“ნაციონალური მოძრაობის წევრმა” ირმა ნადირაშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე ტექსტი, რომელშიც შიზოფრენია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება, სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, მას შემდეგ ჩაასწორა, რაც “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა.
“მგონი, ბიძინა ივანიშვილს ყველა ასე იხსენიებს. მე ვთვლი, რომ ის ჯანმრთელი არ არის. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა მასზე. ხეების გამო რომ ადამიანებს იჭერ, ეს ჯანმრთელობაა და ეს მიუთითებს, რომ ნორმალურ გონებაზეა ეგ ადამიანი? სამედიცინო დასკვნა არ მაქვს,”- ამბობს ირმა ნადირაშვილი .
დეპუტატი არასწორ შედარებას უწოდებს პარალელს გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის დისკრიმინაციულ კონტექსტში გამოყენებასთან დაკავშირებით:
“ნამდვილად არ არის სწორი შედარება. მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, უბრალოდ, ვამბობ, რომ ეს ადამიანი არ არის საღ გონებაზე. მე ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვამბობ ამას, რომ ის არ არის საღ გონებაზე, რადგან ძირფესვიანად უნდა ხეების ამოთხრა, ეს ჩემი დასკვნაა ბიძინა ივანიშვილზე”.
თუმცა მალევე, ირმა ნადირაშვილმა “ნეტგაზეთს”განუცხადა, რომ პოსტს ჩაასწორებდა:
“მართალი ხართ, შენიშვნა რომ მომეცით და შევასწორებ პოსტს. არ გამახსენდა, რომ საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ინიციატივას შევუერთდით.”
9 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ინიციატივას, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ სამედიცინო ტერმინოლოგიის ოპონენტების დასამცირებლად გამოყენებაზე და ხელს აწერენ მემორანდუმს. აღნიშნულ დოკუმენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მოაწერა ხელი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ინიციატივას, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ სამედიცინო ტერმინოლოგიის ოპონენტების დასამცირებლად გამოყენებაზე და ხელს აწერენ მემორანდუმს. აღნიშნულ დოკუმენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მოაწერა ხელი. #საქართველოსაუტიზმისსაზოგადოებაAutismSocietyofGeorgia საქართველოს აუტიზმის საზოგადოება | Autism Society of Georgia
Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Tuesday, February 9, 2016