ახალი ამბები

პარლამენტმა კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

2 მარტი, 2016 • 2273
პარლამენტმა კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

პარლამენტმა 81 ხმით ხმით არც ერთის წინააღმდეგ კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია.

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 26 თებერვალს ამოეწურა.  შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამავე ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ის მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი