23.19: ნეტგაზეთი, თბილისი: აქტივისტების მზადება თავდაცვისთვის, კოსტავას ქუჩა
21: 55: „ინტერპრესნიუსი“: ნინო ბურჯანაძე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის და მის შვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
19:45 ნეტგაზეთი, თბილისი ბიძინა გეგიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს,რომ მისი ავტომობილი ათამდე პოლიციის ავტომობილმა გააჩერა. მოისმინეთ აუდიო
bidzina gegidze | Online Karaoke
18:15: ნეტგაზეთი, თბილისი ლევან გაჩეჩილაძემ სიტყვით მიმართა ხალხს. “დღეს ნახავთ მაესტროზე გადაცემას ჩემი მონაწილეობით”,–ეს ერთადერთი წინადადება იყო,რაც ლევან გაჩეჩილაძემ, ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე.
18:10: ნეტგაზეთი, თბილისი ნინო ბურჯანაძემ განაცხადა,რომ დღეს შედარებით მცირე რაოდენობით ხალხია აქციაზე შეკრებილი. მისი თქმით, ხალხის რაოდენობას განაპირობებს ხელისუფლების მხრიდან ადამიანების დაშინება, დაჭერა, გზების გადაკეტვა და არა სახალხო კრების მხარდამჭერების სიმცირე. მანვე ცოტა ხნის წინ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ ვინც დაღლილი იყო, შეეძლო სახლში წასვლა, თუმცა იქვე სთხოვა მათ, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა,რომ დარჩენილიყვნენ. ბურჯანაძის მოწოდების შემდეგ, დაახლოებით ასმა ადამიანმა დატოვა აქცია. დანარჩენები რჩებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აქციაზე ამ დროისთვის დაახლოებით 2 000 ადამიანია შეკრებილი.
17:40 ნეტგაზეთი, თბილისი ამ წუთებში ნინო ბურჯანაძემ ხალხს სიტყვით მიმართა. მან ხალხს განუცხადა, რომ მათ, ვინც დაიღალა, აქვთ შესაძლებლობა, სახლში წავიდნენ. თუმცა თავად ლიდერები, მისი თქმით, დარჩებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახლადშემოერთებული პარტიები დაახმარენ ხალხს, რათა არ დაცარიელდეს აქციის ადგილი. მან თქვა, რომ მაესტრო პირდაპირ ეთერში მთელი ღამის მანძილზე გადასცემს აქციაზე მიმდინარე მოვლენებს. ბურჯანაძის თქმით, აქცია ხვალ დღის სამ საათზე გაიმართება.
17:30 ბათუმელები, ბათუმი სახალხო კრების მცირერიცხვოვანი ჯგუფი,რომელიც დღეს ერას მოედანზე იყო შეკრებილი, თბილისის აქციას შეუერთდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს აქციაზე თემურ შაშიაშვილმა განაცხადა. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, მურმან დუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები ბათუმიდან თბილისის მიმართულებით იმ წუთიდან გაემართებიან,როგორც კი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება.
15.57 :ნეტგაზეთი, თბილისი: საქართველოს რესპუბლიკური პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა : “წუხელ ბათუმში და დილას თბილისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით კვლავ ხელს უწყობს მოვლენების ესკალაციას. აშკარაა, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ “სახალხო კრების” აქციები უკვე მიიჩნია წარუმატებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს პროცესში სხვა ოპოზიციური ძალების ჩათრევასაც”
15.43 :ნეტგაზეთი, თბილისი: ქართული პარტია აცხადებს, რომ პარტიის ოფისიდან გასული მანქანები საპატრულო პოლიციამ უმიზეზოდ გააჩერა. პარტიის გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს პარტიის პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი შეესწრო, „რომელსაც პოლიციელებმა მანქანების გაჩერების მიზეზი ვერ განუმარტეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, უმიზეზოდ გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისთვის გზის გაგრძელების უფლება მიეცათ“.
15.30:ინტერპრესნიუსი: შსს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებს
15.28 ნეტგაზეთი, თბილისი: სოზარ სუბარმა, ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა დატოვეს კოსტავას ქუჩა. ისინი სახალხო კრების ოფისში წავიდნენ, სადაც გია კობახიძის თქმით, შემდგომი სტრატეგია უნდა შეიმუშავონ.
15. 27:ნეტგაზეთი, თბილისი: აქციაზე თეთრბენდენიანი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ, ასევე არიგებენ შავი ფერის ბენდენებსაც. თეთრ ბენდენებს „სამოქალაქო ფრონტის“ წარმომადგენლები ატარებენ, რომელსაც ჯაბა ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, ყველა მონაწილეს ბენდენა იმიტომ აქვს, რომ არ დაგვიჭირონო, ზოგიერთი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევისთვის დაჭირდებათ, თუკი სამართალდამცავები ცრემლსადენ გაზს გაუშვებენ.
15.12: ბათუმელები, ბათუმი: სახალხო კრებამ საპროტესტო აქცია დაიწყო ბათუმშიც. აჭარაში სახალხო პარტიის ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ისინი ამჟამად ერას მოედნისკენ მოემართებიან. “ჩვენ გვაცილებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი პოლიციელები არიან”, _ ამბობს მურმან დუმბაძე.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს 21 მაისის აქციის მონაწილეები. დიმიტრი ჭეიშვილს, როლანდ ხოზრევანიძეს, ემზარ ქადიძეს, მარად სოლომონიძეს და როლანდ აბულაძეს 60– დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს; თემურ ჭანტურიშვილის და ჯამბულ შარაბიძეს _ 45;
აჭარაში სახალხო კრების ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ოთხი ადამიანის _ დავით სამნიძის, ვლადიმერ სიორიძის, ხვიჩა გამარჯობაძის და ანზორ სურმანიძის ადგილსამყოფელი უცნობია. დუმბაძე ვარაუდობს, რომ მათ წინააღმდე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, 222-ე მუხლით, რაც ტელევიზიისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ორი ადამიანი _ გოჩა მუხაშავრია და დავით ფარტენაძე დღეს დილით დააკავეს;
გუშინდელი აქციის დარბევის შედეგად ორ ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. ექიმების თქმით, ორმოცაძეს წვივის დაზიანება აქვს, ხოლო სულხან ქაღბადაძე ნეირორქრურგიული განყოფილებაში წევს.
15.02: ნეტგაზეთი, თბილისი: ეკა ბესელია მივიდა აქციაზე. მან განაცხადა, რომ არ ჭირდებოდა საგანგებო მოწოდება, რომ აქციაზე მისულიყო: “მე ვარ აქ და ვგმომ იმ ძალადობას, რაც მოხდა ბათუმში და აქ თბილისში. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალის გამოყენება”.
14.58: ნეტგაზეთი, თბილისი: აქციაზე ამ წუთებში იმ პარტიების ლიდერებს, რომლებიც აქციას შეუერთდნენ, მოუწოდეს, ავიდნენ ტრიბუნასთან, რათა მოითათბირონ სამომავლო გეგმები.
14.57:ნეტგაზეთი, თბილისი გია კობახიძე გამოდის და აცხადებს, რომ ნებისმიერი პარტიისთვის ღიაა წარმოამდგენლობითი სახალხო კრების ორგანიზებული აქცია.
14.52:ნეტგაზეთი, თბილისი:აქციაზე ამ დროისთვის 2000– მდე ადამიანი იმყოფება.
14.51:ნეტგაზეთი, თბილისი:ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. თქვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
14.50:ნეტგაზეთი, თბილისი: „ქართული პარტიის“ წევრები, რომლებიც დღეს შეურთდნენ სახალხო კრების აქციას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან იასამნისფერი ბენდენებით გამოჩნდნენ. შეგახსენებთ, სახალხო კრების აქტივისტებს, შეფიცულთა რაზმის წევრებს, მწვანე ბენდენები აქვთ, სახეზე იფარაბენ და განმარტებას არ აკეთებენ, რას ნიშნავს ეს.
14.42: ნეტგაზეთი, თბილისი: ამ წუთებში გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფება, აცხადებს, რომ ის მისულია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, თუმცა სიტუაციის მიხედვით ჩაერთვება აქციაში და შეასაძლოა სიტყვითაც გამოვიდეს. გაჩეჩილაძემ შეაფასა დილით მომხდარი ამბები, როგორც ხელისუფლების ტერორი აქციის მონაწილეებზე. ის ერთხელ უკვე გამოვიდა აქციაზე სიტყვით.
14.24: : ნეტგაზეთი, თბილისი:რეზო ესაძემ განაცხადა, რომ დროებით შეწყდება გამოსვლები აქციაზე, რადგან 40 წუთი ჭირდებათ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება სამომავლო გეგმების შესახებ.
13.50:ინტერპრესნიუსი, თბილისი: “თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს გმობს
“თავისუფალი დემოკრატები” “სახალხო კრების” აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების მხრიდან ძალადობას და სტაბილურობის სახელით სამოქალაქო უფლებების ხელყოფას გმობენ.
“ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები დემონსტრაციის მოსაწყობად შეიკრიბნენ, აშკარად ასახავს ქართული საზოგადოების უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ. მოვითხოვთ, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავება, აქციის მონაწილეთა გატაცება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
როგორც ირაკლი ალასანიას გუნდში აცხადებენ, სამწუხაროდ, დღვანდელმა ძალადობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან.
13.30: ნეტგაზეთი, თბილისი: „ქართული პარტიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა: „ქართული პარტია“ უერთდება „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციას და მონაწილეობას მიიღებს მასში. რაც შეეხება პარტიის მიერ„მრისხანების დღედ“ გამოცხადებულ 25 მაისს, ეს იქნება სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღე. ამ დღეს გამარჯვებას ყველა ერთად ვიზეიმებთ.
12.52 ნეტგაზეთი, თბილისი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციაზე ქართული პარტიის ლიდერები – ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე, ასევე, გია (უცნობი) გაჩეჩილაძე და რვიანში შემავალი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მივიდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით გია გაჩეჩილაძემ მიმართა: დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ყველა ქართველი თბილისში ჩამოვა და შეუერთდება აქციას“. აქციაზე „ქართული პარტიის ლიდერების გამოჩენამდე პრესკონფერენცია გამართა სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ „ქართული პარტია“ აქციებს 25 მაისს ავლაბრის რეზიდენციასთან გამართავს.
11.20: ნეტგაზეთი, თბილისი:
შეხლა –შემოხლა მოხდა კოსტავას ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს სახალხო წარმომადგენლობითი კრების საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი რკინის ბაგირით, სადაც 11.00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ის მხრიდან რამდენიმე ავტომანქანა მივიდა, რომლიდანაც მოქალაქეები გადმოვიდნენ, შეერივნენ მომიტინგეებს და მათ ქვების და ჯოხების სროლა დაუწყეს. შეხლა–შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სახალხო კრების აქტივისტებმა და შეფიცულთა რაზმის წევრებმა მანქანებით მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს. ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სახალხო კრების ლიდერები ამ ფაქტს აფასებენ, როგორც პროვოკაციას ხელისუფლების მხრიდან. პოლიცია არ ჩარეულა. ნეტგაზეთი მალე შემოგთავაზებთ ვიდეომასალას.
11:00 ნეტგაზეთი, თბილისი დღეს, დილის რვა საათზე, მომიტინგებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
”22 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებელობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი სახოკიას, ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს. თავდასხმმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.
დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს ამ დროისთვის უტარდებათ სამედიცინო დახმარება.”
განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა,რომელიც შეტაკების კადრებს ასახავს.
10.20 ნეტგაზეთი, თბილისი: ნინო ბურჯანაძის შვილმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ჯოხი ჩაარტყა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე ინციდენტის დროს მოხდა, როცა სახალხო კრების ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა კომენტარი თხოვა. „კომენტარი იმათ კითხე, ეგერ“ და პოლიციისკენ მიუთითა. „ის გადაიღე, ეგერ“, მითხრა ბურჯანაძის შვილმა და პოლიციისკენ მიმანიშნა, ამ დროს კი დროშის ტარი, რომელსაც დროშა არ ჰქონდა, მუცელში ჩამარტყა“, ამბობს კუპრეიშვილი. ეს ინციდენტი ვიდეოზეა გადაღებული.
08.10 ნეტგაზეთი, თბილისი: მოხუცი ქალი დაშავდა კოსტავას ქუჩაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკების დროს. მოვლენების ამსახველ ვიდეომასალას ნეტგაზეთი რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
არეულობა 07.45 წუთზე მას შემდეგ დაიწყო, რას კოსტავას გამზირზე ავტომანქანა “ფოლკსვაგენი” შევიდა, რომელშიც პოლიციის ფორმიანი პირები ისხდნენ. მომიტინგეები ყვირილით შემოეხვივნენ გარს ავტომანქანას და პლასტმასის ჯოხებით, რომლებსაც მანამდე დროშები ჰქონდა, ავტომანქანას დარტყმა დაუწყეს. ჩაამსხვრიეს მინები, დააზიანეს მანქანა და ჯოხებს ურტყამდნენ შიგნით მსხდომებს, ასევე ცდილობდნენ მათი მანქანიდან გადმოყვანას.
ავტომანქანამ მოახერხა დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდეგაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ –ის მხრიდან წამოვიდნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მომიტინგეებმა გმირთა მოედნისკენ დაიხიეს, რის შემდეგაც მათ მოუწოდეს შეფიცულთა რაზმის წევრებმა, რომ არ დაეტოვებინათ ტერიტორია.
ინციდენტის დროს ნინო ბურჯანაძე კოსტავას ქუჩაზე არ იმყოფებოდა, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია გამთენიისას, დაახლოებით 07.00 საათისთვის, დატოვა.
2.12:ბათუმელები, ბათუმი: სპეცნაზმა ბათუმში სახალხო კრების ოფისიდან ორი ადგილობრივი ლიდერი თემურ ჭანტურიშვილი და დიმა ჭეიშვილი წაიყვანა – აცხადებენ ამ წუთებში ბათუმში, სახალხო კრების ოფისში, მყოფი მომიტინგეები. მათი თქმით, სპეცნაზის წევრები, რომლებიც ნიღბებით იყვნენ, ოფისში შეიჭრნენ და იქ მყოფნი ცემეს. გია ორმოცაძეს, რომელსაც ნიღბიანი შეიარაღებული პირების შესვლისას შეეშინდა და მეორე სართულიდან გადახტა, ფეხი აქვს მოტეხილი.
ყველაზე მეტად ნაცემი ამირან შავლიძე, რომელიც ბათუმში ქედის რაიონიდან ჩამოვიდა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ამჟამად ოფისში იმყოფება და ვიზუალურადაც ეტყობა დაზიანებები.
სახალხო კრების ოფისში, ძირითადად, სხვადასხვა რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებოდნენ, რადგან ღამე იქ უნდა გაეთიათ.
01.40 ნეტგაზეთი, თბილისი: მცირე ინციდენტი მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, როცა მომიტინგეების თქმით, “პოლიციელებმა, რომლებიც ჩვეულებრივ მოძრაობდნენ, ფეხი წამოედოთ აქტივისტების ტრანსპარანტზე”, რამაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება და ჩოჩქოლი გამოიწვია. საბოლოოდ ისინი გია ბურჯანაძემ დააშოშმინა ფრაზით, “ნუ აყვებით პროვოკაციებს”.
01.39: ნეტგაზეთი/ბათუმელები: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ინფორმაციით, სახალხო კრების ოფისში ნაცემ ორ პირს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ უკვე დატოვეს საავადმყოფო. 27 წლის ლაშა ჯაყელსა და 31 წლის ამირან შანთაძეს მცირე დაზიანებები ჰქონდათ, გვითხრა საავადმყოფოს მიმღების მორიგემ.
01. 22 ბათუმელები, ბათუმი: ნაცემი სახალხო კრების წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აცხადებს ბათუმში სახალხო კრების წარმომადგენელი მურმან დუმბაძე. მისი თქმით, მეორე დაშავებული ამჟამად გადაყავთ საავადმყოფოში. დუმბაძის განცხადებით, სამართალდაცავებმა ისინი ოფისში სცემეს და ოფისი დაარბიეს.
“ბათუმელების” ჟურნალისტები საავადმყოფოში ცდილობენ ინფორმაციის დაზუსტებას და მისი მიღებისთანავე, მოგაწვდით.
01.07 ნეტგაზეთი, თბილისი:ნინო ბურჯანაძემ დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია და მომიტინგეებს განუხცხადა, რომ სახალხო კრების შტაბი გამართავს მოლაპარაკებას, გაანალიზებენ 21 მაისის შედეგებს და გაარკვევენ, ზუსტად რამდენია დაკავებულია. „დოლიძის ქუჩის დასაწყისში ვიქნებით და საათნახევარში დავბრუნდებით“–განაცხადა ბურჯანაძემ.
აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს itv ჯურნალისტს, რომელიც აქციის მონაწილეებს იღებდა. ისინი შემდეგ სხვა მომიტინგეებმა დააშოშმინეს და ინციდენტი ამით ამოიწურა.
00.36 ნეტგაზეთი, თბილისი: საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან რამდენიმე ასეული მომიტინგე დარჩა, რომლებიც დაშლას არ აპირებენ, მათ შორის არიან: „სახალხო კრების“ ლიდერები ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი. აქციის ორგანიზატორებმა ხალხს მოასმენინეს სიმღერა „საქართველოს ცა“, რომელიც ნინო ბურჯანაძის თქმით, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ნეშ თავხელიძემ „სახალხო კრებას“ მიუძღვნა. ამ წუთებში კი მომიტინგეებს რუსეთში მცხოვრები სოსო პავლიაშვილის სიმღერებს ასმენინებენ. ქუთაისიდან ჩამოსული ოცამდე ადამიანი ლოცვით აღნიშნავს ნიკოლოზობას. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ამ ქრისტიანულ დღესასწაულს ულოცავენ.
სპეცნაზის ნაწილი კი გამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან და შენობის წინ ჩამომსხდარნი უყურებენ აქციის მონაწილეებს.