კომენტარი

ნაცვლიშვილი დეპუტატების განცხადებებზე: ჩვენ ვხედავთ დამცინავ, უნიჭო ღლიცინს, ქილიკს,

25 მარტი, 2016 • 1348
ნაცვლიშვილი დეპუტატების განცხადებებზე: ჩვენ ვხედავთ დამცინავ, უნიჭო ღლიცინს, ქილიკს,

“ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის წარმომადგენელი მხარს უჭერდეს ისეთ გაბედულ განცხადებებს, როგორიც ინგა გრიგოლიამ გააკეთა, ჩვენ ვხედავთ დამცინავ, უნიჭო ღლიცინს, ქილიკს, უადგილო, უაზრო ხუმრობას ამ საკითხზე,” – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დათო ლორთქიფანიძის მიმართვას ინგა გრიგოლიასადმი.

“მოგესახლმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა,” – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დათო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას მიმართა.

Youtube.com-ზე 14 მარტს გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან. გავრცელებულ ვიდეოს ინგა გრიგოლია იმ დღესვე საკუთარ გადაცემაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შანტაჟის არ ეშინია:

„დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მე ინგა ვარ, გრიგოლია – ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ.”

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ასეთი განცხადება ბევრ კითხვას აჩენს:

“ამ განცახადებამდე გუშინ მეჭიაურის განცხადება მოვისმინეთ. ეს ორივე განცხადება რომ ავიღოთ, სრულიად გაუგებარი ხდება, რა არის ხელისუფელბის მესიჯი საზოგადოების  მიმართ, ასევე  იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტერორის ობიექტია და დამნაშავეების მიმართ.  ამ ტიპის განცხადებები ბევრ კითხვას აჩენს და აძლიერებს იმ ეჭვს, ვინ შეიძლება იდგეს კადრების გავრცელების უკან. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ერთიან, კონსოლიდირებულ პოლიტიკას ვერ ვხედავთ და ვერ ვხედავთ სრულ თანხმობას, რომ ამ ფორმით პოლიტიკური პროცესების წარმართვა მიუღებელია.”

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი ტიპის განცხადებებისგან მმართველი პოლიტიკური პარტიის ცალკეული წარმომადგენლების გამიჯვნა საკმარისი არ არის:

“მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდი გაემიჯნოს ამ ტიპის განცხადებებს, ეს[განცხადებები] გახდეს შიდაპარტიული მსჯელობის საგანი და ამ ადამიანებმა გარკვეული ფასი გადაიხადონ ასეთი განცხადებებისთვის. თუ გუნდი მკაცრად არ გაემიჯნება თავის წევრებს და მკაცრად არ მოთხოვს მათ პასუხს, მაშინ ეს არაპირდაპირ იქნება იმის დადასტურება, რომ მთლიანი გუნდიც გარკვეუწილად იზიარებს ორივე[მეჭიაურის და ლორთქიფანიძის] განცხადებას.”

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეები არჩევნებზე დააფიქსირებს თავის პოზიციას ასეთი პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე შიდაპოლიტიკური მექანიზმი უნდა არსებობდეს:

“საზოგადოება საკმაოდ გაორებული არის – სად დგას დღეს მმართველი გუნდი, დგას იქ, სადაც მეჭიაური და ლორთქიფანიძე არის, თუ იქ, სადაც პრემიერი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულის მიმართ შემგუებლობა არ იქნება.”

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც პარლამენტს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსი უნდა ჰქონდეთ, რის საფუძველზეც მსგავსი ტიპის პოზიციის გამხმოვანებლების მიმართ სანქციები გატარდება:

“როდესაც პარლამენტი, რომელიც კანონებს ადგენს,  არ არის შეზღუდული ეთიკით და თვითრეგულირების მექანიზმი არ გააჩნია, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს ჰქონდეთ შიდა მექანიზმები, თუ როგორ ხდება ასეთ განცხადებებზე რეაგირება. სერიოზული ხარვეზია ასეთი მექანიზმების არარსებობა,”- ამბობს ნაცვლიშვლილი.

ნაცვლიშვილის მოსაზრებით, იყო შემთხვევები, როცა ასეთი კონტექსტის განცხადებები შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა, რას მისი  თქმით, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებში მსგავსი მიდგომის არსებობას უწყობს ხელს:

“ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ კოალიციას და პარლამენტს ჰქონდეთ რეაგირება, როდესაც მათი წარმომადგენლები ასეთ ქმედებებს სჩადიან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი