ახალი ამბები

საარჩევნო და არასაარჩევნო რეკომენდაციები

11 მაისი, 2011 • 1093
საარჩევნო და არასაარჩევნო რეკომენდაციები

ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიაჩნია, რომ  უნდა შეიქმნას მკაცრი მექანიზმი რათა,  საჯარო  მოხელეებს  აეკრძალოთ წინასაარჩევნო  კამპანიაში  მონაწილეობა.

ეს ნაწილია იმ რეკომენდაციებისა, რაც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“   „სამუშაო ბარათშია“.

ორგანიზაციამ  დოკუმენტი სახელწოდებით „სამუშაო ბარათი“  წელს პირველად გამოსცა და მასში  მოცემულია  ქვეყნის  იმ  ძირითადი  სფეროების  შემაჯამებელი  შეფასებები,  რომელთა  დახვეწა  და  განვითარება,  ორგანიზაციის აზრით, ქვეყნის  დემოკრატიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გარანტი იქნება.

ასეთ სფეროებად „სამუშაო ბარათში“ დასახელებულია –  საარჩევნო  გარემო,  მედიის  გამჭვირვალობა,  საკუთრების  უფლებები  და  კონკურენტუნარიანობა.   შეფასებებს  თან  ახლავს   კონკრეტული  რეკომენდაციები, რომლებიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ განმარტებითვე, ზოგადია  და შეიცავს იმ პრობლემების მოკლე მიმოხილვას, რომელთაც  სამომავლოდ მეტი ყურადღების უნდა დაეთმოს.

საარჩევნო გარემოს მიმოხილვისას ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო  კამპანიაში  მონაწილეობა  მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფ პირებს უნდა შეეძლოთ.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად,  სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, ასევე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და მთავრობათა ხელმძღვანელები.

ამჟამინდელი კანონმდებლობით წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ასევე საჯარო მოხელეებსაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“  რეკომენდაცია, რომ საჯარო მოხელეებს აეკრძალოთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ეფუძნება  ორგანიზაციის დასკვნას, რომ არაა გავლებული მკაფიო ზღვარი საჯარო და პარტიასთან დაკავშირებულ საქმიანობას შორის და  არის შემთხვევები, როცა საჯარო მოხელეებს ნიშნავენ, აწინაურებენ ან ათავისუფლებენ პოლიტიკური საქმიანობის გამო.

„სამუშაო ბარათის“ მიხედვით, „მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისას გახარჯული თანხები სულ მცირე  7–ჯერ  მაინც  აღემატებოდა  არჩევნებში  მონაწილე   ყველა  დანარჩენი პოლიტიკური  პარტიის  ფინანსურ  დანახარჯებს  ერთად  აღებულს.  ამასთან  ერთად,  იურიდიული პირების  მიერ  მმართველ  პარტიაზე  გაცემული  დონაცია 100–ჯერ  აღემატება  სხვა პარტიების შემოწირულობებს“.

ამიტომაც, „გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს ზღვარი საარჩევნო კამპანიაში დასახარჯი თანხის რაოდენობაზე, რაც თავიდან აგვაცილებს პარტიებს შორის დიდ სხვაობას და  უნდა  შეიქმნას  მუდმივმოქმედი  ორგანო,  რომელსაც  დაევალება  პოლიტიკური  პარტიების  ფინანსური  ანგარიშების  ზედამხედველობა.

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სხვა საკითხების გარდა, „გამჭვირვალობა–საქართველოს“ 11 მაისს გამოცემული „სამუშაო ბარათი“ მოიცავს მედიის, კერძო საკუთრებისა და კონკურენციის საკითხების აღწერასა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი