ახალი ამბები

ურუშაძის პასუხები დეპუტატების შეკითხვებზე

25 მარტი, 2011 • 1048
ურუშაძის პასუხები დეპუტატების შეკითხვებზე

საქართველოში ახალი საავადმყოფოების უმეტესობის მშენებლობა 2012 წლის 1 დეკემბერს დასრულდება. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პარლამენტის დეპუტატებს მიაწოდა.

ანდრია ურუშაძემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატების შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა დამწვრობის ცენტრის ექიმებს საავადმყოფოს გაუქმების შედეგად, მინისტრმა ჯერ ფოტო-სლაიდები წარმოადგინა, რომლებზეც გამოსახული იყო დამწვრობის ცენტრის ნახევრად ჩამონგრეული და მოუწესრიგებელი შენობის კადრები.“ასეთ პირობებს ჩვენ ვერ შევეგუებოდით და ამიტომაც მივიღეთ ამ ცენტრის მრავალპროფილიან საავადმყოფოში განყოფილების სახით გადატანის გადაწყვეტილება” – აღნიშნა ურუშაძემ.

მისი თქმით, სრულად მოხდება დამწვრობის ცენტრის მედპერსონალისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ურუშაძენ ყურადღება გაამახვილა გეოგრაფიულ ფაქტორზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პროფილის განყოფილება არა მხოლოდ თბილისში უნდა არსებობდეს, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ საჭიროების ნათელსაყოფად მან ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქებები დაასახელა, რის შემდეგაც დაშავებული მაღაროელების ტყიბულიდან თბილისში გადმოყვანა გახდა აუცილებლი, რადგან ადგილზე არ არსებობდა მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურება.

ანდრია ურუშაძემ ექიმთა პროფესიული გადამზადების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში 400-მდე ექიმი გადამზადდება, ასევე, სამინისტრო გეგმავს თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის თარგმნას, რომლითაც მოხდება ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ჯანდაცვის მინისტრი რეცეპტების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ “ოქროს შუალედი” უნდა მოძებნოს იმისათვის, რომ რეცეპტების შემოღებით არ შეიქმნას დამატებითი ბარიერები პაციენტებისთვის.

დეპუტატების შეკითხვაზე, რომელიც დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზებს შეეხებოდა, ანდრია ურუშაძემ სტატისტიკური მონაცემებით უპასუხა: “2004 წელს დაფიქსირდა დედათა სიკვდილიანობის 21 შემთხვევა, 2005-ში – 11 შემთხვევა, 2006-ში – 11, 2007 – 10, 2008 – 8. 2009-ში შედარებით მოიმატა ამ მაჩვენებელმა, რაც გამოწვეული იყო ვირუსული ინფექციებით და ამ საკითხს ჩვენ დღემდე ვიკვლევთ, თუმცა 2010-ში ისევ დაიწია ამ მაჩვენებელმა 11-მდე” – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა დემოგრაფიული მაჩვენებლები, რაც “იმას ნიშნავს, რომ მომავალს უფრო პერსპექტულად ხედავს მოსახლეობა”.

ანდრია ურუშაძე ვეტერენაბის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა გაუმჯობესდეს ვეტერანების სოციალური მდგომარეობა.

“არ მეგულება მსოფლიოში უფრო დამსახურებელი ორგანიზაცია, ვიდრე ვეტერანების გაერთიანებაა. ვაღიარებ, რომ მინისტრის ხელფასი არ არის შესაბამისი ამ ადამიანების პენსიების” – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

ამ წუთებში დეპუტატების წინაშე პარლამენტში მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი