ახალი ამბები | , , , ,

მეტროპოლიტენის პროფკავშირები თბილისის მერიას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

1 მარტი, 2016 | | 2224
მეტროპოლიტენის პროფკავშირები თბილისის მერიას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

დღეს, 1 მარტს, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა ნაწილმა აქცია გამართა და შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან, რაზეც ისინი წინასწარ უხდიან ბოდიშს მოსახლეობას. მემანქანეთა მოთხოვნების შესახებ ნეტგაზეთი თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, ბესიკ ხარატიშვილს ესაუბრა.

როგორც ხარატიშვილი აცხადებს, მეტროპოლიტენის პროფკავშირები მეტროს თანამშრომლების პირობების გასაუმჯობესებლად 2006 წლიდან იბრძვის და მემანქანეებს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, თუ ხელფასების მომატება არ მოხდება, არის სხვა მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებასაც მერია უნდა შეუდგეს ეტაპობრივად:

”ჩამორთმეული იყო კლასები, თანრიგები, მძიმე და მავნე პირობებზე დანამატები, წელთა ნამსახურება, რომელიც უკვვე რიგში იდგა და, როგორც ვიცით, ამ წელს უკვე უნდა გაიცეს. ღამის საათები, რომლის პრობლემატური საკითხები უნდა დაძრულიყო იქითა წელს. სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანაში კიდევ ასეთი მდგომარეობაა და დოლარის დევალვაცია არა მარტო მეტროში, არამედ, მე მგონი, მთლიანად საქართველოში იწვევს ხელფასებზე პრობლემებს.”

მეტროპოლიტენის პროფკავშირების თავმჯდომარე ამბობს, რომ მემანქანეებს წელიწადში სამი თვე უჰაერობაში უწევთ მუშაობა, ვერ ხედავენ მზის სხივს და გვირაბში მათი ანაზღაურება გარკვეულწილად უკეთესი უნდა იყოს.

”ეს ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ჰქონდათ დაახლოებით სამი წლის წინ და იგივე ხელფასი აქვთ ახლაც, როდესაც უკვე ასეთი დევალვაცია მოხდა და გარკვეულწილად მსყიდველობითი უნარი დაიკარგა… სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გვირაბში მომუშავე თანამშრომლებისათვის ანაზღაურება გარკვეულწილად სხვა უნდა იყოს, რადგან მერწმუნეთ – გვირაბში ვინც მუშაობს, წლის განმავლობაში სამი თვე ის ვერც მზის სხივს ხედავს და ვერც სუფთა ჰაერით სუნთქავს. წელიწადში სამი თვე – ეს არ არის პატარა საქმე. თუ ანაზღაურების ადეკვატურობაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მეტიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა,” – ამბობს ბესიკ ხარატიშვილი.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით წელს რესურსი არ აქვს, თუმცა თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მხოლოდ ხელფასების მატებაზე არ არის საუბარი. ხარატიშვილი თბილისის მერიას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ ხელშეკრულბებები გაფორმდება შესაბამისად, დღევანდელი გადასახადებიდან, სრულიად შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით ეს ყველაფერი განვითარდეს.

”დღევანდელი მოთხოვნები იყო წელთა დანამატი და მომავალი წლიდან ღამის საათები. თბილისის მეტროპოლიტენის პროფესიულმა კავშირმა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის ფრაქციაზე უკვე დავაყენეთ ზუსტად ეს საკითხები და ეტაპობრივად დაკმაყოფილება მოვითხოვეთ. პირველ რიგში, ეს იყო წელთა ნამსახურების განაცემი. თქვეს, რომ ეს იქნებოდა მილიონი და უნდა გაცემულიყო თებერვლიდან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ეს მღელვარებაც ზუსტად მაგის ფონზეა. ეტაპობრივად უნდა დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება და შეთანხმება ადმინისტრაციას, მერიასა და პროფკავშირებს შორის, რათა ყველა ის პირობა, რომელიც დღეს წამოაყენეს მემანქანეებმა, ეტაპობრივად დაკმაყოფილდეს. თუ ხელფასები არ დაკმაყოფილდება, პირველი საკითხია წელთა ნამსახურები. ასე რომ, საკითხები ძალიან ბევრია და თუ ყველაზე უარს იტყვის, მაშინ პასუხისმგებლობაც მერიამ აიღოს,” – ამბობს ხარატიშვილი.

კითხვაზე, მეტროპოლიტენის მემანქანეების უვადო გაფიცვის შემთხვევაში, შეძლებს თუ არა თბილისის მოსახლეობა ამ ტრანსპორტით სარგებლობას, ბესიკ ხარატიშვილი გვპასუხობს: ”ნუ გავასწრებთ მოვლენებს. წინასწარ ვერ ვიტყვით იმას, რა მოხდება. ჯერ არ შემდგარა დიალოგი. პირველი რიგში, უნდა განხორციელდეს სოციალური დიალოგი და აქედან გამომდინარე, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.”

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ გამართულ აქციას და სატრანსპორტო კომპანიის წინაშე წაყენებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმედოვნებს, რომ მეტროს მუშაობა არ შეფერხდება. მათი განცხადებით, კომპანია განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი