სამართალი

ვინ რამდენი ქულა დაუწერა პაპუაშვილს ევროსასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში?

1 მარტი, 2016 • 1166
ვინ რამდენი ქულა დაუწერა პაპუაშვილს ევროსასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში?

იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო კომისიის წევრების მიერ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილისთვის დაწერილ ქულებს აქვეყნებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ქულებს აქვეყნებენ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმ უსაფუძვლო თავდასხმების საპასუხოდ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი  კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ახორციელებს”.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ შესაძლო მაქსიმალური ქულა იყო – 5.

თეა წულუკიანი – 0,5

ხათუნა თოთლაძე – 1

შალვა თადუმაძე – 0

მამუკა ვასაძე  – 1

ეკა ბესელია – 2

ვახტანგ ხმალაძე – 4.5

მზია თოდუა – 2

უჩა ნანუაშვილი – 2.5

ზაზა ხატიაშვილი – 2

ირაკლი ბურდული – 3

ანა ნაცვლიშვილი – 2

საშუალო ქულა  – 1.86

იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს გიორგი პაპუაშვილს, რომ “კიდევ ერთხელ გაეცნოს მისთვის გუშინ მიწოდებულ ამ ინდივიდუალურ შეფასებებს და საშუალო ჯამურ ქულას, რომელიც სამთავრობო კომისიის სრულმა შემადგენლობამ 2016 წლის 28 თებერვალს ერთსულოვნად დაამტკიცა”.

თეა წულუკიანმა გუშინ უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მინისტრმა მთავრობასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მას გარიგება შესთავაზა.

“ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს. მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ–ახალი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა,”– უპასუხა პაპუაშვილს წულუკიანმა.

გიორგი პაპუაშვილმა 29 თებერვალს განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მის მიმართ “ალერგიული” დამოკიდებულება აქვს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობი სანაცვლოდ”კულუარულად” შესთავაზა  ვენეციის კომისიის წევრობის ვადის გაგრძელება.
“მან კულუარული შემოთავაზებაც გაგვიკეთა, რომ მე და ერთ წევრს გაგვიგრძელდებოდა ვენეციის კომისიაში წევრობა, თუკი ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებდით ხელისუფლებასთან და მოგვარდებოდა ე.წ პირადი პრობლემები, რომლებიც თვითონ ხელოვნურად შეიქმნეს,“ – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი