ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის გადადგომას ამერიკაში ითხოვდა

28 მარტი, 2011 • 1480
შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის გადადგომას ამერიკაში ითხოვდა

დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ევროპასა და ამერიკაში ორკვირიანი ვიზიტის და მისი შედეგების შესახებ ისაუბრა.

“ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ამერიკის მთავარ სტრატეგიულ ინსტიტუტებში. ამასთან, მსოფლიო პოლიტიკურ ცენტრში – თეთრ სახლთან პირველად გაისმა სრულიად საქართველოს ხმა, ხმა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი გამარჯვებისა”.

ნათელაშვილის თქმით, თეთრ სახლთან ოთხმოცამდე ადამიანი შეიკრიბა, ამათგან ორმოცდაათამდე ქართველი და დანარჩენი მათი მეგობრები. აქციის მონაწილეები სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა ამერიკული კონგრესის მიერ სააკაშვილის ლობირებაზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ოთხი ამერიკული კომპანია ლობირებს სააკაშვილს და ამისთვის საქართველოდან მიედინება თანხები.

“მინდა იცოდეს ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა, თუ ვინაა დიქტატორ სააკაშვილის აღვირახსნილი მფარველი, ესაა ამერეკის კონგრესი. ძალიან არ მინდა დავეთანხმო მსოფლიო გენიოსს, მარკ ტვენს, რომელიც წერდა – არ არსებობს ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული კასტა, გარდა ამერიკის კონგრესის წევრებისა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.”

ნათელაშვილის თქმით, თუ გაგრძელდება ამერიკელ კანონმდებელთა მხრიდან სააკაშვილის ლობირება, საქართველოს ლეიბორისტული პარტია კონგრესმენების ამომრჩეველს პირდაპირ  აცნობებს ამის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი