ახალი ამბები

სანიკიძე “მე და საზოგადოებას” საწინააღმდეგო პეტიციაზე: ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი

11 თებერვალი, 2016 • 1666
სანიკიძე “მე და საზოგადოებას” საწინააღმდეგო პეტიციაზე: ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი

საქართველოს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგან “მე და საზოგადოებას” სკოლაში სწავლების საწინააღმდეგო პეტიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პეტიცია თავიდან ბოლომდე ცილისწამებაა და “არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი”.

“ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყუილი, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განცხადების უკან, დაე ვკითხოთ იმ ადამიანებს,”– განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სანიკიძე ამბობს, რომ იგი უკვე დაუკავშირდა ძალიან ბევრ ხელმომწერს, რომლებსაც,  “წარმოდგენაც არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს”. მინისტრი ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდება, პეტიციის ავტორების წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართავს.

სანიკიძემ ასევე განაცხადა, რომ ტერმინი “მამათმავლობა” მან 10 თებერვალს GDS–ის ეთერით ახსენა მხოლოდ იმიტომ, რომ პეტიციაში იყო ეს ტერმინი გამოყენებული და იგი ამის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს:

“რაც შეეხება ტერმინს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს იყო განმეორება იმისა, რაც იმ რამდენიმე ადამიანმა გამოიყენა ტექსტში. ამიტომ, თუ ბოდიშის მოხდა გინდათ იმისათვის, რომ ვინმემ ტერმინი ცუდად გამოიყენა, მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც გამოიყენა ეს ტერმინი. რატომ გამოიყენა და როგორ მოატყუა საზოგადოება, ამაზეც უნდა მიმართოთ აუცილებლად,”– განაცხადა მინისტრმა.

სანიკიძის თქმით, მან იხუმრა, როდესაც GDS–ზე განაცხადა, რომ პეტიციაზე ხელის მოწერას აპირებდა.

პეტიციაში, რომელზეც მინისტრი საუბრობს, საუბარია იმაზე, რომ ნათქვამია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.” პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ “ახალი სავალდებულო საგნების “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო”-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.”

რაც შეეხება თამარ სანიკიძის მიერ “არ იყო ჯანმრთელი ადამიანის” უარყოფით კონტექსტში გამოყენებას, ეს არ არის პირველი შემთვევა, როდესაც მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ტერმინებს სალანძღავ კატეგორიად იყენებენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა კი –  ივანიშვილს შიზოფრენიკი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი