“კარგი იქნებოდა მოეთმინა და მერე ეკთებინა პოლიტიკური განცხადებები”, – ასე შეაფასა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ეროვნული ბანკის გიორგი ქადაგიძის გუშინდელი გამოსვლა რუსთავის 2-ის ეთერში.
სუბარი ქადაგიძეს ურჩევს, რომ ჭკუის სწავლებას თავი დაანებოს:
“რაც მე გუშინ შევატყვე, კბილები უკაწკაწებს როდის შევარდება პოლიტიკაში. ნაციონალური მოძრაობის წევრებს , მათ შორის ბატონ ბენდუქიძეს თავის დროზე ჰქონდათ იდეა, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ბანკი როგორც უმაქნისი ინსტრუმენტები. არ მიდვივართ ჩვენ ამ გზით და თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას. მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და მერე გააუქმოს, რაც უნდა. მთავრობის რეფორმირება როცა საჭირო იქნება გაკეთდება”, – განაცხადა სუბარმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში სამინისტროების რაოდენობის განახევრება თავისუფლადაა შესაძლებელი, რაც ქვეყანას რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს დაუზოგავს. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვებზე ქადაგიძემ რუსთავის 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა:
“საქართველო დღეს 19 სამინისტროს მეშვეობით იმართება, რომ არაფერი ვთქვათ სსიპებსა თუ სხვა სტრუქტურებზე. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა შვეიცარია რვა სამინისტროს მეშვეობით იმართება. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო: მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და როგორც დეპარტამენტი შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტროს თითქმის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება. ეს სამინისტრო არც ჩვენთან არსებობდა და სასჯელაღსრულების სიტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი იყო და მას შემდეგ რაც პროკურატურა იუსტიციას შეუერთდა, ინტერესთა კონფლიქტის გამო სასჯელაღსრულება ცალკე უნდა გამოყოფილიყო. დღეს როდესაც პროკურატურა იუსტიციის სისტემიდან გამოვიდა, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეგვიძლია მთლიანად გავაუქმოთ და პენიტენციური და პრობაციის სისტემა იუსტიციის სამინისტროს დავუბრუნოთ.
შეგვიძლია მთლიანად გავაუქმოთ სპორტის სამინისტრო. პროფესიული სპორტი მთლიანად შეგვიძლია დავუთმოთ ფედერაციებს ხოლო ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი განათლების სამინისტროს გადავცეთ ან თავდაცვას. კულტურის სამინისტრო არის საბჭოთა კავშირის კლასიკური გადმონაშთი… ჰოლანდიას თუ კულტურის სამინისტრო არ აქვს თავისი კულტურის პროპაგანდას ვერ ახერხებს? საქართველოში სამინისტროების რაოდენობის განახევრება თავისუფლად შეიძლება. ეს ჩვენ ასობით მილიონ ლარს დაგვიზოგავს. ამ თანხით სულ რომ არაფერი გავაკეთოთ და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შევამციროთ, ძალიან ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავალთ”, – განაცხადა ქადაგიძემ.