ახალი ამბები

კვირიკაშვილი ბათუმის წყლის დირექტორის სავარაუდო ქმედებას ეხმაურება

4 მარტი, 2016 • 1297
კვირიკაშვილი ბათუმის წყლის დირექტორის სავარაუდო ქმედებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარს აკეთებს. პრემიერი მოითხოვს, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს. კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის მაღალი სტანდარტი

“მინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში. სართოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი.

თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ ძალიან დეტალებში გაერკვეთ ამ საკითხში, მე მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თავისი თანამდებობა. აუტანელია და საერთოდ, ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ იმისათვის, რომ რაღაც საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ. თუ ეს საკითხი დადასტურდება, და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება. მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შესაძლოა, რომ იყოს უსაფუძვლო ბრალდება, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას და მე მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არ უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს საჯარო მოხელეების მიმართ,” – განაცხადა პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომაზე.

რესტორან BK-ის ინფორმაციით, მათ ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზეს. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი