ახალი ამბები

პარლამენტი სარეკრეაციო ზონებში მწვანე ნარგავების ჭრაზე სანქციების გამკაცრებას აპირებს

17 თებერვალი, 2016 • 1577
პარლამენტი სარეკრეაციო ზონებში მწვანე ნარგავების ჭრაზე სანქციების გამკაცრებას აპირებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 75 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის  მიზანი სარეკრეაციო ზონებში მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისათვის და გადაბელვისთვის ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაწესებაა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, მისი მიღების მიზეზია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების (მერქნული მცენარეების)გახშირებული ჭრა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, აქვეითებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ლახავს ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებულ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას:

“აღნიშნული თავის მხრივ გამოწვეულია სამართლებრივი რეგულაციის და შესაბამისად სანქციის არ არსებობით, რომელიც მოაწესრიგებდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების (მერქნული მცენარეების) მოჭრის საკითხს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით, რამდენადაც მწვანე ნარგავების თვითნებური ჭრა გარემოზე მნიშვნელოვნი უარყოფითი გავლენის მატარებელია, კერძოდ იწყება ეროზიული პროცესები, ირეცხება და იმეწყრება ფერდობები, იზრდება ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი. გამომდინარე იქედან, რომ შექმნილი ვითარება საჭიროებს ურგენტულ რეაგირებას სამთავრობო სტრუქტურებს შორის გამართული სხვადასხვა კონსულტაციების მსვლელობისას, გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამის საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება რეკრეაციულ ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრის აკრძალვა.”

ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს, „ტექნიკური რეგლამენტის პროექტს,რომლის მიხედვითაც მწვანე ნარგავების მოჭრა და გადაბელვა დაშვებული იქნება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით. შედეგად კი გარემოს დაცვას მწვანე საფარის განადგურებისაგან:

“უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განისაზღვრა შესაბამისი ოქმის შემდგენი სუბიექტის ვინაობა (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო), რაც ასევე ემსახურება რეგულაციის ეფექტურად მოქმედების მიზანს.”

კანონპროექტის მიხედვით,  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა და სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ნარგავების თვითნებური ჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ აქამდე სარეკრეაციო ზონაში მწვანე ნარგავების თვითნებური ჭრისთვის მაღალი თანხობრივი ჯარიმები არ იყო დაწესებული:

“სარეკრეაციო ზონა არის ზონა, სადაც კანონით დღესაც აკრძალულია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება, მაგრამ ამისთვის სანქციები არ იყო განსაზღვრული, ამიტომ სავსებით შესაძლებელი იყო, რომ რეკრეაციულ ზონაში ადამიანს  კერძო საკუთრებაში ჰქონოდა ნაკვეთი, სადაც არის მწვანე ნარგავები და მას მოეჭრა და ამაზე არავითარი სანქცია არ იყო. სანქცია იყო როგორი ტიპის იცით, ხე მოჭრა, ხის მოჭრაზე რა სანქციაც არის. რეკრეაციულ ზონაში მწვანე ნარგავების უნებართვოთ მოჭრისთვის უკვე მაღალი ჯარიმა იქნება დაწესებული. ასე, რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს რეკრეაციული ზონების შენარჩუნებას,”- აღნიშნა ხმალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი