ახალი ამბები

დეპუტატების აზრით, მაღაროელების პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფო ადეკვატურადაა ჩართული

26 თებერვალი, 2016 •
დეპუტატების აზრით, მაღაროელების პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფო ადეკვატურადაა ჩართული

არის თუ არა სახელმწიფო ადეკვატურად ჩართული ტყიბულელი მაღაროელების პრობლემების მოგვარებაში – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” დეპუტატებს მიმართა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიატორის როლს კარგად ასრულებს:

“ჯანდაცვის სამინისტრო მედიატორის როლს ძალიან კარგად ასრულებს. უნდა დასხდნენ მხარეები და მოილაპარაკონ, ხისტი მიდგომა არ შეიძლება. კომპანიამ მთელი რიგი საკითხები უნდა დათმოს, უფრო სწორად, ის ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რომელიც თავის დროზე აიღო და ამით სიტუაცია გარკვეულად უნდა ჩაწყნარდეს. თანამდებობის პირების იქ ჩასვლა და ჩარევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მეც შემიძლია ნებისმირერ დროს დავჯდე მანქანაზე, ჩავიდე და ჩავხედო. მაგრამ რაც მეტი ადამიანი ჩაერევა ამ პროცეში, ყველას ადამიანს თავისი აზრი აქვს და უფრო ნაკლები შანსია, რომ გარკვეული მედიატორული როლი შეასრულონ. ამას სჯობს, იმ ხალხს, ვისაც სერგეენკოს მხრიდან დავალებული აქვს, ვაცადოთ და თუ გარკვეული ძვრები არ იქნება, მერე ჩავერიოთ. ”

“თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ დაძაბულობა ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილების და დაგვიანებული რეაქციის შედეგია:

“ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერც ჩვენი თანამოქალაქეების შრომითი უფლებები დაიცვა და ვერც კერძო საკუთრება. რაც ხდება მთავრობის იმ გაუაზრებელი, უგუნური გადაწყვეტილების შედეგია, რომლის თანახმად ტყიბულელებს  საგადასახადო შეღავათები გაუუქმდათ. მეორე მხრივ, არავინ არ უნდა ისარგებლოს იმ პოზიციით და იმ განცხადებებით, რომლებსაც აკეთებენ მაღაროელები. ხელისუფლება თავის დროზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რომ ჩარეულიყო ამ პროცესში და არ მიეტოვებინა საშუალო დონის ბიუროკრატიის იმედად, შედეგი სხვა იქნებოდა.  ეს არის სფერო, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კერძო კომპანია, ხელისუფლებას უნდა ეთამაშა მედიატორის როლი. თუმცა სირაქლემას პოზიცია, რომ არაფერი მესმის, არაფერი ვიცი, არ არის მისაღები და ამან მიგვიყვანა დაძაბულობამდე. სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღუდგინოს საგადასახადო შეღავათები მეშახტეებს და მხარეებისგან, როგორც კომპანიისგან, ასევე მეშახტეებისგან, უნდა დავინახოთ იმის შესაძლებლობა,  რომ შეთანხმება მიღწევადია.”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების შედეგად პრობლემები გადაწყდება:

“როდესაც შრომით უფლებებთან დაკავშირებით მღელვარება იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი და მოლაპარაკება მხარეებთან. ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად ჩაერთო, პროცესი დაიწყო, უბრალოდ,  გუშინდელი მოვლენების ფონზე თითქოს დიალოგის პროცესიდან გავიდა ეს მოვლენები. ვისურვებ, რომ ყოველგვარი უხეში, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, მხოლოდ მშვიდობიანად, წყნარად, დიალოგით გადაწყდეს ეს საკითხები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოგვარდება.”

“რესპუბლიკელების” ფრაქციის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შრომის პირობების დაცვაა:

“მესმის, რომ მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის შესახებ მეშახტეების მოთხოვნა არის ყურადღების მიქცევის და თემის აქცენტირების მიზნით გაკეთებული და, რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრები და მათი წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე არიან საქმის კურსში. დასაქმებულების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მკაფიო პოზიციების არსებობა და, რაც მთავარია, ვისაც სამართლებრივად ევალება ჩართულობა, ეს არის მედიაციის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, არის პროცესებში ჩართული. უბრალოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვნანია, რამდენად არის და იქნება დაცული მათი შრომის პირობები.”

ტყიბულელი მაღაროელები 13 თებერვალს გაიფიცნენ. სხვა მოთხოვნებთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

გუშინ, 25 თებერვალს ტყიბულელმა მაღაროელებმა და აქტივისტებმა მაღაროს ადმინისტრაციის შენობა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაიკავეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ–ერთმა გაფიცულმა, რუსლან ბუცხრიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით შენობის დატოვება პოლიციამ მოუწოდა და ამ მოთხოვნას დაემორჩილნენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი