ახალი ამბებისამართალი

წულუკიანი: პაპუაშვილისთვის გამოსაქვეყნებელი რაც მქონდა, უკვე გამოვუქვეყნე – ეს არის მისი ორიანები

7 მარტი, 2016 • 1118
წულუკიანი: პაპუაშვილისთვის გამოსაქვეყნებელი რაც მქონდა, უკვე გამოვუქვეყნე – ეს არის მისი ორიანები

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი პაპუაშვილის განცხადებების პასუხად განაცხადა, რომ მას “გამოსაქვეყნებელი არაფერი აქვს”.

პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ეს განცხადება 7 მარტს ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობას გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა 5 მარტს განაცხადა, რომ   მის შესახებ ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებას გეგმავენ.

ეს განცხადება მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “კურიერში” გააკეთა.

“როგორც გუშინ შემატყობინეს, კონფიდენციალურმა წყარომ, აპირებენ რაღაც თითქოს უღირს გამოთქმას ვხმარობ, თუ სხვა საქციელთან დაკავშირებით, ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას.  ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს და რამდენიმე წევრი, შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ ქულების გარდა არაფერი ჰქონდა გამოსაქვეყნებელი. საქმე ეხება სამთავრობო კომისიის წევრების მიერ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში გიორგი პაპუაშვილისთვის დაწერილ ქულებს. შესაძლებელი 5-დან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა 1.86 ქულა მიიღო. იუსტიციის მინისტრს სტრასბურგის მოსამართლეობის სხვა კანდიდატთა ქულები არ გამოუქვეყნებია.

„ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა მე გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე. ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია მე მის შესახებ არ მაქვს და არც ხელისუფლების რომელიმე წევრს აქვს. მას, როგორც ჩანს, ალბათ, აწუხებს წარსულის აჩრდილები. თუ წარსულში წინა ხელისუფლებამ ვინმეს რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას და, მათ შორის, მე, ერთადერთი გვქონდა − საკონკურსო ქულები, ის უკვე გამოქვეყნებულია. არ იყო ეს ქულები ბატონი პაპუაშვილისთვის სახარბიელო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრი ამბობს, რომ პაპუაშვილის მიმართ ორი მოთხოვნა აქვს:

“პირველი, რომ მან საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისგან 1000 ლარად ძვირადღირებული ქონება და არის თუ არა ეს შესაბამისი მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპთან; რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, თუ ასეთი გააკეთა, და მეორე, მაინტერესებს, განიცდის თუ არა ის დისკომფორტს, როდესაც ცხოვრობს სამი მცირეწლოვანი ბავშვის ბინაში საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არა მხოლოდ სტრასბურგის მაღალ პოზიციას, არამედ იმ პოზიციასაც არ შეესაბამება, რომელსაც ის იკავებს, და, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება მას დაუსვამდა კითხვებს − უნდა იყოს თუ არა ის იმ თანამდებობაზე, რომელზეც  არის. მე მესმის, რომ კონკურსში დამარცხდა, მესმის, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, მე ისიც მესმის, რომ 30 სექტემბერს ვადა უმთავრდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სხვას ვესროლოთ ტალახი. კონკურსი კონკურსია, კონკურსში კი ის დამარცხდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი