერთერთი აქტიური ორგანიზატორიმაშინ აბდალაძეს ბრალი აღიარებული არ ჰქონდა. აღიარებს შემდეგ თქვენი განწყობა თუ შეიცვალა?

ამას აღიარებას ნაკლებად დავარქმევდი, ეს არის დაბრალება.

მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ მისი აღიარების ვიდეოჩანაწერი

მე შეიძლება დავიბრალო ნებისმიერი დანაშაული, მათ შორის ისიც, რომ… თქვენთან, რომელსაც საერთოდ არ გიცნობთ, დანაშაულებრივი კავშირი მქონდა. აღიარება არის, როცა მართლა გაქვს ჩადენილი დანაშაული.

მე არ მჯერა იმ შეთითხნილი საქმის, რომელიც გამოქვეყნდა. გამოძიებას არ ჰქონდა არავითარი მტკიცებულება.

აღიარება და საპროცესო შეთანხმება იყო ერთადერთი გამოსავალი, ამის გამო ამ ადამიანებზე მაქსიმალური ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმის გამო ხელისუფლება შევიდა ჩიხში. რას გულისხმობთ?

ხელისუფლება არ ელოდა ამხელა რეზონანს. სააკაშვილის ხელისუფლებას შეიძლება არ აინტერესებს რას წერს “ალია”, რას გადასცემს “მაესტრო” ან “კავკასია”. მიშას გულზე ხვდება და პრობლემებს უქმნის საერთაშორისო მედია. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მთლიანად იყო ორიენტირებული იმაზე, რომ საერთაშორისო მედია, საზოგადოება ჩარეულიყო ამ საქმეში. ჩვენ პირველი დღიდანვე ვაცხადებდით, რომ საქართველოში ერთადერთი ადამიანი _ მიხეილ სააკაშვილი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ სააკაშვილი უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს. უნდა მივიყვანოთ რითი? ვისი რიდიც აქვს, ანუ საერთაშორისო მედიის, საზოგადოების და საელჩოების, ისინი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. ის აქციები, რომლებიც ტარდებოდა, არ იყო ათიათასიანი, მაგრამ იყო ზუსტად დარტყმული იმ  მიზანში, რა მიზანიც ჩვენ გვქონდა.

იმის თქმა, რომ საერთაშორისო სააგენტოების ფოტორეპორტიორების დაკავებით გამოწვეული რეზონანსის ალბათობის შესახებ არ იცოდა ხელისუფლებამ, რამდენად რეალურია?

ამხელა რეაქციას არ ელოდა. ის ფიქრობდა, რომ ორ დღეში ჩაივლიდა ყველაფერი. ჩვენ გვტენიდნენ, რომ დაკავებულები იყვნენ არა ფოტორეპორტიორები, არამედ სახელმწიფო ჩინოვნიკები და ჟურნალისტების, მედიის თავისუფლება არაფერ შუაშია. მაგრამ ჩვენ ეს არ დავიჯერეთ… რომ არ ყოფილიყო გია აბდალაძე, რომ არ ყოფილიყო “ალია”, ორგანიზება, ყოველდღიურად აქციები… ეს ამბავი ორ დღეში მეორე თემად გადაიქცეოდა. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამდით ისეთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხდებოდა ცნობილი…

მედიამარათონში ათი ტელევიზია იღებდა მონაწილეობას და ერთი საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გადასცემდნენ ამ ადამიანებთან  დაკავშირებულ თოქ-შოუს, იყო ერთმანეთთან ჩართვები. ორშაბათს 47 მედიასაშუალება _ თითქმის ყველა გაზეთი, პირველ გვერდზე ფოტოს გარეშე გამოვიდა, პროტესტის ნიშნად. ასე იმუშავა ყველა საინფორმაციო სააგენტომ. ხელისუფლებამ ამ დაწოლას ვერ გაუძლო.

თქვენ, პირადად, რა მოისმინეთ გიორგი აბდალაძისგან?

კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამას ჩვენს გაზეთშიც არ ვაქვეყნებ. გიორგის არ სურს ამ თემებზე საუბარი, რა იყო და როგორ იყო. თუმცა მე, პირადად, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე (მე და გიორგი დიდი ხანია მეგობრები ვართ), დარწმუნებული ვარ, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

მაგრამ ჟურნალისტების აქციის ერთერთი მოთხოვნა მეტი ინფორმაცია იყო

ეს კითხვა პირველად არ მომისმენია და მზად მაქვს პასუხი _ ხელისუფლებამ ჩვენ მეტი ინფორმაცია არ მოგვცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა მტკიცებულება. სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც პიარზეა ორიენტირებული, ამ ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულზე რამე მტკიცებულება რომ ჰქონოდა, მინიმუმ 5-წლიან სასჯელს ვერ გადაურჩებოდნენ. გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზე არ ვსაუბრობ, არ გვაინტერესებდა იმ დოკუმენტებში რა ეწერა, ჩვენ გვაინტერესებდა ამ ადამიანების კონკრეტული თანამშრომლობა რაში გამოიხატებოდა, ანუ როგორ მოიპოვებდნენ ან გადასცემდნენ ინფორმაციას. ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება რომ არ გააჩნდათ, ამიტომ სასწრაფოდ გათავისუფლეს.

რას ფიქრობთ, მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლა იყო?

ჩვენ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ განცხადებას გამუდმებით ვაკეთებდით. როგორც გითხარით, მას ამ თემაზე საუბარი არ სურს. მას რომც ეთქვა ჩემთვის რამე, ამისი თქმის უფლება მე არ მექნებოდა.

აბდალაძეს დუმილის ვალდებულება აქვს აღებული?

არ ვიცი, რა ვალდებულება აქვს. მას თუ რამის თქმა უნდა, მეტყვის. ის, რომ რესპონდენტის პოზიციაში ჩავაყენო ჩემი მეგობარი, არ მიმაჩნია სწორად.

თქვენ აზრით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამ საკითხზე პროტესტი ისევ უნდა გაგრძელდეს?

პროტესტი აუცილებლად იქნება, ოღონდ არა პირდაპირ. პროტესტი გაგრძელდება ჩვენი უფლებების დასაცავად, რომ ჩვენ, თქვენ არ აღმოვჩნდეთ ანალოგიურ სიტუაციაში. ისე, აგერ არის გიორგი და მადლობას გიხდის მხარდაჭერისთვის.

ჰკითხეთ, ინტერვიუს ხომ არ მომცემდა?

არა

მასალების გადაბეჭდვის წესი