ახალი ამბები

კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებაზე უწყებების ანგარიშს ისმენენ

11 თებერვალი, 2016 • 1329
კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებაზე უწყებების ანგარიშს ისმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლბების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე “2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებათა ანგარიშებს უსმენენ. მხარეები დღეს იუსტიციის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანგარიშებს მოისმენენ.

“მესამე წელია, რაც დავიწყეთ სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით გაცემული რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და უაღრესად საპასუხისმგებლო პროცესი. პირველ წელს იყო 47 რეკომენდაცია, მეორე წელს 49, გასულ წელს კი მივიღეთ 89 რეკომენდაცია, რაც პარლამენტმა გაიზიარა. გასულ წელს ვნახეთ რეკომენდაციების შესრულების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როცა რეკომენდაციების დიდი ნაწილი იყო შესრულებული. ყველა ამ პროცესს ომბუდსმენის აპარატის გუნდი ესწრება, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ამ პროცესში დამოკიდებულების ახალ პროცესს ვხედავთ,”- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია არ შეუძლია:

” ერთ-ერთი  რეკომენდაცია ეხებოდა დედობის დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაციის მიზანშეწონილობას. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელმაც შრომის სფეროში სამოქალაქო სიმშვიდე მოუტანა ამ ქვეყანას. მართალია, ყველა არ არის ბოლომდე კმაყოფილი, მაგრამ ის დაძაბულობა რომელიც არსებობდა შრომის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში, ეს რომ აღარ არსებობს, არის ფაქტი. იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ეს კანონპროექტი, ჩვენი უწყება ყოველთვის არის ამგვარი ინიციატივების მხარდამჭერი. კანონში შემდგომ ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მთლიანად ხელისუფლების მიერ უნდა იქნას მიღებული, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკის მიმართ არსებობს, იმ რესურსიდან გამომდინარე, რომელიც საბიუჯეტო სფეროში გვაქვს და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც გაგვაჩნია ინვესტიციების ინტენსიურად მოზიდვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, დიდწილად ეკონომიკური პოლიტიკის საკითხია. ახლა არ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ რეკომენდაციის შესრულება. შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა სხვა დაინტერესებულ  უწყებებთან ერთად ამ საკითხზე, რომ გამოვიკვლიოთ რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მომდევნო წლებში. დღეს, რომ ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, ეს არის ცალსახა.”

ომბუდსმენის თქმით, სამინისტრომ შრომის კოდექსის მომდევნო ტალღის რეფორმა დროულად უნდა განახორციელოს:

” თქვენ ახსენეთ ცვლილებები, რომელიც 2013 წელს განხორციელდა, რამაც მთელი სურათი შეცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ასევე ვსაუბრობდით, რეფორმის მეორე ტალღაზე, როგორც შრომის ინსპექციის, შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგთან დაკავშირებული მექანისზმის შემოღება, ასევე  ასევე ქალთა შრომითი უფლებების თემაზე. ეს კონვენციაც არ არის რატიფიცირებული. თუ შეიძლება მითხარით, მუშაობის რა ეტაპზე ხართ, რა ვადებში მოახერხებთ ცვლილებების განხორციელებას?”

ომბუდსმენმა სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ არის სასამართლო მზად საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დასანერგად:

“უამრავი ხარვეზია სასამართლო სფეროში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ არის მზად სასამართლო და თუ არ არის, სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე პასუხი უნდა იყოს დაჩქარებული წესით ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა. ეს რეკომენდაცია დღეის მდგომარეობით შესრულება არ არის. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და ამ მიმართულებით განახლდება მუშაობა. ”

ბარამიძის განმარტებით, სამინისტროს არ გააჩნია ბერკეტი, რომლითაც გადაამოწმებს რა ნოვაციებისთვის არის სასამართლო მზად და რისთვის არა:

“ეს სასამართლომ უნდა განაცხადოს. შარშან გაირკვა, რომ ელექტრონული პროგრამა, რომელიც თავის თავზე აიღებს ამგვარ განაწილებას, არ არსებობს. მას ჭირდება შექმნა, სრულყოფილი პროგრამა არ გვაქვს. ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. ამით არის განპირობებული ფრაზა, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის მზად. რამდენიმე თვე ამას ნამდვილად დასჭირდება.

შრომის საკითხებზე სამწუხაროდ ვერაფერს დავამატებ, კონკრეტულ ვადებზე მე არ ვარ უფლებამოსილი ვისაუბრო და არც რაციონალური რამე აზრი გამაჩნია ამასთან დაკავშირებით, რადგან პირველ რიგში, ეს მთელი მთავრობის გადასაწყვეტი საკითხია. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში ტექნიკურად გადაწყვეტა, სარატიფიკაციო დოკუმენტის მომზადება, მაგალითად  და გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, ძალიან დიდ ძალისხმევასთან არ იქნება დაკავშირებული.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი