საზოგადოება

თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხში” “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი არ შეუშვეს

3 თებერვალი, 2010 • • 5802
თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხში” “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი არ შეუშვეს

მას შემდეგ, რაც “ნეტგაზეთში” გამოქვეყნდა სტატია ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე უნივერსიტეტ “მეტეხისა” და გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის მიმართ, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი უნივერსიტეტის შენობაში არ შეუშვეს.კერძოდ, უნივერსიტეტ “მეტეხში”

 

ჟურნალისტის თამარ ჩხეიძის თქმით უნივერსიტეტის დაცვამ, დაცვის უფროსი გამოიძახა, რომელმაც საკუთარი სახელის და გვარის დასახელებისგან კატეგორიული უარი განუცხადა და უთხრა, რომ  აქვს ბრძანება, რომლის მიხედვითაც  შენობაში არავინ არ უნდა შეუშვას: “ის ვინც შენ გაინტერესებს, აქ არ არის და არ იქნება ერთი კვირაო” , თქვა უცნობმა დაცვის უფროსმა.

 

ამის შემდეგ ჟურნალისტი ტელეფონით დაუკავშირდა უნივერსისტეტს იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით არ შეუშვეს:  ქალბატონმა არ დამისახელა მისი ვინაობა, მაგრამ მიპასუხა, რომ  სანამ “უფროსი არ იქნება” ვერავისთან გასაუბრებას და უნივერსიტეტში შესვლას ვერ შევძლებდი.  

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები არ არიან ვალდებულები იყვნენ გამჭვირვალები და მათზე არ ვრცელდება გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რაც ვრცელდება საჯარო დაწესებულებაზე და შესაბამისად იგივე შეიძლება ითქვას ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, თუმცა აკრედიტაციის სამსახურის მიერ აკრედიტირებული უნივერსიტეტები გარკვეულწილად არიან საჯარო დაწესებულებები:

 

“ როდესაც აკრედიტაციას იღებს უმაღლესი სასწავლებელი, მისთვის ხდება გადაცემა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის არსებული უფლებამოსილება. მაგალითად, სახელმწიფო ძალის მქონე დიპლომს გასცემს ასეთი უნივერსიტეტი. შესაბამისად მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე არააკრედიტირებულ უნივერსიტეტს. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მას ეკისრება საჯაროობის ვალდებულება.  ის ვალდებულია იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ ის უნდა განიხილოს, როგორც საჯარო დაწესებულება” – განმარტავს კორძაია.

თამარ კორძაია ამბობს,  რომ  “ნეტგაზეთის” ჟურნალისტისთვის უნივერსიტეტის შენობაში შეშვებაზე უარის თქმა იგივეა რომ განათლების სამინისტრომ არ მისცეს ჟურნალისტს უფლება, შევიდეს შენობაში.

 

უნივერსიტეტ “მეტეხს” აკრედიტაციის ცენტრმა უკვე გაუუქმა აკრედიტაცია. თუმცა კორძაიას განმარტებით  “ჟურნალისტის ინტერესი ამ აკრედიტაციის გაუქმებამ გამოიწვია, ანუ რატომ მოხდა დელეგირებული (უფლება-მოვალეობის მინიჭება) უფლებამოსილების ჩამორთმევა, ეს ფაქტია საჯარო.”  

თამარ კორძაიას თქმით, ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე და ღიად მიაწოდებინა ინფორმაცია ჟურნალისტისთვის, რადგან კორძაიას აზრით, ეს მისივე ინტერესებში შედიოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი