ახალი ამბები

აქციის მონაწილეების გასამართლება ბათუმში

25 მაისი, 2011 • 1163
აქციის მონაწილეების გასამართლება ბათუმში

ბათუმში, სახალხო კრების აქციაზე დაკავებულ 7 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 6 პირს  კი- ადმინისტრაციულ სასჯელად 60 და 45– დღიანი პატიმრობა.

7 ბრალდებულს – გოჩა მუხაშავრიას, დიმა ჭეიშვილს, ვახტანგ სიორიძეს, დათო ფარტენაძეს, ტარიელ ფუტკარაძეს, ანზორ სოლომონიძეს და ხვიჩა გამარჯობაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 222–ე  და 353–ე მუხლების მე–2 ნაწილით წაუყენა, რაც 2–დან 4 წლამდე და 4–დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლები მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ბრალდებულები 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის შემდეგ დააკავეს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა თამარ ბეჟანიშვილმა და გიორგი ქაშაკიშვილმა სრულად დააკმაყოფილეს პროკურატურის მოთხოვნა და 24 მაისს დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„ბატონო მოსამართლევ, ნუ სარგებლობთ მაგ იდიოტური კანონით, ისარგებლეთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელიც უპირატესია მაგ კანონთან მიმართებაში და პროცესუალური ნორმები მაინც დაიცავით. შეგახსენებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება და საქმე აუცილებლად წავა ევროპის სასამართლოში“, _ ადვოკატ რამინ პაპიძის ეს მიმართვა მოსამართლეებს არ გაუთვალისწინებიათ.

როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, მურმან დუმბაძე ამბობს,შვიდივე ბრალდებული,  ე.წ. „შეფიცულები“  არიან და საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების კოორდინირებას ეწეოდნენ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბეჟანიშვილს ადვოკატმა რამინ პაპიძემ აცნობა, რომ ერთ–ერთი დაკავებული არის ფსიქიკურად დაავადებული და სასამართლოს ამის დამადასტურებელ ცნობასაც წარუდგენენ. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არის ნაცემი და თვალზე დღემდე აღენიშნება სისხლჩაქცევა. პროცესზე ეს ინფორმაციები მოსამართლის ყურადღების საგანი არ გამხდარა.

22 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 მაისის აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილის საქმე განიხილეს,ოღონდ ამჯერად ადმინისტრაციული წესით.

როლანდ ხოზრევანიძეს, ემზარ ქადიძეს, მარად სოლომონიძეს და როლანდ აბულაძეს 60– დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს; თემურ ჭანტურიშვილი და ჯამბულ შარაბიძე ბათუმის მე-3 საპყრობილეში 45 დღეს გაატარებენ;

დაკავებულების ოჯახის წევრებმა, რომლებმაც სხდომის დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს, აცხადებენ, რომ ისინი 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ თავიანთ ახლობლებს აჭარის შს სამმართველოს ყველა განყოფილებაში და მთავარ სამმართველოში, მაგრამ არც მათი ადგილსამყოფელის და არც დაკავების შესახებ  ინფორმაციას პოლიცია არ აწვდიდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა და უფლება სამართალდამცავებმა არც ადვოკატებს მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი