ახალი ამბები

რომელ საათებში არ განხორციელდება ფრენები თბილისის აეროპორტში

8 თებერვალი, 2016 • 1676
რომელ საათებში არ განხორციელდება ფრენები თბილისის აეროპორტში

სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ოფიციალური ინფორმაციით, ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში:

2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველდღე, 09:30 საათიდან 15:00 საათამდე და 2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველდღე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ცვლილება ფრენის განრიგში გაგრძელდება ოთხ თვეს.

“სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით და რეისები ძირითადად ღამით შესრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომლებიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას”, – წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

2015 წლის 28 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.

2005 წლის ხელშეკრულებით შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე.

“იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპოპრტში მგზავრთნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და, შესაბამისად, არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვაც”, – სამინისტროს განცხადებაში.

“იქნება დაახლოებით სამთვიანი შეზღუდვა დღის ფრენებზე, რაც ძალიან მტკივნეულია, თუმცა შემდგომ პერიოდში უკვე გვექნება კარგი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელშიც ინვესტირებას უკვე ახორციელებს ინვესტორი“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი