ახალი ამბები

უსუფაშვილი: რესპუბლიკელები და ქართული ოცნება ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობენ

3 მარტი, 2016 • 1627
უსუფაშვილი: რესპუბლიკელები და ქართული ოცნება ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტიები- ქართული ოცნება და რესპუბლიკელები მალე დაასრუელებენ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას:
“საუბარი იყო ძალიან საქმიანი, უკიდურესად კეთილგანწყობილი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია და პარტია ქართული ოცნება ვრჩებით სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში და მეტიც, ძალიან მალე  ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის პოზიცია და “რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას.  სტრატეგიულს – და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურს და მოკლევადიანს. ამასთანავე, პარტიებს შორის, რესპუბლიკელებსა და პარტია ქართულ ოცნებას შორის ამის თაობაზე შეთანხმება კიდევ უფრო დაზუსტდება. სტრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტშიც,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვლება თუ არა კოალიციაში რესპუბლიკელების თანამშრომლობის ფორმატი, უსუფაშივლი პასუხობს, რომ სიახლე საჭიროა:

“სიახლე სჭირდება ყველაფერს, მათ შორის კოალიციასაც. ჩვენ როდესაც ერთად დავდექით ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში, ჩვენ გვქინდა კონკრეტული ამოცანები მაშინ – იმ რეჟიმის დასრულება. ეს ჩვენ მოვახერხეთ, დავასრულეთ შემდგომი 4 წლის ერთობლვი საქმიანობა, რა პროცესშიც ახლა ვიმყოფებით. სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს სამომავლოდაც კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობას,”- აცხადებს უსუფაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის წევრები, მათ შორის, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა კვირიკაშვილის მერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა.

ამ განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებდა კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი