ახალი ამბები

ბითაძე: თამარაშვილზე წაქცეულ ხეს ფესვები წლების განმავლობაში სხვადასხვა რეაბილიტაციისას დაუზიანდა

25 ივნისი, 2020 • 1541
ბითაძე: თამარაშვილზე წაქცეულ ხეს ფესვები წლების განმავლობაში სხვადასხვა რეაბილიტაციისას დაუზიანდა

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ექსპერტებთან ერთად თამარაშვილის ქუჩაზე მივიდა, სადაც გუშინ, 24 ივნისს, ხე წაიქცა და ორი ავტომობილი დააზიანა.

ბითაძის თქმით, პირველადი ინფორმაციით, 60 წლამდე ხე ერთადერთ ფესვს ეყრდნობოდა, გულში კი ლპობის ნიშნები ჰქონდა დაწყებული, რაც მისი თქმით, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაების დროს მისი ფესვთა სისტემის დაზიანებამ გამოიწვია:

“ჩატარდა ფესვთა სისტემის პირველადი დათალიერება და რამდენიმე ფაქტორი გამოვლინდა, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება, რაზეც უკვე მუშაობენ ჩვენი და დამოუკიდებელი ექსპერტები”.

“ხეს, რომელიც დაახლოებით 60 წლისაა, სავარაუდოდ, წლების განამვლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს უზიანდებოდა ფესვთა სისტემა და ის ემყარებოდა ერთადერთ ფესვს, რომლის ქვეშ მიწის გამოცლის შედეგად ხე დაიძრა. თუმცა დამატებითი კვლევები ჩატარდება. ასევე, ხეს აღენიშნება ლპობის ნიშნები გულში. ეს ადასტურებს, რომ წლების განავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშოს დროს უზიანდებოდა ფესვები და, საბოლოო ჯამში, ემყარებოდა ერთადერთ ფესვს, რაც ამ ასაკის და ზომის ხისთვის არაბუნებრივია”, – ამბობს ბითაძე.

მისი თქმით, თითოეულ მერქნიან სახეობას ფესვთა სისტემა განვითარებული აქვს როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. აღნიშნულ ჭადარს კი მხოლოდ ერთი ცოცხალი ფესვი ჰქონდა, დანარჩენი ფესვები წლების განმავლობაში ჩაჭრილი და ამორტიზებული იყო.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციები და მწვანე ინფრასტრუქტურა ძალიან ამორტიზებულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ წლების განმალვობაში მწვანე საფარის მოვლა-აღდგენას ქალაქში ყურადღება არ ექცეოდა  და ყველაზე მძიმე შედეგები ჩვენ ვიწვნიეთ წელს და შარშან. მასობრივი ხმობა აქვს დაწყებული ფიჭვებს, ხოლო ვერხვებისა და ჭადრების ფესვების წლების განმავლობაში დაზიანების გამო არის ასეთი სავალალო შემთხვევებით”, – ამბობს მაია ბითაძე.

მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ საკითხის შეისწავლიან მუნიციპალური ინსპექცია, მეტყევეები და ექსპერტები და თუ გამოვლინდება კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად.

მაია ბითაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტენდენცია კოსტავა-შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის დროსაც შეიმჩნეოდა, თუმცა ტოტების შემსუბქების და გამაგრების სამუშაოების ხარჯზე 5 ხის გადარჩენა მოხერხდა.

რაც შეეხება ხეს, რომელიც გუშინ თამარაშვილზე წაიქცა, აქტივისტები მერიას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხის ფესვების ჩაჭრაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა ხეს დაზიანებული აქვს ფესვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი