ახალი ამბები

„ანას ბაღთან“ მოწყობილი “პარტიზანული სკვერი” აიღეს

24 თებერვალი, 2020 • 1424
„ანას ბაღთან“ მოწყობილი “პარტიზანული სკვერი” აიღეს

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, ღამით სკვერი მოაწყეს, კომპანიამ კი ხეები დღეს დილით აიღო.

საქმე ეხება ვარკეთილში არსებულ „ანას ბაღს“, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები მშენებლობისგან უკვე დიდი ხანია, რაც იცავენ. ორი დღის წინ მათ სკვერის მიმდებარე გასხვისებულ ტერიტორიაზე „პარტიზანულად სკვერის მოშენება“ დაიწყეს – დარგეს რამდენიმე ხე და განათავსეს მაგიდა-სკამი.

დღეს დილით, დაახლოებით 09 საათისკენ, კომპანიამ „შპს ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა” კერძო დაცვის გამოყენებით ტერიტორიიდან ნარგავები აიღო.

ნეტგაზეთი ესაუბრა ერთ-ერთ აქტივისტსა და ადგილობრივ მცხოვრებს – გიორგი ფხალაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ დღეს, 24 თებერვალს მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მისივე თქმით, იანვრის შემდეგ კომპანია „შპს ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ მანამდე გასხვისებული სხვა ტერიტორიებიც (სხვა მესაკუთრისგან) იჯარით აიღო და, შესაბამისად, პარტიზანულად გაშენებული ბაღის ადგილზე დღეს კერძო დაცვის დახმარებით ნარგავები ამოიღო და  აქციის მონაწილეები გაყარა.

რაც შეეხება მერიას, მიუხედავად ადგილობრივების მოთხოვნისა, უწყება კომპანიასთან ადგილმონაცვლეობას არ აპირებეს. დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგეგმება უშუალოდ „ანას ბაღის“ ტერიტორიისთვის მუნიციპალური მიწების დამატება და სკვერის რეაბილიტირება.

სხვა დეტალებზე კალაძეს არ უსაუბრია.


ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი