ახალი ამბები

სესიაშვილის აზრით, კოალიციის წევრებს შორის უთანხმოება საჯარო არ უნდა გამხდარიყო

19 თებერვალი, 2016 • 1485
სესიაშვილის აზრით, კოალიციის წევრებს შორის უთანხმოება საჯარო არ უნდა გამხდარიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “რესპუბლიკელებისა” და “მრეწველების” დაპირისპირებაზე პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებენ. ეკა ბესელიას თქმით, ამ დაპირისპირებით ქვეყნის იმიჯი ზიანდება:

“აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერის პოზიციას და მის განწყობას. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ღია განხილვა და გარკვევა მტყუან-მართლის ძალიან დამაზიანებელია არა მხოლოდ კოალიციისთვის, არამედ მთლიანობაში პოლიტიკური პროცესისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის. სჯობს შეწყდეს ეს ღია ბრალდებები და ეს ყველაფერი გადავიდეს სხვა სივრცეში.”

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი, რესპუბლიკელებისგან განსხვავებითი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება პოლიტიკას გასცილდა და პიროვნულში გადავიდა:

“არ შეიძლება რომ არ დაეთანხმო პრემიერის ამ განცხადებას. ეს დაპირისპირება ერთგვარად სცილდება პოლიტიკას და პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის. ეს არ წაადგება პოლიტიკას და ქვეყანას. უმჯობესია, ერთმანეთში ზოგადად არსებული უთანხმოება გაარკვიონ, თუ ამაში ვერ ერკვევიან, მაშინ ეს საჯაროდ არ უნდა გამოიტანოს არცერთმა მხარემ.”

“თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული კითხვები სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია არა მხოლოდ ჩვენს კოალიციაზე, არამედ მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთს, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვითე მსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ. არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი