ახალი ამბები

ევროკავშირისკენ გზა კონსტიტუციის დაცვაზე გადის – მოსამართლე მანანა კობახიძე

16 ოქტომბერი, 2023 • 1005
ევროკავშირისკენ გზა კონსტიტუციის დაცვაზე გადის – მოსამართლე მანანა კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, წარსულში “ქართული ოცნების” დეპუტატის, მანანა კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დამრღვევად ცნობისას სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია.

მისივე თქმით, ევროკავშირისკენ გზა კონსტიტუციის დაცვაზე გადის დ საკონოსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ იღებს.

„ვფიქრობ, რომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია… რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, მოგეხსენებათ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის და სასამართლო ვერ შევიდოდა ამ საკითხზე მსჯელობაში[…] საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს ამა თუ იმ ქმედებას, ძალიან არასწორი და არამართებულია კითხვა დაისვა – ეს სტატუსს შეუშლის თუ არ შეუშლის ხელს. იმიტომ, რომ ჩემი პირადი აზრია, რომ ევროკავშირისკენ გზა ნამდვილად მიდის კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დაცვაზე“, – განაცხადა მანანანა კობახიძემ.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა, მათ შორის ერთ-ერთი მანანა კობახიძეა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი