ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს

9 მარტი, 2016 • 1702
ალექსი პეტრიაშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს

თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” 26 თებერვალს მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა და შეფასებაც გააკეთა:

“26 თებერვალი არის ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის უძვირფასესი ადამიანის, ლევან მიქელაძის დაბადების დღე. მისი ხსოვნის პატივსაცემად მე გახლდით საფლავზე. იქ ლევანის ახალგაზრდობის რამდენიმე სხვა მეგობარიც იყო. როდესაც მათთან ვსაუბრობდი, უკნიდან ლაჩრულად განხორციელდა თავდასხმა. მომხვდა ბლაგვი საგანი. როგორც დაპირისპირების პროცესში აღმოვაჩინე, ეს იყო ჩაქუჩი… საკმაოდ სერიოზული ფიზიკური აღნაგობის ადამიანისგან, რომელიც ცდილობდა ჩემი თავის დაზიანებას. რამდენიმე დარტყმა განახორციელა კიდეც “წარმატებულად” საფეთქლების მიმართულებით, სახის არეში. არ ასცდენია საფეთქლებს. ეს არ იყო უბრალო დაზიანება. მე დღესაც კი შემიძლია ამაზე იუმორით ვილაპარაკო მაინც. ჩაქუჩის მოქნევისას არავის აქვს განსაზღვრული, ის ადამიანის ოდნავ გასათიშად არის [გამიზნული], სრულიად პარალიზებისვის თუ ადამიანის მოკვდინებისთვის. ჩაქუჩი ხვდება ადამიანს თავის ქალაში, ხვდება საფეთქლებში, ხვდება სახის არეში. ყველა სხვა ინსტრუმენტს და ყველა სხვა დეტალს (იარაღს და ყველაფერ სხვას) რომ თავი დავანებოთ, მარტო ესეც [ჩაქუჩი] საკმარისია. როდესაც ძალიან ძლიერი ფიზიკური აღნაგობის ადამიანი სახის და თავის არეში ახორციელებს თავდასხმას, ეს არის მკვლელობის პირდაპირი მცდელობა და არა უბრალოდ ერთი თბილისური გარჩევა. რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე მას დაემატა მისი თანამზრახველი ბეისბოლის ბიტის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

როგორც განცხადებებიდან მივხვდი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის საწყის ეტაპზე ეს იყო აქტუალური – ფეხის არეში თუ იყო [ნასროლი], ეს არ იყო სიკვდილით დასჯის მცდელობაო. მე მინდა დავამშვიდო ისინი, რომ მუცლის არეშიც იყო მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობა, რომელიც ძალიან სახიფათო იყო ჩემი ორგანიზმისთვის. ამის გამო განხორციელდა მეორე ურთულესი ოპერაცია. ერთი ტყვია ორგანიზმში მაქვს “მემკვდირეობით”.

ლევანს [მიქელაძე] დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, მისი ფანტასტიკური თვისებებიდან გამომდინარე. ის ადამიანები სრულიად დამოუკიდებლად იყვნენ მისული. შეიძლებოდა იქ მივსულიყავი, იგივე, ირაკლი ალასანიასთან, ვიქტორ დოლიძესთან, ლევან დოლიძესთან, ნინო გოგუაძესთან, მაია ფანჯიკიძესთან და სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად. უბრალოდ, გარემოებამ გამოიწვია ისე, რომ მე მივედი დამოუკიდებლად. ჩემი გადმოსახედიდან (გამოძიება ამას დაადგენს, ბუნებრივია), შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ თვალთვალის შედეგად, გამოვლინდა ჩემი ადგილსამყოფელი. ეს იყო დაგეგმილი და დაკვეთილი. მე არაფერი [თვალთვალი] შემიმჩნევია. როგორც დასკვნას, ახლა ისე გთავაზობთ. მაქვს ამისი საფუძველი იმიტომ, რომ გარკვეული ლოგიკა არის ამაში. უბრალოდ, მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, ეს იყო წინასწარ ძალიან კარგად დაგეგმილი, დაკვეთილი ოპერაცია ამ სადისტური თავდასხმის. რეალურად, ყველა ელემენტი იყო გამოყენებული: თვალთვალისაც, სხვადასხვა ინსტრუმენტებით მუშაობის და ა.შ. შესაბამისად, ეს უნდა იქნეს გამოძიებული.

მჭიდროდ არიან ადამიანები დაკრძალული და არ მიმიქცევია ყურადღება. ლევანის მეგობრებს ვესაუბრებოდი. კი, შეიძლებოდა გამჩენოდა კითხვა, რატომ ასეთი სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ არ დამებადა ეს შეკითხვა და ამ დროს მივიღე უკნიდან, თავის არეში ბლაგვი საგნით ძალიან მძიმე დარტყმა, რამაც პრინციპში წონასწორობა დამაკარგინა, მაგრამ არა გონება. როდესაც უკვე ვხედავდი ამ თავდამსხმელს, რომელიც ჩაქუჩით [ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ჩაქუჩი ჰქონდა] ცდილობდა შემდგომი დარტყმების განხორციელებას და ძალიან კვალიფიციურად/პროფესიონალურად ხმარობდა ამ ჩაქუჩს. ის მუშაობდა, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი.

ლევანის მეგობრების მცდელობა იყო, რომ შეეჩერებინათ ეს თავდასხმა, მაგრამ საქმეში იარაღიც ჩაერთო, მერე უკვე დაჭრებიც განხორციელდა. მათაც ემუქრებოდნენ, რომ არ ჩარეულიყვნენ.

მე დამოუკიდებლად გახლდით, როგორც გითხარით, მაგრამ ადგილზე იყვნენ ლევანის თანაკურსელები და მეგობრები – სულ 3 ადამიანი. მათი ვინაობის დასახელება არ არის საჭირო, გამოძების ინტერესიდან გამომდინარე. ბუნებრივია, მე მათი მადლიერი ვარ. გამოძიებამ ისინი ჩემზე ადრე დაკითხა იმიტომ, რომ მე საოპერაციოში ვიყავი. მათ გამოიძახეს პატრული, მათ გამოიძახეს სასწრაფო და ყველაფერი. ასევე, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დროზე მომხდარიყო ჩემი გადაყვანა საავადმყოფოში.

ნამდვილად არ მინდა ახლა პირდაპირ ეთერში დავჯდე და რაღაც ვარაუდები გამოვთქვა. ერთი, რაც შემიძლია დადასტურებით გითხრათ, ის, რაც მოვისმინე დღეს საავადმყოფოს ზღურბლთან, საავადმყოფოდან გამოსვლისას, თითქოს რაიმე პირადული უთანხმოება თუ რაღაც შელაპარაკება მქონდა ამ პიროვნებასთან, ეს არის სრული აბსურდი საერთოდ, თვალითაც არ მინახავს. ჩვენი პროფილები განსხვავდებოდა ნამდვილად: მე ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით ვმუშაობდი და ის ლომბარდების და სავალუტო ჯიხურების. სხვადასხვა თემები გაგვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არავითარი გადაკვეთა მქონია ამ ადამიანთან და ეს არის ყველაზე აბსურდული ვერსია, რომელიც კი საერთოდ ამ დღეებში მომისმენია.

არ არის შემთხვევითი, რომ ჩემი ღრმა რწმენით ეს არის, უბრალოდ, შემსრულებელი. ორიდან ერთ-ერთი შემსრულებელია. პირდაპირ უნდა განვაცხადო და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა – გულწრფელად ვამბობ, რომ მართლაც შესაბამისი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან თავდაუზოგავად, დღე-ღამის განმავლობაში იყო კომუნიკაცია, მუდმივად იყო მცდელობა და მუშაობა. დარწმუნებული ვარ, გრძელდება მუშაობა და არ შემიძლია ამის გამო მადლიერება არ გამოვხატო შსს-ს ხელმძღვანელობის, შესაბამისი ქვედანაყოფების და გამომძიებლების მისამართით. უბრალოდ, ჩემთვის ცხადზე-ცხადია, რომ ეს ერთი ადამიანი, რომელიც ახლა გავიგე ტელევიზორიდან, რომ იბრალებს ყველაფერს, რომ ჩაქუჩიც, ბეისბოლის ბიტაც, იარაღიც, ბურღიც და ყველაფეი მას ჰქონდა…

დიახ, დაკავებულია ის ადამიანი, რომელის სახეც დავინახე. ჩემთვის არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ის ასრულებს დაკვეთას. ახლა ცდილობს მაქსიმალურად დამკვეთის დამალვას, მისი თანამზრახველის დამალვას. ეს არის აბსოლუტურად შეთხზული ისტორიები [რომლებსაც ბრალდებულის ახლობლები ავითარებენ]. რაც ვნახე, მისმა ადვოკატმა ბოლო კომენტარებში თავიც კი შეიკავა ამ ვერსიის განვითარებისგან. ასევე, ბრალდებულის დედის ჩვენებაც ისეთი იყო უკვე, რომ ეს ყველაფერი მან გადმოცემით იცის. ეს არის ყველაზე აბსურდული ვერსია, რაც ძალიან მალე გამოირიცხება. გამოძიება ამას ძალიან სწრაფად დაადგენს. გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით და ყველა მიმართულებით.

ამ ადამიანის მისაგნებად, მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე აღმოჩენილი კეპი, ადგილზე აღმოჩენილი ჩაქუჩი; დეენემის მაჩვენებლები, რომელიც ყველაფერზე დაემთხვა რეალურად. რამდენადაც ვიცი, ნივთმტკიცებად აქვთ ახლა ამოღებული, მისი ავტომობილი. შესაბამისად, ალბათ, რაღაც კამერების მეშუეობით ხდებოდა ამის გამოვლინება, იმიტომ, რომ მე თვითონ მარშრუტი შევატყობინე, რა მარშრუტითაც მივემართებოდი სასაფლაოს მიმართულებით და ძალიან მაღალი ალბათობით იყო თვალთვალი, რამაც შესაბამის კამერებს მისცა დაფიქსირების შესაძლებლობა.

მიუხედავად ასეთი აქტიური მუშაობისა და მე ამას არც ერთ შემთხვევაში ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს საქმე ვერც ერთ შემთხვევაში ჩაითვლება და ვერ დაირქმევა გახსნილად, თუ არ გამოვლინდება და დაისჯება დამკვეთი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს დამკვეთი და გამოვლინდეს მოტივი. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით, იმიტომ, რომ ეს არის (ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, ბუნებრივია, ჩემთვის) ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – დღისით-მიზისთ, 12:00 საათზე, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს თუ ერთ რიგით მოქალაქეს [დაესხნენ თავს].

უცებ რომ გააკეთეს განცხადებები, რომ ეს იყო პირადი მოტივით, შეიძლება ჩაქუჩის თავის და საფეთქლის არეში ჩარტყმა. ეს იყო სრულიად ბრიყვული მცდელობა სახელმწიფოს სახის შენარჩუნების და მხოლოდ პირად ურთიერთდაპირისპირებაზე იყო დაფუძნებული ეს სადისტური თავდასხმა. ყველა არის დაინტერესებული. მე ვიცი ძალიან კარგად, ზედმიწევნით, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან საერიოზულად დაინტერესებული და კონტროლზე აქვს ეს საქმეც აყვანილი. ყველა, თითოეული ჩვენთაგანი ვართ დაინტერესებული იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, ძალიან სერიოზული სილის გარტყმა.

მოგეხსენებათ, თავისუფალ დემოკრატებს ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი გვყავს. არც ჩემი ტელეფონი გაჩერებულა, არც ჩემი მეგობრების და არც ჩემი თანაპარტიელების. ეს საყოველთაო შეშფოთებას და განრისხებას იწვევდა, როგორც ნატოში, ისე აშშ-ში, ნიდერლანდებში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში და ევროპის საბჭოში. მე შემიძლია ძალიან ბევრი ადამიანის სია ჩამოგითვალოთ, რომელსაც საქართველოც კარგად იცნობს და საერთაშორისო თანამეგობრობაც.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, ახლა კონკრეტულ სპეკულაციებზე [თუ ვინ იყო დამკვეთი] საუბარი ძალიან გამიჭირდება,” – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, დამკვეთს ყავდეს ხელისუფლებაში სანაცნობო წრე, რომლის დახმარებითაც ის ცდილობს მიჩქმალოს თავდასხმის საქმე და წარმოაჩინოს ისე, როგორც ბრალდებული ოჯახის წევრები ყვებიან, ალექსი პეტრიაშვილი პასუხობს, რომ სავსებით შესაძლებელია:

“შეიძლება, სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ, მე უნდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში დღეს სჭირდება თავისუფალი დემოკრატის, ალექსი პეტრიაშვილის, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელის განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის მცდელობის გახსნა, პირველ რიგში და უმთავრესად, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმე და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ღირსების საქმე. ასევე, მათდამი ნდობის საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტორებზე, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რომელ ინვესტიციაზე და ზოგად უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც დღის 12:00 საათზე ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით ხუთჯერ ესვრიან მისი მიმართულებით, საუკეთესო განგსტერულ ტრადიციებში ჩაქუჩით, ბეისბოლის ბიტით თექვსმეტ ჭრილობას აყენებენ და აქედან რომელი იქნებოდა სასიკვდილო და ლეტალური შედეგის მომტანი, კაციშვილმა არ იცის.

მე არ მაქვს ახლა საფუძველი იმის, რომ ვთქვა, რომ გამოძიებას რაღაც გზა-კვალის აბნევის მცდელობა აქვს. ნამდვილად არ აქვს ამის მცდელობა. [დაკითხვის დროს] ნამდვილად არავითარი მიმართულების მიცემის მცდელობა არ იყო. ეს მათი პრესტიჟის საქმეც არის და მე მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არც ვარდისფერ სათვალეებში ვუყურებ მაინცდამაინც ცხოვრებას. განსაკუთრებით, ჩაქუჩით, ბეისბოლის ბიტით და შეიარაღებული თავდასხმის მერე. ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა იმოქმედოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მეც, თქვენც და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გაუფანტოს ყოველგვარი ეჭვი. თუ ჩვენ ისევ რაღაც საგანგებო ბრიფინგებს გავიგებთ და გამოიკვეთება ვიღაცის სახელი და გვარი, შემსრულებლის, რომელიც არის სადღაც კუნძულის ტერიტორიაზე მიმალვაში და ამით შემოიფარგლება და დაიხურება, ეს ბუმერანგივით მიუბრუნდება ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, მინდა ვიქონიო იმედი, რომ მათი სწრაფვა ამ საქმის გამოძიების არის მართლა გულწრფელი და მიიყვანენ ბოლომდე. ეს არ არის რთული გამოსაძიებელი საქმე. ეს ადამიანი, რომელიც დაკავებულია, შესაბამისი შესწავლის, მისი ურთიერთბების, მისი კავშირების და შესაბამისი გამოძიების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სწორ მიმართულებასაც მიცემს ამ გამოძიებას და შედეგების დადებაც იქნება შესაძლებელი, რომელიც არის ყველას ინტერესში,” – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი