ახალი ამბები

უსუფაშვილი კორეაში ვიზიტის ფარგლებში SAMSUNG–ის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდება

24 თებერვალი, 2016 • 1544
უსუფაშვილი კორეაში ვიზიტის ფარგლებში SAMSUNG–ის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

პარლამენტის ცნობით, კორეის დედაქალაქ სეულში საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჩანგ უი-ჰვასთან გამართავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კომპანია “სამსუნგ ელექტრონიქსის” მონახულება და მის ვიცეპრეზიდენტთან, კიმ დოჰიუნთან შეხვედრა. დელეგაციის წევრები კომპანია “სამსუნგის” ინოვაციების მუზეუმს და კომპანია “K-Water”-ის მართვის ცენტრსაც მოინახულებენ და კომპანიის უფროსს, აღმასრულებელ დირექტორს, ჩოი გივუნს შეხვდებიან.

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები კორეის რესპუბლიკის კულტურულ და ისტორიულ ადგილებსაც დაათვალიერებენ.

კორეის რესპუბლიკას ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე ეწვევიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი