ახალი ამბებიკომენტარი

EMC ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებს

22 თებერვალი, 2016 • 1499
EMC ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებს

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს და ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია გაფიცულთა მხარდაჭერის მიზნით 23 თებერვალს ტყიბულში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„1 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოუხსნა მაღალმთიანი ზონის სტატუსი, რამაც მაღაროელთათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამოიწვია და დასაქმებულთა შემოსავალი შეამცირა. აღნიშნულმა კიდევ უფრო დაამძიმა ტყიბულში არსებული კრიტიკული სოციალური ფონი და შექმნა პირობა გაფიცვისათვის; გაფიცვის ყოველი დღე კი უმძიმესად აისახება დასაქმებულთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო საწარმოს მხრიდან სოციალური დიალოგის უგულებელყოფას კიდევ უფრო ჩიხში შეჰყავს პროცესი, ამცირებს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობებს, ზრდის გაფიცვის ხანგრძლივობას და უმძიმესი პირობების წინაშე ტოვებს დასაქმებულებს,“ – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ტყიბულელი მაღაროელები 13 თებერვალს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-მდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ამ თხოვნით, მაღაროელების თქმით, ჯერ დეკემბრის შუა რიცხვებში სიტყვიერად მიმართეს „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციას, ხოლო 8 იანვარს- წერილობითი განცხადებით, სადაც მათი მოთხოვნები 7 პუნქტადაა ჩამოწერილი. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაროელებმა „საქნახშირისგან“ პასუხი ვერ მიიღეს, 13 თებერვალს გაიფიცნენ და მაღაროში ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

მაღაროელებს მხარს უჭერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე. მისი თქმით, სამშაბათს ტყიბულში „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ეკონომიკური გუნდი ჩავა და ეცდებიან გამოიანგარიშონ, თუ რამდენადაა შესაძლებელი მუშებისთვის ხელფასების მომატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი