ახალი ამბები

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო კომისია მუშაობას თებერვალში დაასრულებს

15 თებერვალი, 2016 • 1122
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო კომისია მუშაობას თებერვალში დაასრულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია მუშაობას თებერვალში დაასრულებს, რადგანაც პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმება ვერცერთ საკიტხზე ვერ მოახერხა.

„მე არ მგონია, რომ კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კომისიამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. კომისიის მუშაობას სერიოზული, გადამწყვეტი დაღი დაასვა იმ ფაქტმა, რომ ნებისმიერ ცვლილებას საქართველოს პარლამენტში სჭირდება ¾-ის უმრავლესობა ანუ 114 ხმა. იმ პირობებში, როდესაც მმართველმა კოალიციამ და ოპოზიციურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერაფერზე მოვახერხეთ შეთანხმება, კონსტუტუციურ საკითხებზე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ცხადია, კომისიას, რომელშიც თავად ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც იყვნენ, ექსპერტებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ჰქონდა ძალიან დაბალი მოტივაცია, იმიტომ, რომ იყო ძალიან დაბალი მოლოდინი იმისა, რომ რაც არ უნდა შემუშავებულიყო კომისიის დონეზე, ეს გავიდოდა პარლამენტში და იქცეოდა გადაწყვეტილებად. ასევე, ასე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები თავად კომისიის შიგნითაც, ცხადია, ნაკლებად იყვნენ გადაწყვეტილების მიღება უნარიანი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას ფორმულირების დონეზე 87–88 წინადადება აქვს მომზადებული.

„კომისია მუშაობას დაასრულებს თებერვალში, კომისია პარლამენტს ვერ წარუდგენს კომისიის მიერ შეჯერებულ და მოწონებულ ერთიან კანონპროექტს, მაგრამ კომისია პარლამენტს წარუდგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მმართვის ორგანოებს შორის ურთიერთობაზე, თავდაცვის სისტემაზე, თვითმმართველობის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე და იქ არსებულ საკითხებზე, სასამართლო ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, პროკურატურის შესაძლო კონსტიტუციურ ადგილზე და როლზე, მოსამართლეების არჩევითობის თემაზე,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას დაასრულებს, მისი ნამუშევარი და ოქმები გასაჯაროვდება.

„ რაც დასრულდება მუშაობა, არა მარტო ტექსტი ნამუშევრის, არამედ ოქმები, დასწრების ფურცლები, ფინანსური ამბები, ყველაფერი გამოქვეყნდება. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი დამატებითი ლარი არ დახარჯულა კომისიის საქმიანობაზე. კომისიის მოწვეული კონსულტანტების ანაზღაურება ეს იყო პარლამენტის მოქმედი ბიუჯეტის ხარჯზე, ჩვენი შიდა ეკონომიის ხარჯზე, ასე რომ, მე მგონია, რომ ეს იყო კარგი და სწორი საქმიანობა, მაგრამ მას არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური კონსესუსი წამყვან ძალებს შორის, ვინც პარლამენტშია წარმოდგენილი,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო კომისია 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. მის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, წარმომადგენლები, ექსპერტები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი