ახალი ამბები

თოფაძე ჟურნალისტებს: პოლიციას გამოვუძახო?

18 თებერვალი, 2016 • 1043
თოფაძე ჟურნალისტებს: პოლიციას გამოვუძახო?

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ ლევან ბერძენიშვლის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს, რომლებიც ლიფტამდე მიჰყვნენ, არ უპასუხა:

“მე ჩაწერაზე არავის ვპასუხობ, გადი, წადი გაიწიე აქედან, ნუ მიშლი. თქვენ რა გინდათ ახლა, პოლიცია გამოვიძახო?”

გუშინ, 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე და მას ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებო უწოდა.

თავისი გამოსვლის დროს დავით ბერძენიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის საუბრობდა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით.

ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ პოლიტსაბჭოზეც ისაუბრა, თუმცა სურს რომ საზოგადოებამაც იცოდეს.

“მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, სამიზნედ შერჩეული[ა] ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი ევროატლანტიკურ ასპარეზზე.

გოგი თოფაძის პარლამენტში, თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების, თუ შემკვეთების [განცხადებები], არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია”, – განაცხადა ბერძნიშვილმა.

11 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელისთვის მას საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ბრალი არ დაუდია და “საქართველოსა და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ეს ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

“მთელი ჩემი ინტერვიუ ჩაწერილია. მოკითხეთ მაგის ავტორს. მე ეგ არ მითქვამს. კითხეთ იმას, ვინც ეგ დაწერა”, – უთხრა ნეტგაზეთს თოფაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი