ახალი ამბები

შსს: მივაკვლიეთ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ავტომობილს

8 მარტი, 2016 • 1259
შსს: მივაკვლიეთ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ავტომობილს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში მიაკვლიეს “თავისუფალი დემოკრატების”ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მ-ს ავტომობილს.

შსს-ს განცხადებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება კვლავ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

ალექსი პეტრიაშვილი და  “თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა.

“დანაშაულის ჩადენის დროს ლევან მ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე, ლევან მ. თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული, „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზები,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ალექსი პეტრიაშვილს 26 თბერვალს თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იგი საავადმყოფოდან დღეს, 8 მარტს გაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი