ახალი ამბები

შსს: ჩატარებული რეიდების შედეგად სამართალდარღვევის 870 ფაქტი გამოვლინდა

22 თებერვალი, 2016 • 1417
შსს: ჩატარებული რეიდების შედეგად სამართალდარღვევის 870 ფაქტი გამოვლინდა

შსს-ს ინფორმაციით, 18-19 თებერვალს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შედეგად გამოვლინდა სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი. პოლიციამ ასევე დააკავა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე.

გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:

  1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;
  2. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 260-ე მუხლი) 15 ფაქტი;
  3. ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ს 273-ე მუხლი) 24 ფაქტი;
  4. ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;

სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:

  1. ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45 -ე მუხლი) 71 ფაქტი;
  2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;
  3. დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი;
  4. ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;
  5. საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ს 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;
  6. სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს 37 პირი, მათ შორის: 11 პირი – სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ს 273-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ს 353-ე მუხლით და 1 პირი – სსკ-ს 117-ე მუხლით.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა.

თუმცა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შსს–ს მიერ განხორციელებულ ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რეიდი თავისი ხასიათით განსაკუთრებულ პოლიციური ღონისძიებაა, რომლის გამოყენება მხოლოდ სპეციფიკურ, გამონაკლის ვითარებაში უნდა მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი