ახალი ამბებისაზოგადოება

აკრედიტაცია/ავტორიზაციის ახალი პირობები და სხვა ცვლილებები უმაღლეს განათლებაში

8 თებერვალი, 2016 • 2976
აკრედიტაცია/ავტორიზაციის ახალი პირობები და სხვა ცვლილებები უმაღლეს განათლებაში

რას ითვალისწინებს უმაღლესი განათლების კანონში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და სხვა რა შესაძლო ცვლილებებზე მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ნეტგაზეთთან ირინე დარჩია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს.

სანამ უშუალოდ უკვე მიღებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, როგორც ვიცით, პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხებზე მუშაობთ. მოგვიყევით, კონკრეტულად რას გეგმავთ?

ახლა მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ამ მიმართულებით. თუ აქამდე უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია 3 სტანდარტს ეყრნობოდა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 7 სტანდარტს დაეყრდნობა. ესენია: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; ბ) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; გ) საგანმანათლებლო პროგრამები; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; ე) სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; ვ) კვლევა, განვითარება და/ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; ზ) მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.“

ავტორიზაცია ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, პროცესი, რომლის შედეგადაც დასტურდება დაწესებულების მრავალპროფილური მზაობა იმისთვის, რომ ჰქონდეს მდგრადი განვითარების სტრატეგია და გრძლევადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს ხარისიხიანი განათლება. რაც არ უნდა პროფესორი გყავდეს და პროგრამა გქონდეს, მნიშნველოვანია უკეთესი დაგეგმარება, თანხების მიზანმიმართული გამოყენება სწავლებისა და კვლევის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აქამდე მოკლევადიანი პერსპექტივით ვიყავით შემოფარგლული და დოკუმენტაციის შემოწმებას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდით, ახლა გვჭირდება მეტი, განვითარების ახალ, უფრო საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ, როდესაც მეტი მნიშვნელობა ენიჭება შინაარსს. გადავდივართ შედეგების შეფასებაზე.

შეფასების პროცედურებიც იცვლება?

შეფასების პროცედურები იგივე რჩება.

პროგრამების აკრედიტაციის შემთხვევაში?

აკრედიტაციის შემთხვევაში სიახლეა ის, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე განხორციელდება. უკვე დაწყებულია დარგობრივი საბჭოების შემუშავების პროცესი. შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უნივერსიტეტებებიდან და კვლევითი დაწესებულებებიდან იმჯელებენ და შეთანხმდებიან, რა არის ის მინიმალური სტანდარტი ამა თუ იმ დარგში და რა შედეგებზე უნდა გავიდეს ესა თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რათა ქვეყანაში არსებობდეს ათვლის საერთო სისტემა. ანუ ყველა უნივერსიტეტი, რომლის პროგრამაც გაივლის აკრედიტაციას, საერთო მინიმალურ სტანდარტს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შინაარსობრივი, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. შემდეგ უკვე უნივერსიტეტებს შორის უნდა დაიწყოს კონკურენცია, ვინ გასცდება ამ მინიმალურ სტანდარტს.

აქამდე როგორ ფასდებოდა ეს პროგრამები?

აქამდე ფასდებოდა ეს პროგრამები ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით, რომ შედეგები შეესაბამებოდა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გარკვეულ დონეს. გვქონდა დარგობრივი მახასიათებლები მხოლოდ რეგულირებად პროფესიებში, შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ სიღრმეებში აკრედიტაციის პროცესი ნაკლებად ჩადიოდა. თუმცა ეს რომ გაგვეკეთებინა 5 წლის წინ, სისტემა ამისთვის არ იყო მზად. აკრედიტაციის იმ მოდელმა მოამზადა კარგი საფუძველი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, განვითარების ლოგიკური პროცესია ეს.

შესაბამისად, ამ ცვლილებებით, მინიჭების პროცესზე მეტი დრო და რესურსი დაიხარჯება.

კი და ეს მეტი გამოწვევაც არის.

რაც შეეხება პროგრამების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ვადებს, რომელიც 5-5 წლიანი იყო, ცვლილებებით 6 და 7 წლამდე იზრდება.

ვისაც უკვე გავლილი აქვს ავტორიზაცია და აკრედიტაცია, ახალი სტანდარტებით მაშინ მოუწევთ, როდესაც ვადა ამოეწურებათ. თუმცა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ყველა სასწავლებელს ერთი წლით გადაუვადდებათ ავტორიზაციის გავლა ყველას იმისთვის, რომ უკეთ მოემზადონ ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ახალმა მოთხოვნებმა და სტანდარტებმა რამდენად შეიძლება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარკვეული ნაწილის დახურვა გამოიწვიოს?

თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. პირველად რომ დაიწყო ავტორიზაციის პროცესი, მაშინ 200-დან 40-მდე შემცირდა უნივერსიტეტების რაოდენობა. შემდეგ გაამკაცრეს შიდა მოთხოვნები და განვითარდნენ, ამან გამოიწვია ის, რომ სასწავლებლების რაოდენობა ისევ გაიზარდა 75-მდე. მოთხოვნების გამკაცრება განვითარების პირდაპირპროპორციულია.

ჩვენ ასევე შემოვიტანეთ ატესტაციის ცნება, რომელიც ბევრმა გაიგო როგორც ტესტირება – პროფესორ მეცნიერების ტესტირება. ეს არის სიცრუე. პროფესორების და მეცნიერების გამოცდა და ტესტირება არ იგეგმება. იგეგმება ატესტაცია, რომელიც ნიშნავს პირის შესაბამისობის დადგენას დაკავებულ თანამდებობასთან. ის შეეხება სამეცნიერო კვლევითი ერთუელების სამეცნიერო პერსონალს.

როდესაც მოხდა უნივერსიტეტებთან მათი შეერთება, მეცნიერების ხელფასები გაიზარდა. 82%-ით გაიზარდა მეცნიერების დაფინანსება. და ამ თანამდებობას იკავებს. უნდა დაადატუროს, რომ შეესაბამება ამ თანამდებობას. ატესტაცია სრულ პროფესორებსა და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს შეეხება. ამასთან, სრული პროფესორი და მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი აირჩევა უვადოდ. იქამდე ისინი ვალდებული იყვნენ დროის გარკვეულ მონაკვეთში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ხელხლა გაევლოთ პროცედურები. ბევრი ისეთი მეცნიერი გვყავს, ეს პროცედურები – საბუთების შეგროვება და წარდგენა ყოველ ჯერზე უხერხულობას ქმნიდა.

ამ შემთხვევაში რომელ მეცნიერებს გულისხმობთ?

ვერავის დავასახელებ. მე თავად ფილოლოგი ვარ და შემიძლია დავასახელო ამ დარგში მომუშავე მეცნიერები, მაგალითად, რისმაგ გორდეზიანი და ელგუჯა ხინთბიძე. მე ვგრძნობდი უხერხულობას მათ მიმართ. ამ ადამიანებს აქვთ დამსახურება და 5 წელიწადში ერთხელ აგროვებდნენ საბუთებს და გასაუბრებაზე გადიოდნენ. ამიერიდან ისინი უვადოდ აირჩევიან.

მაშინ ატესტაციის მნიშვნელობა რა არის?

ატესტაცია საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ არ მოდუნდნენ ისინი და 5 წელში ერთხელ წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები და ა.შ. დაადასტურონ, რომ ქმნიან ღირებულს სამეცნიერო სფეროში და შეესაბამებიან თანამდებობას.

თუკი ეს სტატუსი არის მუდმივი, ატესტაციას რა დატვირთვა აქვს?

იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მან არ შექმნა ღირებული პროდუქტი მეცნიერებაში და არ იმსახურებს იყოს უვადო, მაშინ მისი საკითხი გადაიხედება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უნივერსიტეტი იყოს დაცული, რომ მისი თანამშრომელი წვლილს შეიტანს მეცნიერების განვითარებაში.

რა იცვლება ქვეყანაში უმაღლესი განათლების სფეროში უკვე მიღებული ცვლილებების პაკეტით?

მიღებული საკანონმდებელო ცვლილებების პაკეტის მიზანია ვითარების დარეგულირება სამი სხვადასხვა მიმართულებით: უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევითი კომპონენტების გაძლიერება, რაც დადებითად უნდა აისახოს სწავლის და განათლების ხარისხზე; ჰარმონიზაცია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან დ მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესება/მოდერნიზაცია.

ყველაზე მასშტაბური და ფუნდამენტური აღმოჩნდა ცვლილებები საუნივერსიტტეო ცხოვრებაში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების თვალსაზრისით, რომელიც შემთხვევეით არ შეგვიტანია. საჭიროებებმა განაპირობა ეს ცვლილებები. იმ სერიოზულმა პრობლემებმა, რომლებიც შეიქმნა სისტემაში. მოგეხსენებათ, 2010 წელს აბსოლუტური უმრავლესობა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების შეუერთდა უნივერსიტეტებს – თსუ, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა ამ შეერთებას ჰქონდა მექანიკური ხასიათი და ვერ მოხდა ამ ერთეულების პოტენციალის ინტეგრაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ისინი დარჩნენ გარიყულები მართვიდან, სწავლებიდან და კვლევიდან.

ცვლილებების შედეგად შემოვიდა მეცნიერის სტატუსი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათი აყვანა სამსახურში ხდება კონკურსის წესით, იმავე პროცედურებით, ოღონდ უნივერსიტეტის ფარგლებში.

მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში, ისინი ხდებიან აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები სავალდებულო წესით და იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო კვლევით ერთეულს საფაკულტეტო სტატუსი აქვთ, ისინი მონაწილეობენ ფაკულტეტის საბჭოს მუშაობაში. მათ შესაძლებლობა აქვთ ასევე მონაწილეობა მიიღონ სწავლების პროცესში, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესებში ჩართონ მაგისტრანტები და აღზარდონ დოქტორანტები და მეცნიერების მომავალი თაობა, მონაწილეობა მიიღონ სადისერტაციო საბჭოების მუშაობაში.

ასევე, მოხდეს სწავლებისა და კვლევის დაახლოება, – რაც არ ხდება საქართველოში. თუმცა, ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. მოგეხსენებათ, საქართველო არის ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრი 2005 წლიდან, მას აქვს ათი ძირითადი ამოცანა, რომლიდან ერთ-ერთი არის სწავლისა და კვლევის დაახლოება. ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით შევუერთდით ევროპულ ტენდენციას, რაც უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის განვითარების საფუძველია.

მეორე მიმართულება არის ერთიან ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაცია.

ეს ცვილილებები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას და ხარისხის განვითარებას უნივერსიტეტებში, და, მეორე მხრივ, ევროპასთან ჰარმონიზაციას. მაგრამ ჩვენ განვახორციელეთ სხვა ცვლილებებიც, შემოვიტანეთ ერთობლივი აკადემიური ხარისხის ცნებაც, რაც არის კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენმა უნივერსიტეტებმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი აკადემიური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ კვლევებს, და მიანიჭონ ამ ერთობლივი პროგრამის განხორციელების შემდგომ ერთობლივი ხარისხი. რაც ძალიან გაზრდის ჩვენი საგანმანათლებო სისტემის მიმართ ნდობას და პრესტიჟს, ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე საერთაშორისო მასშტაბით.

მესამე მიმართულება, ეს არის მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესება. გვაქვს პრინციპული სიახლე, 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამები და ის ბაკალავრები, რომლებიც ჩააბარებენ ამ პროგრამაზე. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფლების შემდეგ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებას უფრო მარტივად შეძლებენ. ამ მხრივ უფრო დიდი სიახლეები გველოდება 2017 წლიდან, როდესაც ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ხუთწლიანი ინტეგრირებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამები. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი აბარებს პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას და 5 წლის შემდეგ ის იღებს მაგისტრის დიპლომს და უფროსი მასწავლებლის სტატუსით შედის სკოლაში. მასწავლებლის მომზადების პროგრამაში საკმაოდ სუსტად გვქონდა წარმოდგენილი პრაქტიკის ელემენტი და ეს კომპონენტი არის ახლა სავალდებული ყველა ამ ტიპის პროგრამისთვის.

რომელი უნივერსიტეტები განახორციელებენ ამ პროგრამების სწავლებას?

რომელი უნივერსიტეტები განახორციელებენ ამ პროგრამებს, ჯერჯერობით უცნობია. ეს დამოკიდებულია იმ აკრედიტებულ პროგრამებზე, რომლებსაც უნივერსიტეტები გაივლიან.

ერთწლიანი პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი უნივერსიტეტები ცნობილი გახდება დაახლოებით აპრილში. დღეისათვის არის დაახლოებით 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს განათლების მიმართულებით პროგრამებს. მათი დიდი ნაწილი არის სახელმწიფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი