ახალი ამბები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმედოვნებს, რომ მეტროს მუშაობა არ შეფერხდება

1 მარტი, 2016 • 1552
თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმედოვნებს, რომ მეტროს მუშაობა არ შეფერხდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ეხმაურება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მოთხოვნებს ხელფასის მომატების შესახებ და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მერიასთან ერთად იმუშავებს და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის წევრებმა მოთხოვნები წამოაყენეს. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის ანაზღაურების მომატებაა.

გარდა ამისა, დღეს გაიმართა აქცია, სადაც მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, გაიფიცებიან, რაზეც წინასწარ უხდიან ბოდიშს მოსახლეობას.

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ამ მოთხვნას დღესვე უპასუხა თბილისის მერმა. მან განაცხადა, რომ ბიუჯეტში არ არის რესურსი იმისათვის, რომ ხელფასი გაიზარდოს.

თუმცა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” ბიუჯეტთან დაკავშირებით მსგავსი რამ არ განუცხადებია:

“შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან  კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ამასთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა  გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა,”– აღნიშნულია “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი