ახალი ამბები

პრეზიდენტი თოფაძის განცხადებაზე: ეს არის კამპანია “პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო”

4 თებერვალი, 2016 • 1192
პრეზიდენტი თოფაძის განცხადებაზე: ეს არის კამპანია “პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო”

გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” წამყვანის კითხვაზე, უნდა მივაწეროთ თუ არა საარჩევნი რეჟიმში ყოფნას გოგი თოფაძის გამოსვლა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს განცხადება არის ნაწილი კამპანიისა “პრეზიდენტს არ უყვარს თავისი სამშობლო”.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გოგი თოფაძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არ არის პირველი კამპანია მის წინააღმდეგ.

“კამპანია, რომელიც გუშინ დაიიწყო, კამპანია სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო, ამ ლოზუნგით დაწყებული ახალი კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ეს ხომ არ არის პირველი კამპანია. მე რომ გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა, რომ ქალების ციხეში ისხდნენ. როდესაც მე ვსაუბრობდი რაღაც სხვადასხვა საკითხებზე, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეკრული არის ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არ არის პირველი კამპანია. ახლა ახალი ლოზუნგით გვაქვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო. მე მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება ან მათი მიზეზის განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, არც ვუღრმავდები ხოლმე ამ საკითხებს. სამწუხარო არის ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის. ეს რაღაც პიარის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, იმიტომ, რომ სავარაუდოდ მე პოლიტიკურად, გუშინაც, მაგალითად, პარლამენტში გამოსვლისას, ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ, რეალურად, კრიტიკა ხომ არ ისმოდა,”– განაცხადა პრეზიდენტმა “მაესტროს” ეთერში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი არ აპირებს ამ კამპანიის წინააღმდეგ ზომების გატარებას და აღნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას ენდობა:

“არც კამპანიას “პრეზიდენტი ნაცია”, არც კამპანიას “პრეზიდენტს სძულს ქალები და მათი ჩასმა უნდა ციხეში”, არც კამპანიას “პრეზიდნეტს ფუფუნება უყვარს”, არ მოჰყოლია თავისი შედეგი ყოვეგლგვარი ჩემი ჩარევის გარეშე. მე არ მგონია, რომ ახლა ამ ახალ კამპანიასაც ექნება თავისი წარმატება. მე მარტივად, ასეთი კაპანიის პიარული განხილვის დროს ვენდობი ხოლმე ქართულ საზოგადოებას. ჯერ–ჯერობით, არც ერთ შემთხვევაში მე არ წამიგია,”– განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი