ახალი ამბები

განადგურებული ფლორა ბათუმის გაჩუქებულ ბულვარში

27 აპრილი, 2011 • 1551
განადგურებული ფლორა ბათუმის  გაჩუქებულ ბულვარში

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარში გუშინ,  მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დასრულებისთანავე, შეიყვანეს  ტექნიკა და ბულვარში ხეების მოგლეჯა დაიწყეს. სამუშაოები ახლაც გრძელდება.

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში 21 აპრილს მოულოდნელად გაჩნდა თუნუქის ღობე ქართულ და თურქულ ენებზე წარწერით – “კერძო საკუთრებაში შესვლა აკრძალულია“. 4504 კვადრატული მეტრი ფართობი ბულვარში, რომელიც 19 აპრილამდე ბათუმს ეკუთვნოდა, ეკონომიკის სამინისტრომ გააჩუქა. ახლა ამ ტერიტორიას ქართული პოლიცია გაძლიერებულად იცავს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ღამისთევით მორიგეობენ –  ბულვარს იცავენ.

„გადავარჩინოთ ბულვარი“ –  ამ აქციის მონაწილეებმა უკვე ზეპირად იციან, რომ 130 წლის წინათ სწორედ ახლა გასაჩეხად განწირულ ადგილზე დაიწყო ბათუმში ბულვარის გაშენება. ბათუმის მაშინდელმა მოსახლეობამ ფული შეაგროვა, ეს ადგილი რუსი გენერლის ქვრივისგან რომ შეესყიდა ბულვარის გასაშენებლად.

21-ე საუკუნის ბათუმელებიც მართავენ აქციებს, რომ უნიკალური მცენარეების ნაცვლად ბათუმის ბულვარის ცენტრში არ გაჩნდეს 175 მეტრი სიმაღლის შენობა (ასაშენებელი ფართობი _ 20 500 კვ. მეტრი), როგორც ამას ბულვარის ახალი მეპატრონე –  “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი  კომპანია „რელვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ გეგმავს. აქციის მონაწილეებმა თავისი გულისტკივილი გაუზიარეს ბულვარში მოსეირნე ფრანგ ტურისტებს და კვალიფიციური რჩევაც მიიღეს –  „ჩვენ მსგავს შემთხვევაში ხეებზე ავდივართ და ვსხდებით. ასე თუ მოიქცევით, ვეღარ მოჭრიან“.

22 მარტს ბათუმის ბულვარში მხოლოდ ფრანგ ტურისტებს არ შემოუვლიათ –  საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერნიკ ფურნიეც მივიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერონიკა ქობალიასთან ერთად. ბათუმის ბულვარი კომპანია “რელვეი ფროფერთი მენეჯმენტს“  სწორედ ვერონიკა ქობალიას სამინისტრომ გადასცა. აქციის გასაშუქებლად მისულმა ჟურნალისტებმა შემთხვევით ისარგებლეს და სცადეს ქობალიასგან გაეგოთ, რატომ გააჩუქა ბათუმის ბულვარი. მათ პასუხად მხოლოდ ირონიული ღიმილი მიიღეს.

ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი განმეორებით 2006 წელს მიანიჭეს. შესაბამისად, ნებისმიერ მშენებლობაზე ნებართვა უნდა გასცეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. 21 აპრილს ამ სააგენტოს ხელმძღვანელმა სოფო ლაზაშვილმა პრესა.ტვ.გე-ს უთხრა: “ჩვენ როგორც განგვიმარტავენ, იქ ბულვარის განაშენიანების პროცესია, თორემ, როგორც ასეთი, რომ ეს სასტუმროსთვის კეთდება, ჩვენთან ამ ეტაპზე არანაირი დოკუმენტი არ არის შემოსული, რის გარეშეც ამ კონკრეტულ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

22 აპრილს კი „ბათუმელებთან“ სოფო ლაზაშვილმა თქვა, რომ გუშინ მას შეეშალა: “რაღაც დოკუმენტაცია არის შემოსული, ოთხშაბათს შემოსულა. მე არ ვარ ბათუმში და ამიტომ არ ვიცოდი ზუსტად“.

“რელვეი ფროფერთი მენეჯმენტის” დირექტორი მეგი მუმლაძე კი დარწმუნებულია, რომ ნებართვას მისცემენ: “ნებართვაზე ჩვენ გვაქვს გაცემული დოკუმენტაცია… ქალბატონ სოფოსთან შევიტანეთ. ობიექტს ექნება საოფისე დანიშნულება. საოფისე რას ითვალისწინებს? _ ოფისებს. ყველა სართულზე განთავსდება ჩვენი ოფისები, ჩემი საკუთრება იქნება, რატომ იქნება სახელმწიფო საკუთრება. ჩემი შპს არის რკინიგზის მიერ დაფუძნებული, რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა, მე ვარ რკინიგზის მიერ დაფუძნებული კომპანია. ბულვარი არ შეგვისყიდია, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჩაგვიდო კაპიტალში, მაგრამ ყველა დანარჩენი პროცედურები მანამდე დაცული იყო, რადგან ჯერ იყო მერიის საკუთრება… მშენებლობას მალე ვიწყებთ…“

რა მიზნით აჩუქეს “რელვეი ფროფერთი მენეჯმენტს” 4504 კვადრატული მეტრი მიწა ბათუმის ბულვარში _ ამ კითხვას მეგი მუმლაძე ასე პასუხობს: “შედით ჩვენს ვებგვერდზე და წაიკითხეთ”. ვებგვერდზე მსგავსი არაფერი წერია.

ბულვარის ახალი მეპატრონის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გაუგია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს: „არ ვიცი, ვისი იყო ეგ ქონება, ალბათ, ქონების მართვის სამსახურს ეცოდინება დეტალებში. ზეპირად, რომელი მიწის ნაკვეთია ქალაქის საკუთრებაში რეგისტრირებული, არ ვიცი. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ეს უნდა გასცეს მერიის არქიტექტურის სამსახურმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა. ერთი კვირის წინ, როგორც მე ვიცი, ნებართვა არქიტექტურისგან არ იყო გაცემული“.

საკრებულოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ჯანმრთელი ხის მოჭრა არ შეიძლება. გიორგი კირთაძემ 22 აპრილს თქვა, რომ 23 აპრილს, 13 საათზე, დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას ერთ შემთხვევაში მიიღებს: “საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად იქნება იქ, სადაც საუბარი იქნება იმაზე, რომ ბათუმის ბულვარი უნდა გადარჩეს და უნდა იყოს უკეთესი და ა.შ. მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ეგ აქცია მხოლოდ საზოგადოებრივ დატვირთვას ატარებდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემის წამოწევა უკავშირდებოდა ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს აჭარაში… კი ბატონო, თუკი არ იქნება არანაირი პოლიტიკური განცხადება და საუბარი შეეხება მხოლოდ ბულვარს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა…”

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ორი თანამდებობის პირი _ ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ედიშერ ჩავლეიშვილი და ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი არჩილ ბერიძე, ანუ ის ადამიანი, რომელმაც საჯარო რეესტრს ამონაწერის მომზადება პირველმა სთხოვა, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ფლობენ.

ციტატა ედიშერ ჩავლეიშვილის კომენტარიდან სტილის დაცვით: “ბათუმის საკუთრება იყო თუ არა, უნდა შეეკითხოთ მერიას. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება არ ყოფილა… შეიძლება მერიის საკუთრება იყო, მაგრამ შემდეგ გადავიდა. საერთოდ ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაა. ბულვარის იყო თუ რა იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვით _ ეგ მერიაში გაარკვიეთ”.

ციტატა არჩილ ბერიძის კომენტარიდან სტილის დაცვით: “ეს ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, შემდეგ არ ვიცი, ამონაწერში ნახავთ, ალბათ, ვისგან განიკარგა და რანაირად. ამონაწერში მესაკუთრე რომ იცვლება, საფუძველიც წერია…

ეს ნაწილი… ბათუმის საკუთრება არ იყო. ბათუმის საკუთრება რომ ყოფილიყო, ვერ დავარეგისტრირებდით სახელმწიფო საკუთრებად. გაიგეთ? ამაშია საქმე”.

იურისტი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ ბულვარის ახალი მესაკუთრე კანონს არღვევს: “ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს, აქვთ ამ ადამიანებს ნებართვა თუ არა. თუ არსებობს, ნებართვის კანონიერებას სასამართლოში გავარკვევთ. ნებართვის არსებობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობა იქნება ცნობილი, ასევე ინფორმაცია, თუ რა ტიპის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია დღეს ამ ობიექტზე არ არსებობს“.

ბათუმის მთავარი არქიტექტორი დავით ზოიძე აცხადებს, რომ მათთვის ბულვარში მშენებლობის ნებართვის ასაღებად არავის მიუმართავს.

არქიტექტორი გია რამიშვილის თქმით, “ის მესერი, რომელიც ბათუმის ბულვარში გაჩნდა, სამშენებლო ღობე, ანუ საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილია”. შესაბამისად, მთავარ არქიტექტორს თუ არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, ეს მესერი უკანონოა და ის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დაანგრიოს. შესაბამისად, მას პოლიცია არ უნდა იცავდეს.

„ეს საუკუნის დანაშაულია“ _ დაბალ ხმაზე საკუთარ თავს ეუბნებოდა ბულვარის გადარჩენის აქციის მონაწილე ასაკოვანი ქალბატონი. ამ სიტყვებმა აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია. მან არც ოფიციალური კომენტარი დაიშურა: “აქვე ვცხოვრობ და ვთხოვ მთავრობას, სადაც უნდა იქ გამასახლოს, ოღონდ ამ ხეებს ნუ გაჩეხავენ”.

უახლოეს დღეებში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სათათბირო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა “საუკუნის დანაშაულის” თანამონაწილე. ამ კომისიის თავმჯდომარე ლაშა ჟღენტია, ხოლო წევრები არიან –სოფო ლაზიშვილი, დავით ზოიძე, ირაკლი სურმანიძე, გია რამიშვილი, ტარიელ ტუსკია, ბეგლარ კახიძე, შოთა მამულაძე.

“ბათუმელები”, ბეგლარ კახიძის გამოკლებით, კომისიის თითოეულ წევრს დაუკავშირდა. მათგან მხოლოდ გია რამიშვილმა თქვა, რომ არ დაუჭერს მხარს ბულვარში ამ მშენებლობას. სხვები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან, მათ შორის სოფო ლაზიშვილიც, რომელსაც შეუძლია საერთოდ არ გაიზიაროს ამ კომისიის რეკომენდაცია:

„ეგ საბჭო ჩემი სათათბირო ორგანოა, შემიძლია მის მიღებულ გადაწყვეტილებას დავეყრდნო ან არ დავეყრდნო. საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებ მე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე წარმოებაშია, ამ დოკუმენტების არც გაცემის უფლება მაქვს და არც ვინმეზე ჩვენების, სანამ საბჭო არ ნახავს. საბჭო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, იმის შესაბამისად ვნახავთ, მერე მე როგორ ვიმოქმედებ”.

არის თუ არა ეს ძეგლზე უხეში ჩარევა? _ ამ კითხვზე ლაზიშვილი პასუხობს: “რას გულისხმობთ, ბულვარი ხომ არ ინგრევა. როგორც ბოლოს მოვისმინე კომენტარი, ხეებს აღარ ამოძირკვავენ. ის ხეები, რომლებიც ამოიღეს, დაზიანებული იყო. დაუზიანებელ ხეებს ხელს არ კიდებენ. მერიაშიც გააკეთეს განცხადება, რომ გამწვანება, ფაქტობრივად, არ მოიშლება”.

სააგენტო “ჯი ეიჩ ენ” კი ავრცელებს “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის ირაკლი ეგუზბაიას კომენტარს. ეზუგბაიას თქმით, ბათუმის ბულვარის დასაწყისში “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი” “ბათუმი ბიზნეს თაუერს” ააშენებს. ამ პროექტის მიზანი უცხოური კომპანიების მხრიდან ბათუმით დაინტერესების ზრდა და საბოლოოდ ინვესტიციების მოზიდვაა. ეგუზბაია ინვესტიციის მოცულობასა და მშენებლობის დაწყების ვადას, ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტის შედგენამდე ვერ აკონკრეტებს.

ბათუმის ბულვარი 130 წლის წინათ ცნობილმა გერმანელმა მებაღემ რესლერმა შექმნა. შემდეგ ეს საქმე ფრანგმა მებაღემ დ,ალფონსმა გააგრძელა. ბაღის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ მებაღე-დეკორატორს იასონ გორდეზიანსაც, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოში ცნობილი ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაში. იშვიათი სილამაზის ბაღი დღემდე ბათუმის სავიზიტო ბარათია.

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

მასალების გადაბეჭდვის წესი