ახალი ამბები

კორძაია: ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანის დაპატიმრება პირად თავისუფლებას ზღუდავს

2 მარტი, 2016 • 1112
კორძაია: ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანის დაპატიმრება პირად თავისუფლებას ზღუდავს

“რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის წევრის, თამარ კორძაიას თქმით,  მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ფორმალური თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამარლოს განჩინებას არ შეესებამება:

“ფორმალური თვალსაზრისით,  ეს ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი არ არის, იმიტომ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარი არის 70 გრამამდე მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში არჩასმაზე და წარმოდგენილი ინიციატივა სხვა ნარკოტიკურლი საშუალებების პირადი მოხმარების საკითხსაც ეხება. ამიტომ, ფორმალური თვალსაზრისით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა არ ეხმიანება სასამართლოს განჩინებას,” – აღნიშნავს კორძაია.

ამის მიუხედავად, დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება სამართლის ფილოსოფიიდან და თავისუფლების არსიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა:
” ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების გამო ადმაიანის ციხეში ჩასმა მის პირად თავისუფლებას ზღუდავს, ეს შეიძლება გაუტოლდეს კიდეც ღირსების შემლახავ მოპყრობას. ”

კორძაიას აზრით, “ინიციატივა იყო საკმაოდ დასაბუთებული და ღირდა ამის უფრო სიღრმისეულად გააზრება პარლამენტის წევრების მიერ” :

“ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ მიგვვეღო ეს ცვლილება, რადგან ადამიანის თავისუფლება მოიცავს იმას, მანვე განსაზღვროს – ავნებს საკუთარ ჯანმრთელობას თუ არა. იგივე შეიძლება ითქვას იმაზე, რომ ადამიანი თუ ზედმეტს სვამს, მის ჯანმრთელობას ვნებს, ადამიანმა თუ თვითმკვლელობა სცადა, ესე იგი, უნდა დავიჭიროთ ის, რადგან საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი და ასე შემდეგ,” – აცხადებს თამარ კორძაია.

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა  დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს , რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.  სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი