ახალი ამბები

საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტზე საბოლოო კონსულტაციებს სამინისტრო საპატრიარქოსთან გადის

11 თებერვალი, 2016 • 3383
საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტზე საბოლოო კონსულტაციებს სამინისტრო საპატრიარქოსთან გადის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ტელეკომპანია GDS-თან იმ პეტიციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, სკოლებში საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება არ უნდა დაიწყოს.

“ეს პეტიცია რომ წავიკითხე შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა და უფრო მეტიც, მზად ვიყავი მეც მომეწერა ხელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ ხელს მოვაწერდი ასეთ დოკუმენტს, გავეცანი და მართლაც მოვიძიე საფუძვლები, რას ეფუძნებოდა იქ მოყვანილი განცხადებები, ციტატები”, – ამბობს მინისტრი.

სანიკიძე ამბობს, რომ ამონარიდები, რომელსაც პეტიცია შეიცავს, არის წიგნიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მცირე ტირაჟით გამოსცა, თუმცა სკოლაში არასდროს არ ყოფილა შეტანილი და მის შეტანას, მინისტრის თქმით, არც არავინ გეგმავს.

“ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ძალიან მარტივად შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა. მართლა მე არ მესმის იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავზე ხელი აიღეს პრაქტიკულად და საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში”.

აქვე თამარ სანიკიძე სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების საჭიროებაზე აცხადებს.

“დამისახელონ ეროვნული სასწავლო გეგმა, ან თუნდაც სასკოლო პროგრამა ნებისმიერი ქვეყნის, სადაც საზოგადოებრივი მეცნიერებები არ ისწავლება და არ ისწავლება არა მესამე მეოთხედან არამედ პირველკლასიდან ან უფრო მეტიც სკოლამდელი დაწესებულებებიდან. ეს არის აბსურდი და აქ დავამთავროთ საუბარი იმაზე რომ საზოგადოებრივი მეცნიერებები უნდა იყოს სასწავლო ბადეში.”

მინისტრის თმით, პეტიციის ავტორებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ამასთან, მინისტრი ჰომოფობიურ ტერმინს იყენებს და ამბობს, რომ წიგნში “მამათმავლობაზე”, იდენტობასა და უსაფრთხო სექსზე არაფერი წერია:

“ამ ეტაპზე საგნის სტანდარტი თითქმის მომზადებული და დასრულებულია, საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ საპატრიარქოსთან სწორედ იმ საკითხების გამო, რომელიც ეხება რელიგიის თემას, ოჯახის თემას. უფრო მეტიც, რელიგიის თემა იყო ის ნაწილი, რომელზედაც დღეს მსჯელობა გრძელდება და ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ ამ ასაკობრივ ჭრილში ის საკითხები, რომელსაც გვთავაზობს საპატრიარქო იქნება თუ არა მისაღები, რაც იმას ნიშნავს რომ ეს საკითხები შეიძლება საერთოდ ამოვიდეს ამ საგნიდან და დარჩეს, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები. ამიტომ [კიდევ ერთხელ], თუ ასეთი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, თუ საპატრიარქოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიტყვა სიტყვით გადის ამ სტანდარტს, ხვეწს, მუშაობს, რატომ ვერ აღმოაჩინა ასეთ სტანდარტში ისეთი საკითხები როგორიც არის, მაპატიოს საზოგადოებას მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა და ა.შ.”

საზოგადოებრივ მეცნიერებებზე მუშაობა მიმდინარეობს, დამთავრდება და მივიღებთ ისეთი სახით რის მიხედვითაც შევძლებთ წესიერი ლიტერატურის შექმნას, შევძლებთ მასწავლებლის მომზადებას, გზამკვლევების დამუშავებას, მეთოდოლოგიის დანერგვას, ამიტომ ამ სპეკულაციას სანამ დროა უნდა დავანებოთ თავი. ბოლოს და ბოლოს სირცხვილია და ის ადამიანები რომლებიც საუბრობენ გულანთებული რელიგიის სახელით, ავიწყდებათ რომ რელიგია კრძალავს ტყუილს, ცოლისწამებას და ა.შ.”

ამასთან, თამარ სანიკიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ “მე და საზოგადოება” შედგენისას ზვიად ტომარაძე განათლების სამინისტროსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მინისტრის თქმით, საგნის განხილვისას ტომარაძემ განათლების სამინისტროს ვერაფერი საკეთილდღეო და შესასწორებელი შესთავაზა. მიუხედავად ამისა, როგორც სანიკიძე ამბობს, შესწორებები განხორციელდა და გარკვეული თემატიკა შეიცვალა.

“როგორც კი გამოიხატა ინტერესი, რომ ჩართულიყვნენ ამ საგნის განხილვაში, რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ, ისევე როგორც სხვა საზოგადოების წარმომადგენლები. ერთადერთი, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, მათი ჩართულობისგან ამ საგნის შემუშავებაში – ვერაფერი საკეთილდღეო და შესასწორებელი ვერ შემოგვთავაზეს. შესწორებები განხორციელდა, გარკვეული თემატიკა შეიცვალა, მაგრამ ეს უკვე… ეს არის საგნის სტანდარტი “მე და საზოგადოება”, რომელიც არის საზოგადოებრივი მეცნიერებები, მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებისთვის განკუთვნილი.”

სანიკიძის თქმით, სავარაუდოდ, ახალი საგნები სკოლებში 2017/18 სასწავლო წლისთვის შევა: “იმიტომ, რომ ჯერ უნდა შეიქმნას ლიტერატურა, რომელმაც უნდა გაიაროს გრიფირების პროცესები, დამტკიცდეს, მოხდეს შემდეგ მასწავლებლის მომზადება და მეთოდური ნაწილის და გზამკვლევების მომზადება. ასევე, ჩვენ უდნა მოვასწორთ ამ მასალის ნაწილობრივ მაინც აპრობაცია და გატესტვა სკოლაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამას დაჭირდება 1 წელი მაინც კიდევ.”

საქართველოს პარლამენტის სახელზე 10 თებერვალს გავრცელდა პეტიცია, სადაც ნათქვამია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.”

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ “ახალი სავალდებულო საგნების “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო”-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.”

საქართველოს საპატრიარქოს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებით, 2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიაქოსთან არსებული განათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს და შეხვედრების შედეგად ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა ზოგიერთი შენიშვნა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, მოხდა გარკვეული ტერმინების ამოღებაც.

“კერძოდ: ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები,” რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია,” – წერია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებაშივე ნათქვამია, რომ თემის “მე და ოჯახის” სათაური მათივე რეკომენდაციით შეცვალეს და ეწოდა “ჩემი ოჯახი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი