ახალი ამბები

რეგიონული პრესის მიმოხილვა

15 მარტი, 2011 • 1361
რეგიონული პრესის მიმოხილვა

ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემა საქართველოში იმგვარია, რომ ინერტული და სამშენებლო მასალების მოპოვების მსურველს შეუძლია უბრალოდ იყიდოს ლიცენზია სახელმწიფოსგან და აწარმოოს  სამუშაოები მოპოვების ტექნიკური პარამეტრების დაცვით; სხვა საკითხები, როგორიებიცაა: ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე, წყლისა და ჰაერის ხარისხზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და მის საკუთრებაზე, ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე და სხვა, აბსოლუტურად იგნორირებულია, – ამბობს ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” პოლტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე “ახალი გაზეთის” ჟურნალისტებთან საუბარში. ჟურნალისტური მოკვლევის მიხედვით, საჩხერის რაიონში ფილტვების დაავადებების რაოდენობა ქვიშის მოპოვების სტანდარტების დარღვევის გამო მატულობს, მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია ქუთაისში, ჭომის უბანში. ამ კარიერზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკანონოდ მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ინერტული მასალა ქუთაისში მიმდინარე მშენებლობებს ხმარდებოდა.

გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე” იმ საერთო ეკოლოგიურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს ემუქრება. საქმე იმაშია, რომ თეგუტში, სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოსთან ახლოს, მძიმე ლითონებით დაბინძურებული, ნახევრადთხევადი ნარჩენების შემგროვებელი კონსტრუქცია შენდება. სპილენძისა და მოლიბდენის თეგუტის საბადო ხანაძორის ხეობაში, საქართველოდან 10-15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საწარმოს ინდუსტრიული ნარჩენები, რაოდენობის მიხედვით, სომხეთში ყველაზე დიდი – 180-200 მილიონი კუბური მეტრი იქნება. პროექტით 4 კილომეტრი სიგრძისა და 7 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის კუდსაცავის მშენებლობაა გათვალისწინებული. მძიმე ლითონებით  დაბინძურებული, ნახევრადთხევადი ნარჩენების შემგროვებელი კონსტრუქცია მდინარე შნოღის აუზშია. შნოღი დებედას ერთ-ერთი მთავარი შენაკადია, დებედა კი სომხეთიდან საქართველოში მოედინება და მდინარე ხრამს უერთდება. იმისათვის, რომ ხანაძორის ხეობის ამ ტერიტორიაზე კუდსაცავი აეშენებინათ, ტყის 7-კილომეტრიანი მასივი გაიჩეხა. ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად ხეობის ამ ნაწილის გათხრა სომხურმა კომპანიამ ორი წლის წინათ დაიწყო. თუმცა ტრანსასაზღვრო დაბინძურების რისკები მას დღემდე არ შეუსწავლია. „სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოპოვებითი სამუშაოები გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და ეკოსისტემის განადგურებას ხანაძორის ხეობაში. ტყის მასობრივი ჭრა კი გაზრდის მეწყერებისა და წყალდიდობების რისკს“, – ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი მანანა ქოჩლაძე. თუმცა, მისი თქმით, ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია კუდსაცავთან, რომელმაც მილიონობით ტონა ტოქსიკური ნარჩენი უნდა შეაკავოს. რადგან კუდსაცავის ნებისმიერი გაჟონვა შეუქცევად ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ საქართველოსაც, ტოქსიკური ნივთიერებები კი ტრანსასაზღვრო მდინარე დებედაში მოხვდება: „ყოველდღიურ საშიშროებას წარმოადგენს, როგორც მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ისე დროთა განმავლობაში კუდსაცავისა და ზედაპირის დაშრობის შედეგად ჰაერით ტოქსიკური ნივთიერებების გადატანა“. კუდსაცავში შენახული ნახევრადთხევადი ნარჩენები კი ისეთ მძიმე ლითონებს შეიცავს, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, მოლიბდენი. ამ ლითონებით დაბინძურებული მდინარით მორწყული ნიადაგიდან მძიმე ლითონები საკვებ ჯაჭვში გადადის და ონკოლოგიური და კანცეროგენული კერების საფრთხეს წარმოშობს.

შესაძლო ტრანსასაზღვრო რისკების განსახილველად „მწვანე ალტერნატივამ“ და სომხურმა თეგუტის ტყის დამცველმა ჯგუფმა ერევენში კონფერენცია მოაწყვეს და მასში როგორც სომხური, ასევე ქართული მთავრობების ჩართვასაც ეცადნენ, თუმცა, უშედეგოდ – არც ერთი სამინისტრო კონფერენციაზე არ გამოცხადებულა.
საქართველო დღემდე არ არის მიერთებული ესპოს კონვენციას „ტრანსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”, რის შემდეგაც სომხური მხარე ვალდებული იქნებოდა, პროექტის შესახებ ინფორმაცია საქართველოსთვის მოეწოდებინა. 5 ქართული და 25 სომხური არასამთავრობოების  მთავრობებისადმი მიმართვასაც დღემდე პასუხი არ მოჰყოლია.
გაზეთი “სპექტრი” იმ სოფლის პრობლემებს აშუქებს, რომელიც ერისიმედად შეიქმნა, დღეს კი ვაჭრობის საგანია. სხვა ბევრი საქართველოს სოფლის მსგავსად მასაც აწუხებს– უწყლობა, უგაზობა, აფთიაქის უქონლობა, სახლების წვიმიან სეზონში დატბორვა. მაგრამ  25 წლის წინათ ეკომიგრანტებით დასახლებული სოფლის გაუსაძლის ყოფას აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში არსებული პრობლემა ემატება. ამ თემას ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ, თუმცა, უშედეგოდ. საქმე იმაშია, რომ სოფლის ორი  ქუჩა, საძოვრები, სახნავ-სათესი ფართობები, აზრბაიჯანის მხარის აზრით, მათი ტერიტორიაა. მოსახლეობას კერძო საკუთრების, მიწის დაკანონება არ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მათი საცხოვრებელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ფიქრობს, თუმცა კომპენსაციის მიღების იმედი არ აქვთ, ნაწილს კი, ვისაც აქ ოჯახის წევრების საფლავები ეგულება, ამაზე ფიქრიც კი თავზარს სცემს. ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია  – მოგვმართონ, და თუ რამე პრობლემები აქვთ, მოვუგვარებთო – ასეთია სიღნაღის გამგეობის პირველი პირის კომენტარი. თუმცა, ჯერ კიდევ 2010 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეს სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენს.” ადგილობრივი მოსახლეობა ერთ საინტერესო ფაქტზე ამახვლებს ყურადღებას: სასაზღვრო მავთულხლართი შესაძლოა მართლაც შეცდომითაა გავლებული (აზერბაიჯანული მხარე სწორედ ამაზე აპელირებს, რომ სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე საზღვარი არასწორად, ცდომილებითაა გავლებული, თუმცა ამის მიზეზი, მდინარე ალაზნის კალაპოტის, აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ცვლილება შეიძლება იყოს), მაგრამ იქვე, ეგრეთ წოდებულ “მრგვალ ტბასთან”, ისინი 70-80 ჰექტარ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიით უპრობლემოდ სარგებლობენ – ერისიმედელებს ამ ფართობებამდე მისვლაში წყალი უშლით ხელს. რატომ ცდილობს აზერბაიჯანის მხარე თითო მეტრი მიწის დატოვებას და რატომ არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლებას ჰექტრობით ტერიტორიის შენარჩუნება და მათზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა? – ესაა შეწუხებული მოსახლეობის მთავარი კითხვა. ანალოგიურ კითხვას სვამს ექსპერტი მამუკა არეშიძე და კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს: აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარზე მდინარე სამურმაც შეიცვალა კალაპოტი, ოღონდ ამჯერად რუსეთის სასარგებლოდ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მედვედევის ბაქოში ვიზიტისას მოახერხა არა მხოლოდ ამ ტერიტორიის შენარჩუნება, ორი ლეკური სოფელიც კი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. საქართველოსაც მართებს იყოს პრინციპული ერისიმედისა და დავითგარეჯას საკითხთზებთან დაკავშირებით , _ ამბობს არეშიძე გაზეთთან საუბარში.

გაზეთი “რუსთავის ამბები” წერს, რომ რუსთავში თავისუფალი მიწის რესურსი აღარ დარჩა. წლების განმავლობაში ურბანული მიწების უკონტროლო გასხვისებს უკონტროლო პროცესმა ქალაქის ხელისუფლება დილემის წინაშე დააყენა: რუსთავის განაშენიანების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან თავისუფალი მიწის რესურსი აღარ არსებობს.  შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული  დღემდე ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე  ისე ინაწილებდნენ მიწებს,  თავს არ იწუხებდნენ ფიქრით, რომ ქალაქს აუცილებელი საჭიროებებისთვის ეს რესურსი დასჭირდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, მწვანე ზოლში მოქცეული ტერიტორიები, და ზოგ შემთხვევაში ავტობუსების გაჩერებებიც კი კერძო მფლობელობაში მოექცა. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ქალაქს დღემდე არ აქვს გენერალური განაშენიანების გეგმა. ახლა ამ გეგმის შექმნის შემთხვევაშიც კი პრობლემა დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება, რადგან  ქალაქს თავისუფალი მიწის რესურსი პრაქტიკულად აღარ გააჩნია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თელავში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად,დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად, ამისა, თელავში სასმელი წყლის დეფიციტია. მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ, 2 საათით მიეწოდება და სპეციალისტების დასკვნით, ისიც დაბინძურებულია.
როგორც თელავის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მდგომარეობა ბოლო 4 კვირის განმავლობაში გაუარესდა. მანამდე თელავს სასმელი წყალი კვირაში 3 -ჯერ მიეწოდებოდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის მენეჯერის ფარნა მაყაშვილის თქმით, სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკის შემცირება რეზერვუარებში წყლის დეფიციტმა გამოიწვია.
„ჩვენ წყალს თვითდინებით ვიღებთ, ტუმბოები არ გვაქვს. წყლის ოდენობა შემცირდა, რის გამოც იძულებული ნგავხდით, გრაფიკი 1 დღით შეგვემცირებინა. დაახლოებით 10 დღეში, ნალექების მომატების ხარჯზე, წყლის დონის მატებას ველოდებით“, – განაცხადა მაყაშვილმა.

მისივე თქმით, თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 2011 წელს 6 590 000 ლარი დაიხარჯება.
თელავში სასმელი წყლის დეფიციტთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი კი განმარტავს, რომ დეფიციტი კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. „არსებობს გეოლოგიური დასკვნები, რომლითაც დადასტურებულია, რომ სასმელი წყლის დეფიციტი ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია“, – აღნიშნა სიბაშვილმა.
გაზეთი “გურია ნიუსი” სოფლის მეურნეობის მინისტრის გურიაში სტუმრობას ფართოდ აშუქებს სტატიაში “წინასწარმეტყველი კვეზერელის ჯადოსნური ხილვა”, რომელსაც გაზეთის ვებ-გვერდზე წწწ.გურიანეწს.ცომ წაიკითხავთ.
გაზეთი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ უკრძალავენ ოზურგეთში საჯარო მოხელეებს, საჯარო სამსახურებს არა თუ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ კომენტარების გაკეთებასაც კი “გურია ნიუსთან”. ამის პარალელურად, თუ როგორ აიძულებენ საჯარო მოხელეები მათთვის სასურველი პრესის გამოწერას სკოლების თანამშრომლებს და ამისათვის თათბირებსაც კი მართავენ. “გურია ნიუსს” რამდენიმე სკოლის დირექტორის ჩანაწერიც აქვს, რომელშიც ისინი ჩოხატაურის რესურსცენტრში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მიერ ჩატარებულ თათბირზე გაცემულ დირექტივაზე საუბრობენ. მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს ასევე აიძულებენ 3-3 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის თესლი შეისყიდონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი