ახალი ამბები

ზაზა ხატიაშვილი: კანდიდატების შერჩევის პროცესი არის უპრეცედენტო და გამჭვირვალე

28 თებერვალი, 2016 • 1479
ზაზა ხატიაშვილი: კანდიდატების შერჩევის პროცესი არის უპრეცედენტო და გამჭვირვალე

“მე ლევან მურუსიძის შემთხვევა არ მინდა გავიმეორო – მოსამართლეებს რომ დაჰყავდათ და ლევანს უნდა მივცეთ ხმაო,” – ეს განცადება სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის კანდიდატების შესარჩევად სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი კომისიის წევრმა, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა.

კომისიის წევრი აცხადებს, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესი არის უპრეცედენტო და გამჭვირვალე:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი პირი ევროპულ სასამართლოში, რომელიც აკმაყოდილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც დგას სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში. პირადად მე, პირველ რიგში, კანდიდატს ვაფასებ იმით, თუ რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი, რამდენად მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია გააჩნია, იმიტომ, რომ კონვენციის საფუძველზე გადაწყვეტილების წაკითხვა თითქმის ყველა კანდიდატმა იცის. ჩემთვის მთავარია მორალური კრიტერიუმები და ყველა კანდიდატს მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ვუსვამ კითხვას. ეს კითხვები ძალიან მკაცრია, მაგრამ მე ვალდებული ვარ, რომ ეს კითხვები დავსვა.”

ხატიაშვილის თქმით, იუსტიციის საბჭომ დაამკვიდრა ბინძური სტანდარტი, როდესაც მოსამართლეები ლევან მურუსიძის მხარდასაჭერად აყავდათ კომისიაში.

“მე ლევან მურუსიძის შემთხვევა არ მინდა გავიმეორო – მოსამართლეებს რომ დაჰყავდათ და ლევანს უნდა მივცეთ ხმაო. ეს არ შეიძლება. იუსტიციის საბჭომ ეს ბინძური სტანდარტი დაამკვიდრა და მე მათ ვერ შევუერთდები, ამას არ ვიკადრებ,” – აცხადებს იურისტი.

კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

დღეს გასაუბრება გადიან შემდეგი კანდიდატები: ირაკლი ათეიშვილი, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, კონსტანტინე კორკელია, ნიკოლოზ ლეგაშვილი, ნონა მჭედლიძე, გიორგი პაპუაშვილი, ნინო პეპანიშვილი, მაკა სტივენსონი, ლუიზა ხითარიშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 რეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა. მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.

სტრასბურგის სასამართლოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურის შესარჩევად შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სამთავრობო ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეები წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი