ახალი ამბებიეკონომიკა

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა საბჭოს გადასაწყვეტია

2 მარტი, 2016 • 1574
კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა საბჭოს გადასაწყვეტია

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი კობა გვენეტაძე პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა საბჭოს პრეროგატივაა:

“მინდა მადლობა მოვახსენო პარლამენტს ნდობისათვის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.  იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა დაეხმარება ეროვნული ბანკის საბჭოს ეფექტიანობის გაზრდას და, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაზრდას და ეფექტურად მუშაობას. რაც შეეხება პრეზიდენტად დასახელებას, ეს საბჭოს პრეროგატივაა.”

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 26 თებერვალს ამოეწურა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამავე ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ის მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი