სასულიერო პირების – დავით ისაკაძის, ელიზბარ დეკანოიძის, აბრამ ჩადუნელისა და პეტრე კვარაცხელიას ქმედებების განხილვის მოთხოვნით „მრავალეროვანმა საქართველომ“ წმინდა სინოდს მიმართა. აღნიშნულ მიმართვასთან და ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მიერ არმენოფობიური განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა ისაუბრა:
სასულიერი პირებისა და არა მხოლოდ მათ მიერ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში გაკეთებულმა არმენოფობიურმა განცხადებებმა, ფაქტობრივად, გაანეიტრალა ის, რაც 20 წელია ინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში კეთდება. ამ ოთხმა დღემ რეალურად დაანახა უმცირესობებს, რომ უმრავლესობა მზად არ არის ინტეგრაციისთვის.
ჩვენ ერთად მოვუყარეთ თავი სასულიერო პირების, დავით ისაკაძის, ელიზბარ დეკანოიძის, აბრამ ჩადუნელისა და პეტრე კვარაცხელიას უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ არმენოფობიურ განცხადებებს.
წმინდა სინოდში არის შექმნილი ზნეობრივი ნორმების დარღვევის შემსწავლელი კომისია, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის შემთხვევებს შეისწავლის. ჩვენ მოვამზადეთ ყველანაირი ფაქტობრივი მასალა და 14 ივლისს მივმართეთ სინოდს რომ მათი ქცევა განიხილონ.
რა შედეგს მოელით სინოდისგან?
მე ოპტიმისტი ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვიცი, რომ სინოდში არიან საკმაოდ ტოლერანტული ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, უმცირესობაში არიან. თუმცა, ვფიქრობთ, გარკვეულ ზომებს სინოდი მაინც მიიღებს, რადგან მასაც შესტკივა გული ქვეყანაზე. ასეთი ფაქტები, როგორიც ჩვენ გვაქვს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თუ განმეორდა, ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ სინოდისგან ვითხოვთ რეაგირებას და არ ვკარნახობთ კონკრეტულ ნაბიჯებს. როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოიქცნენ.
სინოდის გარდა, როგორც ვიცით, პროკურატურისთვისაც აპირებთ მიმართვას.
აბრამ ჩადუნელზე, რომელიც მრევლს მოუწოდებს სისხლი დაიღვაროს, ალბათ, პროკურატურას მივმართავთ, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრას. თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია და ტექნიკურად რამდენად იქნება ამის შესაძლებლობა, არ ვიცი. ჩვენ ახლა გვაქვს მოლაპარაკება რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და როდესაც ეს მოლაპარაკება დასრულდება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ამასთან, გარდა ამ ფაქტებისა, ჩვენ თავი მოვუყარეთ სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მიერ ამ დღეებში გაკეთებულ არმენოფობიურ განცხადებებსაც. ასეთი სულ 38 შემთხვევაა. არ ვიცი, რა ვთქვა ინტელიგენციაზე. მარაზმად შეიძლება შეფასდეს რობერტ სტურუას და რეზო ჩხეიძის არმენოფობიური განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ სომხები სომხეთში უნდა დაეტიონ.
საერთოდ, ამ დღეებში, როდესაც სხვადასხვა რელიგიური უმცირესობებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო აქტიური საუბრები, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას უმცირესობების დასაცავად განცხადება არ გაუკეთებია. თუ ხარ პარტია და გაქვს იმის ამბიცია, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოხვიდე, ნაკლებად უნდა იფიქრო ხანმოკლე პერიოდზე გათვლილ ქულებზე. უნდა გქონდეს ქვეყნის განვითარების ხედვა და სტრატეგია, რაც მე ვერ დავინახე.
მაგალითად, როდესაც ჯავახეთში ეთნიკურად სომხებს ასეთი გამონათქვამები ესმით, როდესაც იციან, რომ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელნი არიან, როგორ გგონიათ, ქართულის სწავლის სურვილი ექნებათ?
უმცირესობათა მიმართ მსგავსი გამონათქვამების შემდეგ კიდევ კარგა ხანს არავინ დაგველაპარაკება აფხაზეთსა და ოსეთშიც. ბოლო შეხვედრაზე ოსებმა პირდაპირ მითხრეს – თქვენ არ ხართ მზად იმისათვის, რომ გველაპარაკოთ, გველაპარაკოთ როგორც თანაბრებს. ჩვენ ამ ოთხი დღის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ ვართ თანაბრები.
როგორ ფიქრობთ, რატომ გამახვილდა ძირითადი ყურადღება მაინც სომხური ეკლესიითვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხზე?
არმენოფობია საქართველოში ისედაც არის განვითარებული, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი მეუფე ზენონის განცხადებით დაიწყო. მართლაც სომეხი კათალიკოსის ვიზიტისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ მოხდა ამ კანონის მიღება. თავისთავად, ისინი ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხაც შეეხნენ. თუმცა, პროცენტულად რომ შევაფასოთ სომხების წვლილი აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, შეიძლება 30 %–მდე იყოს, მეტი არა. სომხეთი არ არის საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორი ქვეყანა, არც სომხური ეკლესიაა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ სომხების გამო არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.
რას შეცვლის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი სომხური ეკლესიისთვის საქართველოში?
ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მოხდა სიტუაციის განხმუხტვა. მაგრამ იგივე კანონი შემდგომ ახსნა–განმარტებითი ბარათით განეიტრალდა. ხელისუფლება ამბობს ამ ახსნა–განმარტებით ბარათში, რომ თუ რომელიმე რელიგიურ კონფესიას უნდა საკუთრების დაბრუნება, მათ მოლაპარაკებები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან უნდა აწარმოონ. ცალსახად ამბობს, რომ მოლაპარაკების მხარე არის საპატრიარქო, როგორც მანამდე იყო საპატრიარქო დე ფაქტო. წლების მანძილზე როდესაც ჩიხში შევიდა პროცესი, სომხური ეკლესია შეეცადა, რომ მოლაპარაკებების დროს პარტნიორი შეეცვალა და მოელაპარაკნენ ხელისუფლებას. კანონი მიიღეს, მაგრამ ამ ახსნა–განმარტებითი ბარათით რელიგიურ უმცირესობებს პარტნიორად ისევ მართლმადიდებლური ეკლესია დაუბრუნეს.
ახსნა–განმარტებით ბარათამდე მართლაც იყო მოლოდინი, რომ დაიწყებოდა პროცესი და დაიბრუნებდა საკუთრებას სომხეთის ეკლესია. ახლაც არსებობს იმედები, თუმცა ის დასუსტდა.
თუ გაკეთდა აღნიშნული დაზუსტების შემდეგ სომხეთში რაიმე ოფიციალური განცხადებები?
სომხურ მხარეს ოფიციალური განცახდება მას შემდეგ აღარ გაუკეთებია და ვფიქრობ, მაშინაც იჩქარეს, როდესაც ამ კანონისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.
საერთოდ, მგონია, რომ ჩვენს პარლამენტს აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება იმ მხრივ, რომ მიიღებენ რომელიმე კანონს დაჩქარებულად, საზოგადოება საქმის კურსში არ არის, ან წინააღმდეგია და თუ საზოგადოების დიდი ბირთვისთვის ამ კანონს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს კანონი ვერ მუშაობს.
საბოლოო ჯამში, კიდევ კარგი, არ გავცილდით იმ ზღვარს, რომელიც უკან დახევის გზას აღარ დატოვებდა, თორემ მართლა მოხდებოდა ძალიან არასახარბიელო პროცესები, როგორც საქართველოსთვის, ასევე – სომხეთისთვის. სომხეთშიც არიან არანაკლებ რადიკალები და სწორედ ეს არის მღელვარების მიზეზი, იქაც არ დაიწყოს ქართველების წინააღმდეგ რაიმე კამპანია.
მიხარია, რომ ეკლესიის მმართველ სტრუქტურებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები და პირადად პატრიარქიც, ვინც რეალურად შეაფასეს არსებული სიტუაცია და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად ეს ყველაფერი დროულად აღკვეთეს. თუმცა, ჩიხი ისევ დარჩება, რაც სახელმწიფოების ჰარმონიულ ურთიერთობას ხელს შეუშლის.