ახალი ამბები

თემქისა და გლდანის ნაწილს 16 თებერვლის დილის 8 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება

15 თებერვალი, 2016 • 1514
თემქისა და გლდანის ნაწილს 16 თებერვლის დილის 8 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთის დაზიანების გამო თბილისის უბნების ნაწილს წყალმომარაგება 16 თებერვლის დილის 8 საათიდან აღუდგება.

კომპანიის ცნობით, სამუშაოები უშუალოდ დაზიანებულ მაგისტრალზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა. ტექპერსონალი შედუღების სამუშაოებს დაახლოებით 2 საათში დაიწყებს, რასაც მილში შიგნიდან შეღწევით განახორციელებს.

წყალსადენის საკვანძო მაგისტრალის დაზიანების მიზეზი რკინა-ბეტონის რამდენიმეტონიანი კონსტრუქცია გახდა, რომელიც სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწაში და მილზე ზეწოლას ახდენდა, აცხადებს კომპანია.

კომპანიის ცნობით, ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, ხვალ, დილის 5 საათისთვის დასრულდება, ხოლო წყალმომარაგება თემქის მე-3 და გლდანის მიკრორაიონებს, ასევე მათ მიმდებარე ქუჩებსა და დასახლებებს, ხვალ, 16 თებერვლის დილის 8 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება, ხოლო წყალმომარაგების აღდგენამდე, გლდანის რაიონის იმ უბნებს, რომლებსაც წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, სასმელ წყალს ავტოცისტერნებით აწვდის.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების გართულება და გახანგრძლივება იმან განაპირობა, რომ კომპანიის ბრიგადებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ადგილზე დაშლა და მისი ცალკეულ ნაწილებად ამოღება მოუწიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი